ორნახევარჯერ გაზრდილი ხელფასი და მეცნიერების განვითარებისთვის დაგეგმილი სიახლეები
მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ. 2,5-ჯერ მატება იანვრის თვიდან განხორციელდა. გაზრდილ სახელფასო პოლიტიკასა და მეცნიერების აღდგენა/განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა.
თამარ სანიკიძის განცხადებით, წლების მანძილზე მეცნიერების სფეროს მწირი დაფინანსება და მეცნიერების მიზერული ანაზღაურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ წლების შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად გაზრდის მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო კვლევების რაოდენობას, მათ ხარისხს და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვას ამ სფეროში.
„2013 წლიდან დავიწყეთ არსებული მდგომარეობის შეფასება. ეს შეფასება ჩატარდა სხვადასხვა კუთხით. ჩატარდა თვითონ კვლევითი დაწესებულებების შეფასება, დადგინდა მათ მიერ შესასრულებელი ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დასაბუთდა რა თქმა უნდა მეცნიერულად. პროგრამების რეფერირება–ექსპერტიზა მოხდა საზღვარგარეთ და დღეისთვის ჩვენ მივიღეთ ის გრძელვადიანი სამოქმედო–სამეცნიერო გეგმები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უკვე ვზრდით დაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაფინანსების ფარგლებში ვაწესრიგებთ მეცნიერ–თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკიას. ზოგადად, ასეთი მიდგომა ყალიბდება, რაც მისასალმებელია. ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა სანიკიძემ
თავად მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მატების მიუხედავად ეს თანხა მაინც არ არის საკმარისი, თუმცა პროცესის დაწყებით კმაყოფილები არიან.
”ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყინული დაიძრა. აქამდე მეცნიერთა ხელფასები არავის აინტერესებდა, მართალია, ახლა ორნახევარჯერ გაიზარდა, მაგრამ იმდენად მცირე იყო აქამდე, რომ ეს თანხაც არ არის საკმარისი. თუმცა მივიღეთ პირობა, რომ ხელფასები კვლავ მოიმატებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად იზრდება მეცნიერების სფეროს დაფინანსება. საშუალება გვექნება ინფრასტრუქტურის განახლების. იქიდან გამომდინარე რომ თანამედროვე აპარატურა ძალიან ძვირია, შესაძლებელია საერთო მოხმარების ბაზაც შეიქმნას. მინისტრმა ამ საკითხშიც აღგვითქვა დახმარება”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში არაორგანული ქიმიისა და ელექტრო ქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა გრიგოლ ტატიშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პირველად საქართველოში, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევების აქტუალობა, სამეცნიერო პუბლიკაციები, ციტირების ინდექსი, პატენტები, პროექტები, გრანტები, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა კრიტერიუმები. შედეგად:
- განისაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები;
- მოწესრიგდა სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირთა სახელფასო პოლიტიკა;
- მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 %-ით გაიზარდა, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერის პრესტიჟის ამაღლებას და შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვას/ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში;
- დაიგეგმა სამეცნიერო საქმიანობის შეფასების ადეკვატური სისტემა, რომლის არარსებობა მნიშვნელოვნად აფერხებდა სისტემის განვითარებას.
”ვფიქრობ, რომ დაიწყო ახალი სერიოზული პროგრამა, რომელიც გულისხმობს კვლევითი ინსტიტუტების დაბრუნებას სამეცნიერო სივრცეში, მეცნიერების კვლევების დაფინასებას, როგორც უწინ იყო. რეალურად, აკადემიის ყოფილმა ინსტიტუტებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა დაიწყეს მოძრაობა იმ მიმართულებით და გახდნენ სრულფასოვანი წევრები სამეცნიერო პროცესებისა, რაც ბოლო წლებში სამწუხაროდ ასე არ იყო,”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა – გია ჯაფარიძემ.
საქართველოში მეცნიერების განვითარების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების, სამეცნიერო კვლევებისთვის პირობების შექმნის, ახალგაზრდა სამეცნიერო პერსონალის მომზადების, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამომავლოდ სამინისტრო შემდეგ აქტივობებს გეგმავს:
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების სტატუსისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ატესტაციების ჩატარება და სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის წესით მეცნიერ-თანამშრომლების არჩევა;
- თითოეულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესაძლებლობების შეფასება ეკონომიკური საინოვაციო განვითარების და ასევე, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით (დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან მუშაობა);
ეკა არის© წივწივაძე
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება