„ეს უდაოდ დისტანციური სწავლების დამსახურებაა“ – ონლაინ სწავლების დადებითი მხარეები
მშობლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, შვილის აქტიურობის დონისა და სწავლების ხარისხის კონტროლი, პედაგოგებისა და მათი მეთოდების შეფასება, მოსწავლეებში ტექნოლოგიებს ფლობის უნარ-ჩვევების ამაღლება, შვილის ყოველდღიურობისთვის თვალ-ყურის დევნება და მასში მონაწილეობა, მეტი მოტივაცია მასწავლებლისთვისაც და მოსწავლისთვისაც, ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება – ეს სია არასრულად ასახავს იმ დადებით მხარეებს, რაც სკოლის მოსწავლეების მშობლებმა დისტანციურ სწავლებას მოუძებნეს.
ონლაინ გაკვეთილები თავიდან ყველასთვის უცხო ხილი იყო და მას პედაგოგებიც, ბავშვებიცა და მშობლებიც უნდობლად უყურებდნენ. მოგვიანებით ალღო აუღეს, თუმცა, უმეტესწილად, მაინც მოვალეობის მოხდის საშუალებად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამით, უბრალოდ, სკოლაში მისვლამდე დრო უნდა „გადაეგორებინათ“. როდესაც პანდემიამ უკან არც შემოდგომაზე დაიხია და როდესაც ძლივს გახსნილი სკოლები ხელახლა განუსაზღვრელი დროით დაიხურა, ყველა მიხვდა, რომ დისტანციური სწავლება არსებულ რეალობად უნდა მიეღო და მისგან მაქსიმალური სარგებელიც გამოეწურა. შედეგად, ორივე მხარე – განათლების მიმწოდებელიცა და მიმღებიც საქმეს მეტი მობილიზებითა და მეტად დახვეწილი მეთოდებით შეუდგა. დროთა განმავლობაში კი ისიც კი გაირკვა, რომ დისტანციურ სწავლებას, მიუხედავად უამრავი კრიტიკისა, დადებითი მხარეებიც შეიძლება ჰქონდეს და არსებობენ კიდეც მშობლები, რომლებიც ამ მეთოდს, გარკვეული კუთხით, ტრადიციული მეთოდთან შედარებით, უკეთესადაც კი მიიჩნევენ.
თამუნა ბურჭულაძის შვილი მეხუთე კლასელია. ის EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ როდესაც არჩევანის საშუალება არსებობდა, მისი შვილი სკოლაში დადიოდა. ბუნებრივია, ურჩევნია ისევ სკოლაში იაროს, მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, თამუნამ ონლაინ გაკვეთილებშიც არაერთი რამ დაინახა ისეთი, რაც მოსწონს. თუნდაც ის, რომ მისი შვილი მთელი დღე სახლშია და აქედან დროის დიდი ნაწილი გაკვეთილებითა და დავალებების კეთებით აქვს შევსებული.
„მყავს მეხუთე კლასელი გოგონა, რომელიც არ არის ის ტიპი, რომ საღამოობით ჩამოგიჯდეს და მოგიყვეს როგორ ჩაიარა მისმა დღემ. მოგიჭრის: „ყველაფერი კარგად იყო“ და მიდი და არკვიე, სინამდვილეში როგორ იყო. აღმოჩნდა, რომ გაკვეთილში ჩართულია და საკმაოდ აქტიურიც, რაც ძალიან მიკვირს. არ მეგონა ასეთი თუ იყო, მისი სხვა მხარე დავინახე. არც დავალებებში ვარ დიდად ჩახედული, იმიტომ რომ დილით გავდივარ და საღამოს შემოვდივარ. დაძინებამდე მხოლოდ ვახშმისა და ჩახუტების დროღა გვრჩება.
„მე დილის 10-საათამდე სახლში ვარ და ამ სემესტრში მხოლოდ პირველ გაკვეთილს „ვესწრები.“ რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ იქვე ვზივარ და ვისმენ. სამსახურში წასასვლელად ვემზადები, მაგრამ თან გაკვეთილის მიმდინარეობაც მესმის. გაზაფხულზე მეც სახლში მომიწია ყოფნა და გაკვეთილები მთელს სახლში ისმოდა. სრულიად აღფრთოვანებული ვარ რამდენიმე მასწავლებლით. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ საინტერესო დავალებები აქვთ და ინტერესით აკეთებს კიდეც. ის რომ კომპიუტერი ისწავლა – ფოლდერების გახსნა, ჩაწერა, დახარისხება, თავისთავად კარგია. დამოუკიდებლობა არც აქამდე აკლდა და ახლა თავისთვის საკვების მომზადებაც დახვეწა. „სახლი აკლდა“ და მადლობა პანდემიას – მეთქი როგორ ვთქვა, მაგრამ მოსწონს სახლში ყოფნაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სკოლა ენატრება“, – ამბობს თამუნა.
ჩვენს შემდეგ რესპონდენტს სამი შვილი ჰყავს – უფროსი მესამე კლასშია, პატარა ტყუპები კი ორი წლის ხდებიან. როგორც გვიყვება, ყოველთვის განიცდიდა რომ უმცროსი შვლების გამო უფროსს ყურადღება აკლდებოდა. მაგალითად, ვერ ახერხებდა სკოლაში ხშირად მისვლას, მისი ამბის მოკითხვას, მასწავლებლების ნახვას და მათთან გასაუბრებას. მისი მეგობრების, მათი მშობლების გაცნობას და მათთან ერთად თუნდაც დასვენების დღეების გატარებას, სადმე გაყოლას და ა.შ.
„ამის გამო ვხვდებოდი, რომ ჩემი შვილიც ცოტა გარიყულად გრძნობდა თავს. მასწავლებლებს ტელეფონისა და მესინჯერის საშუალებით კი ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ხომ ხვდებით, ასე ძალიან ცოტა, მშრალი ინფორმაციის მიღება შეგიძლია – როგორ იქცევა ბავშვი გაკვეთილებზე, რა ნიშნები ჰყავს და ა.შ. იმაზე კი თუ რა სირთულეებს აწყდება ყოველდღიურად, რომელიმე კლასელთან, ან მასწავლებელთან რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს, როგორია მისი დღე, მისი ემოციები, ვერაფერს ვიგებდი. არ ვიცი სხვა ბავშვები როგორ არიან, მაგრამ ჩემს შვილს ყველაფრის მოყოლა და განცდების გაზიარება არ უყვარს.
„რაც ონლაინ გაკვეთილები დაიწყო, მას მერე შეგრძნება მაქვს, რომ მეც ჩემი შვილის ცხოვრების ნაწილი გავხდი. მის საგაკვეთილო პროცესში ყოველ დღე ჩართული ვარ. მესმის როგორ იქცევა ის პედაგოგებთან, კლასელებთან, რამდენად თავისუფალი, გახსნილი და ლაღი ურთიერთობები აქვთ და ა.შ. რთულიცაა, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მე გვერდზე ოთახში ორი ცელქი ტყუპის გაკავებას ვცდილობ, ხელი რომ არ შეუშალონ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ესაა კორონავირუსის დადებითი მხარე.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი მესამეკლასელი შვილი უკვე ჩემზე უკეთ ფლობს ინტერნეტსა და საოფისე პროგრამებს. თავისუფლად შეუძლია დავალებისთვის დამხმარე მასალა მოძებნოს ინტერნეტში, ვიკიპედიაში, ჩამოტვირთოს, თავისი დავალება ფოტოებითა და სხვა ვიზუალური საშუალებებით გაამრავალფეროვნოს, იმუშაოს ვორდში, მასწავლებელს ნამუშევარი ელექტრონულად გაუგზავნოს და ა.შ. ეს უდაოდ დისტანციური სწავლების დამსახურებაა.“
მარიამ ქსოვრელის შვილი პირველკლასელია. თავდაპირველად, როდესაც მარიამმა და მისმა შვილმა გაიგეს, რომ სკოლის დაწყება სკოლაში მიუსვლელად მოუწევდათ, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი სხვანაირად წარმოედგინათ. თუმცა, დროთა განმავლობაში, დისტანციურ მეცადინეობაში მარიამმაც დაინახა დადებითი კუთხეები.
„ჩემი დაკვირვებით, ასეთ გაკვეთილებს ნამდვილად აქვთ გარკვეული უპირატესობები. მაგალითად ის, რომ ბავშვები მასწავლებელს მეტი ყურადღებით უსმენენ, გონებას ნაკლები რამ უფანტავთ, მეტად მობილიზებულები არიან. კონცენტრირებაში გარემო, თუნდაც ერთმანეთთან კონტაქტი, საუბარი, ფაქტობრივად, არ უშლით ხელს. ბავშვების უმეტესობა თითოეულ გაკვეთილში აქტიურად მონაწილეობს. მშობელი, ოჯახის წევრი უშუალოდ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და ეს, პირველ რიგში, ბავშვისთვისაა მოტივატორი.
„იგივენაირად, ეს მოტივაციის მიმცემი და ორმაგად საპასუხისმგებლოა მასწავლებლისთვისაც. ვფიქრობ, რომ მასწავლებელიც უფრო მონდომებული და მობილიზებულია, რადგან იცის, მისი გაკვეთილი, შესაძლოა, მშობლებსაც ესმოდეთ. ჩვენს დროს მასწავლებლები გაკვეთილზე თავს ჩათვლემის უფლებასაც კი აძლევდნენ. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მშობლები, ფაქტობრივად, შვილების თითოეულ გაკვეთილს ესწრებიან, პედაგოგებს უფრო მონდომებულებს ხდის, მეტად ემზადებიან.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაკლებია ბავშვების ბულინგი როგორც მასწავლებლის მხრიდან, ისე კლასელებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ კლასებს ეხება“, – მიიჩნევს მარიამი.
EDU.ARIS.GE კიდევ არაერთ მშობელს ესაუბრა.
ნინო გუგეშაშვილი: „ონლაინ გაკვეთილები რომ არა, კიდევ რამდენიმე წელი გადავყრიდი ფულს კერძო სკოლაში. საჯაროში გადავიყვანე და შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ძალიან კმაყოფილი ვარ. კერძო სკოლაში ონლაინ სწავლებაზე რომ გადავიდნენ, მაშინ დაიწყო სრული კოშმარი. პირველ კლასში, თითქმის ყოველდღიურად, 5 გაკვეთილი ჰქონდათ. ბავშვი გადაღლილი იყო. თან არ არის ისეთი აქტიური, სიტუაციას მარტივად რომ აჰყოლოდა. მასწავლებელი რომ დაუძახებდა გააგრძელე კითხვაო, ეს მაშინ ეძებდა წიგნს და რა თქმა უნდა, ლოდინს არავინ დაუწყებდა. მასწავლებლებისთვის რომ გეკითხათ, პირველ კლასში მათემატიკა 100-ის ფარგლებში ისწავლეს ძალიან კარგად, ინგლისური- ბრწყინვალედ, ქართულში – ორი კლასის მასალა და ასე შემდეგ. რეალურად ვიღაცამ შეიძლება მართლა ისწავლა, მაგრამ ჩემი შვილი მეორე კლასში რომ მივიდა (საჯარო სკოლაში), პროგრამა ძალიან გაურთულდა. ანგარიში 20-ის ფარგლებშიც არ ახსოვდა და წესიერად კითხვაც არ იცოდა. ფინანსურ შეღავათზე აღარაფერს ვიტყვი.
„მოკლედ, გადმოვიყვანე საჯაროში, ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად სწავლობენ, პროცესი მაინც ძალიან კარგად მიდის. დღეში 3 გაკვეთილი აქვთ და ფოკუსირებას ძირითადად საგნებზე ახდენენ. ანუ, მაგალითად, ონლაინ სპორტის ნაცვლად, მათემატიკა ტარდება. პროგრამას გადიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ისე, რომ ყველა ბავშვი მაქსიმალურად ჩართული იყოს. ეს სკოლა საპილოტე პროგრამაშია ჩართული და ძალიან კარგი წიგნები აქვთ. კომპლექსურ დავალებებს აძლევენ, რაც გულისხმობს მცირე პრეზენტაციის გაკეთებას, რაღაც კონკრეტული ნაწარმოების საკუთარი ინტერპრეტაციით გაგრძელებას, ან კონკრეტულ თემაზე კომიქსის აწყობას. მშობლის ჩართულობაც საჭიროა მეტნაკლებად და ეს, რა თქმა უნდა, არ არის კომფორტული მათთვის, ვინც მუშაობს, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ამ ორ თვეში ბავშვმა უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე შარშან“.
ნატო ცისკარიშვილი: „თუ თქვენც სახლში ხართ და გესმით გაკვეთილის ხმა, შესაძლებლობა გაქვთ მასწავლებლის ახსნის მეთოდს დააკვირდეთ. არა გადმოცემით, არამედ პირდაპირ თქვენ შეაფასოთ მისი ავკარგიანობა, ბავშვების მიმართ მისი ყურადღება, შენიშვნის ფორმები და ა.შ. ასევე, შესაძლობლობა გეძლევათ შეადაროთ თქვენი შვილის ცოდნის და ზოგადად განვითარების დონე მისი კლასელებისას. ამას კარგად მიხვდებით, თუ მასწავლებელი გაკვეთილზე გამოკითხვასაც ატარებს და მარტო მონოლოგით არ შემოიფარგლება. ისე, სკოლას მაინც არაფერი სჯობს.“
ხატია ბერუაშვილი: „ჩემ შვილს უფლება მისცეს დავალებები ბეჭდოს და ხელით აღარ წეროს, რითაც ძალიან ბედნიერია. ამ თაობას ისედაც არ უჭირს ტექნოლოგიების ფლობა, მაგრამ ვორდს, ექსელს, ფაუერ ფოინთს პრაქტიკაში უფრო ხშირად იყენებენ. ჩემსას, მაგალითად, ხელით წერა სასტიკად ეზარება და ცდილობდა ხოლმე წერითი დავალებები ზერელედ შეესრულებინა. ახლა კი ჩვეულებრივად აკეთებს.“
თამარი: „წარმოდგენა არ მქონდა, როგორი მასწავლებელი ჰყავთ, როგორ ასწავლის, როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, ან თვითონ როგორ იქცევიან გაკვეთილზე, სხვა ბავშვებთან შედარებით ნაკლებად აქტიურობენ, მეტად, თუ იგივენაირად. ჰოდა, ეს ყველაფერი გავიგე. იმდენად მოცუცქნულ ბინაში ვცხოვრობთ, ამ ყველაფერს თვალი რომ არ ვადევნო, გამოდის სახლიდან უნდა წავიდე”.
ვიკა შარია: რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სწავლება მირჩევნია, ბავშვს ძალიან უყვარს და ენატრება თავის სკოლა, კლასი, პედაგოგები. ონლაინ, ასე თუ ისე, ნორმალურად არის აწყობილი, მაგრამ კერძო სკოლაში დადის და წესით ცურვა, რაგბი, ცეკვა უნდა უტარდებოდეს. ერთადერთი ის მახარებს, რომ ვიცი რას ვაჭმევ ჩემს შვილს.
ნინო: „სასწავლო პროცესზე დაკვირვება – ესაა ჩემთვისაც ყველაზე პოზიტიური. ზოგი მასწავლებელი მომეწონა, ზოგთან შენიშვნები მქონდა და ზუმში მივწერე, გავარკვიე. ონლაინ გაკვეთილის გარეშე ამის შანსი არ მექნებოდა, რადგან ჩემი შვილისგან ვერაფერს გაიგებ. შედარება არ შეიძლება ჩვენი დროის მიდგომების დღევანდელთან. სხვა სკოლები არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენთან მაქსიმალურად ჰუმანური და ბავშვზე მორგებული სასწავლო პროცესია წახალისებისა და შექების ხარჯზე, მოტივაციის ამაღლებით. ამან ძალიან გამახარა. ზოგი გაკვეთილი ისე საინტერესოდ მიდის, მეც ვუსმენ ხოლმე. მაინც კარგია, რომ იცი ვინ ასწავლის შენს შვილებს. ისე მხოლოდ დამრიგებლებს ხვდები, სხვებზე კი წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყვნენ.”
ქრისტინე ნოსელიძე: „გავიცანი მასწავლებლები, სწავლების მეთოდები და მიდგომები. ვაკვირდები ჩემი შვილის ურთიერთობას მეგობრებთან და მასწავლებლებთან, რაც ძალიან მაინტერესებდა.“
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება