„ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა”,- რა ხარვეზებს ხედავენ მეცნიერების სტატუსის განსაზღვრაში
მეცნიერის სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მკვეთრად განისაზღვრა. შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა. კონკრეტულად, ცვლილებებით, სამეცნიერო კვლევითი ერთეულებს, უნივერსიტეტების სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობასა და მართვაში მონაწილეობის მიღება სრულფასოვნად შეეძლებათ.
თავად მეცნიერ-მუშაკები სიახლეს პოზიტიურად აფასებენ. მათი განცხადებით, მსგავსი მიდგომებით, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ქვეყნის აქამდე გამოუყენებელი სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება მოხდება. როგორც Aris.ge – განათლებას პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ებრალიძემ განუცხადა, შესაბამის ცვლილებამდე კანონი ცნებას: მეცნიერი -უნივერსიტეტის ფარგლებში არ ცნობდა და შესაბამისად, მეცნიერი იურიდიულად დამხმარე პერსონალის კატეგორიაში გადიოდა. ასეთი შეზღუდვის გამო კი, მეცნიერები უნივერსიტეტის მართვაში ვერ მონაწილეობდნენ და სასწავლო პროცესში მკვლევართა მონაწილეობაც შეზღუდული იყო.
„ცვლილებათა პაკეტი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრას ითვალისწინებს, რომელიც 2010 წელს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან მექანიკურად შეერთებით წარმოიშვა. ცვლილებების მიხედვით, კანონში განისაზღვრა ცნება მეცნიერი, რაც მეცნიერებს სტატუსს აღუდგენს. კანონში შემოვიდა ცნებები: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და მეცნიერ თანამშრომელი. განისასაზღვრა მათი მონაწილეობა საუნივერსიტეტო მართვასა და სასწავლო პროცესში, ეს კვლევითი ინსტიტუტებისათვის და იქ დასაქმებული სამეცნიერო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მისასალმებელია ის, რომ მოხდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რაც საშუალებას მოგცემს ინსტუტუტებს მეცნიერთა კვალიფიკაციის დონე შევაფასოთ და მათი დასაქმება კვალიფიკაციის შესაბამისად მოხდეს. ჩვენ გვყავდა ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სამეცნიერო კვლევითი მუშაობით, მაგრამ ამას ოფიციალური სახე არ ჰქონდა. ანუ მეცნიერთან თამშრომელს არ შეეძლო ხელმძღვანელი ყოფილი. მისი სამუშაოს გარკვეული ნაწილი მხოლოდ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სრულდებოდა, რაც დიდი ხარვეზი იყო“,-განაცხადა ქეთევან ებრალიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებას ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვახტანგ კვარაცხელია.
„საკანონმდებლო ცვლილებებით სტუდენტს კვლევით ინსტიტუტში არამარტო სადოქტორო არამედ, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების შესრულება შეუძლია. კარგია, რომ კანონში შევიდა სიცხადე. იურიდიულ მიმართებებში ეს ტერმინი მეცნიერებისთვის მეტ უფლებებს ამკვიდრებს. მე უკვე ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აყვანა შემიძლია და ამისთვის გზაც არსებობს. უნდა მივიღო მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში დავწერო პროგრამა, შევთავაზო ახალგაზრდობას და სრული უფლება მაქვს ვუხელმძღვანელო. აქამდე კლევით ინსტიტუტებს საშუალება არ ჰქონდათ სასწავლო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო არაფერი გაგვეკეთებინა და ყველაფერი თვით დინებამდე მიგვეშვა, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგვიტანდა. კვლვით ინსტიტუტებში ინტელექტალური ფონდია დაცული და მისი არგამოყენება არის დანაშაული“-განაცხადა ვახტანგ კვარაცხელიამ.
კანონის ამ ფორმით მიღების წინააღმდეგი იყო თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა. პაპავა Aris.ge – განათლებას კანონის დადებით ასპექტებთან ერთად ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონპროექტში შესული გარკვეული ცვლილებები ბუნდოვანია.
თსუ-ის რექტორი საკანონმდებლო ცვლილების დადებით ასპექტად მეცნიერის სტატუსის განსაზღვრას ასახელებს, თუმცა აქვს შენიშვნებიც.
„თსუ იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პოსტ-დოქტორანტურის ინსტიტუტი შექმნა. პირველი მიღება 2014 წლის დასაწყისში განვახორციელეთ. წელს გვქონდა მეორე მიღება დაგეგმილი, მაგრამ ვერ განვახორციელეთ, რადგან ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით პოსტ-დოქტორანტების შერჩევა სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ უნდა განახორციელოს. აქამდე ამ ფუნქციას უნივერსიტეტების ფაკულტეტები ახორციელებდნენ. გამოვიდა, რომ უნივერსიტეტს აეკრძალა პოსტ დოქტორანტურა ჰქონდეს. უფრო მეტიც, თუ უნივერსიტეტს არ აქვს სამეცნიერო ინსტიტუტი ბუნებრივია, ვერც პოსტდოქტორანტს ვერ შეარჩევს. მაგალითად თსუ-ს რამდენიმე წლის წინ მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტი შემოუერთდა, მაგრამ მათ შორის არაა ბიოლოგიის ინსტიტუტი. უნივერსიტეტში გვაქვს ძლიერი ბიოლოგიური სკოლა, უნივერსიტეტში ხდება სადოქტორო დისერტაციის დაცვა ბიოლოგიაში, მაგრამ პოსტდოქტორანტს ბიოლოგიაში ვეღარ ავიყვანთ. ეს ცვლილება ცუდია სხვაუნივერსიტეებისთვისაც, ვისაც დოქტორანტურა აქვს, მაგრამ პოსტოქტორანტურა ვერ ექნება, რადგან ინსტიტუტები არ აქვთ,“-განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
თსუ-ს რექტორი ამბობს, რომ კანონში რამდენიმე გაუგებარი ჩანაწერია. ის ცვლილების კიდევ ერთ ასპექტს არ ეთანხმება.
„ადამიანი, რომელიცპროფესორის თანამდებობაზე აირჩევა, ის თავიდანვე მუდმივი პროფესორი იქნება და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ატესტაციას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი კადრის მოსვლის შესაძლებლობა უნივერსიტეტში არ იქნება. პროფესორი თუ აკმაყოფილებს ატესტაციის სტანდარტს, ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, გადალახავს ატესტაციას და გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო თუ არსებობს ვინმე სხვა, გამორჩეული მკვლევარი, თუნდაც საზღვარგარეთ დასაქმებული ჩვენი თანამემამულე, რომელიც ამ ატესტაციის სტანდარტს დააკმაყილებს, მას უნივერსიტეტი ვეღარც მოიწვევს, რადგან ვაკანსია არ გვექნება. გამოდის, რომ კადრების გაუმჯობესება, გაახალგაზრდავება ვერ მოხდება. ეს არის არასწორი ჩანაწერი. შესაბამისად, თუ ვინ უნდა იყოს მუდმივი პროფესორი და ვინ კონკურსის წესით არჩეული, ამის უფლება უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს და კანონმა მკაცრი ჩარჩო არ უნდა დააწესოს. ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა,“-განუცხადა Aris.ge – განათლებას ვლადიმერ პაპავამ.
განათლების სამინისტროში კანონთან დაკავშირებით თსუ-ს რექტორის პოზიციას იცნობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ცვლილებები როგორც ერთიან დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, ისე სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებაა. როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე Aris.ge – განათლებასთან აღნიშნავს, კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
„საკანონმდებლო ცვლილებების ის პაკეტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით შევიდა პარლამენტში შეთანხმებული იყო ყველა მხარესთან და მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი ლადო პაპავა უკმაყოფილია კანონის იმ ვერსიის ცალკეული დეტალებით, რომლებიც პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული,“-განუცხადა Aris.ge – განათლებას თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრის განცხადებითვე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების გათვალისწინებას და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ ანალოგებთან, რისი ვალდებულებაც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც.
„სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესებში, თვითკვლევითი კომპონენტის განხორციელების პროცესშიც კი, ძალიან შეზღუდული იყო, ამ მიზეზით მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება არხდებოდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა სამეცნიერო თანამდებობები. გარდა ამისა, შეიქმნა საკანონმდებლო საფუძვლები იმისთვის, რომ დამოუკიდებლად არსებული სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები და მათი სამეცნიერო პერსონალიც ჩაერთოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტის განხორციელების პროცესში,“-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორც ჩანს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, რიგი ხარვეზები აღმოიფხვრა, თუმცა რჩება ასპექტები, რაც უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებისთვის ბუნდოვანია.
Aris.ge-განათლება შემდეგ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ საკანონმდებლო ცვლილების იმ ასპექტებზე, რომლის თანახმადაც, თუ აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, მთავარ მეცნიერ-მუშაკებს აქვს პრეტენზია მიიღოს უვადო კონტრაქტი, უნდა გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, მისი ვერგადალახვის შემთხვევაში კი, მას, სავარაუდოდ, ხელშეკრულება უწყდება. გარდა ამისა, შერჩეულ მეცნიერმუშაკს უფლება ენიჭება, უმაღლსი სასწავლებლის აკადემიურ საბჭოში წევრის სტატუსი მიიღოს, ამ უკანასკნელს უნივერსიტეტების ადმინისტრაციების ნაწილი არ ეთანხმება.
ორნახევარჯერ გაზრდილი ხელფასი და მეცნიერების განვითარებისთვის დაგეგმილი სიახლეები
მოამზადა თამთა ასანიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება