„ეს წელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვისაც გამოწვევა იყო“ – რას ამბობენ ათეულის წევრები და რა სიახლეებს გვიმზადებენ ორგანიზატორები
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
მსოფლიოში გავრცელებულმა კორონა ვირუსის პანდემიამ ბევრ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაზე მოახდინა გავლენა და საჭირო გახდა აქამდე არსებული წესებისა და გეგმების შეცვლა. არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოში 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი არ შეჩერებულა. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის განცხადებით, კონკურსის ჟიურისთვის გადაწყვეტილების მიღება ყოველწლიურად რთულდება, რადგან ძალიან მაღალი დონის აპლიკანტები მონაწილეობენ. მომავალი წლისთვის კონკურის მიმდინარეობაში გარკევული სიახლეების დანერგვა იგეგმება.
„წლევანდელი წელი ჩვენთვისაც იყო გამოწვევა კორონავირუსის პანდემიისგან და შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს მასწავლებლებმა. ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი ბავშვებთან ერთად და მოკლე დროში მოუწიათ ადაპტაციის გავლა. ამის შემყურე, ბუნებრივია, სხვა გზა არ გვქონდა, რომ მობილიზება არ მოგვეხდინა და მათთვის ეს ზეიმი ჩაგვეშალა. ამ კონკურსში სტაბილურად 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს ხოლმე, წლევანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ გაცილებით რთულდება ჟიურისთვის გადაწყვეტილების მიღება. ამ წელმა ასევე გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სიახლეებზე და 2021 წელს დავბრუნდეთ ახალი კამპანიით და სიახლეებით როგორც კამპანიის ასევე პროცედურის კუთხით. წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან საინტერესო აპლიკანტები იყვნენ და მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის ტიტულის მქონე პედაგოგები აცხადებენ, რომ კონკურსი მასწავლებლის პოპულარიზაციაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს და ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მომავალში ეს პროფესია აირჩიონ. EDU.ARIS.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი ანა კინწურაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა მისთვის ძალიან ემოციური იყო და შეეცდება რომ სამომავლოდ საკუთარი პროექტები და აქტივობები კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.
„6 წელია მასწავლებელი ვარ, მათემატიკის კლუბს ვხელმძღვანელობ სკოლაში. ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ შთაბეჭდილებებიდან, მოულოდნელი იყო, რომ ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში მივაღწიე წარმატებას. ისეთი მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ჩემთვის მისაბაძები არიან და მე მათ ვუჭერდი მხარს. ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ყველანაირად ვეცდები, რომ ეს წარმატება სასიკეთოდ გამოვიყენო და ის პროექტები და აქტივობები, რასაც ვგეგმავდი ჩემს მოსწავლეებთან ერთად უფრო ფართომასშტაბიანი გავხადო. ვეცდები ყველანაირად, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო პოპულარული გავხადო და ამაში მივიღო აქტიური მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს“,- ამბობს ანა კინწურაშვილი.
რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ფორჩხიძე, 2019 წელს მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი გახდა, 2020 წელის კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრის სტატუსი მიიღო.
„ეს აღიარება მოსალოდნელიც იყო და თან მოულოდნელიც, სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად, უზომოდ გახარებული ვარ. როგორც პედაგოგი სწავლების პროცესში უპირატესობას ვანიჭებ ინოვაციურ მიდგომებს, მაგალითად როგორიცაა: მინი სპექტაკლები, კლუბები, საზაფხულო სკოლა და ა.შ. ჯერ კიდევ 2019 წელს გავხდი ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი, ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდების დიდ ნაწილს მასწავლებლობა აღარ უნდათ, მათ და ჩემს მოსწავლეებს მინდა მივცე მაგალითი, რომ ეს პროფესია ძალიან კარგია და წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მასწავლებლებსაც ნაკლები სურვილი აქვთ ხოლმე რატომღაც კონკურსებში ჩართვის, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის ზესტაფონშიც. ზოგადად, ძალიან კარგი მასწავლებელები გვყავს საქართველოში და ვფიქრობ, რომ მსგავსი კონკურსები პოპულარიზაციას უწევს ჩვენს პროფესიას “, – აცხდებს მარინე ფორჩხიძე.
2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლად იყო დასახელებული ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი, ის ამბობს, რომ 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა მისთვის კიდევ ერთი დიდი სტიმულია.
„ემოციების ქვეშ ვარ და ძალიან გახარებული, იმიტომ რომ, ჩემი შრომა და გარჯა, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვეწევი, აღიარებული და შეფასებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის და ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იქნება ჩემთვის. მე წლის საუკეთესო მასწავლებლად ვიყავი აღიარებული 2019 წელს გეოგრაფიაში და ამის შემდეგ ფაქტიურად არ გავჩერებულვარ, სწორედ ამან მომცა სტიმული, რომ ეროვნული ჯილდოზე გამეკეთებინა განაცხადი და ასე ნელ-ნელა, ეტაპობრივად აღმოვჩნდი ამ ჯგუფში. პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ათეულის დასახელება, წინასწარ არაფერი არ ვიცოდით, ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვიყავი. პირველ რიგში გავახარე, ალბათ, ყველა ჩემი ახლობელი, ჩემი მოსწავლეები, რა თქმა უნდა, მეგობრები, კოლეგები. ეს მიღწევა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი რეგიონისთვისაც, საამაყოა როცა შენი რეგიონიდან ასახლებენ წარმატებულ პედაგოგს. 14 წელია რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ პედაგოგების ოჯახიდან ვარ და არასდროს არ მინანია მასწავლებლობა, ჩემთვის იმდენად საყვარელია ეს საქმიანობა“, – ამბობს მარინე ვართუმაშვილი.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა შერაზადიშვილი აცხადებს, რომ იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც ამ სფეროში არსებობს, არჩევანის წინაშე რომ დააყენონ, მაინც იგივე პროფესიას აირჩევდა.
„უკვე 27 წელია, სკოლაში ვმუშაობ. ფაქტობრივად, სკოლის მერხიდან ისევ სკოლაში დავბრუნდი. მასწავლებლობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის; დღემდე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან და ბევრჯერ მიფიქრია – თავიდან რომ ვაკეთებდე არჩევანს, ისევ ამ გზას ავირჩევდი, იმ სირთულეების მიუხედავად, ჩვენს პროფესიას რომ ახლავს. მასწავლებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასკოლო კულტურას, იმ გარემოს, სადაც პროფესიულად იზრდება და ვითარდება. ძალიან გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს და არ შემიძლია მადლიერი არ ვიყო იმ ადამიანებისა, რომელთა გვერდითაც ამდენი წელი გავატარე და უამრავი რამ ვისწავლე – პროფესიული თუ უბრალო, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. სწორედ ჩემი კოლეგის, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრის, ნინო ჭიჭინაძის, ინიციატივით გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. ადვილად არ მიმიღია გადაწყვეტილება. არასდროს მიფიქრია, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. მერე გადავხედე შერჩევის კრიტერიუმებს და გავიფიქრე: რატომაც არა! იყოს კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა… ნებისმიერ წარმატებას უდიდესი სიხარული მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ როცა ხედავ, როგორ იზიარებენ ამ სიხარულს შენი კოლეგები, მოსწავლეები, ნაცნობები, როცა ხედავ გულწრფელ ემოციებს და ხვდები, როგორ გაახარა ამ წარმატებამ შენი მშობლიური პატარა ქალაქი, ეს სიხარული ორკეცდება. ვიცი, რომ კონკურსში უამრავი კარგი მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას და ძალიან რთული იქნებოდა შერჩევის პროცესი. ათეულის წევრობა უკვე უდიდესი პატივია და თან ახლავს ასეთივე პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობაც ერთგვარი გამოწვევაა და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს, როგორც მასწავლებლის, საქმიანობას. გულწრფელად ვულოცავ ათეულის თითოეულ წევრს პროფესიულ აღიარებას და წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენი პროფესია საუკეთესოა“, – ამბობს თეონა შერაზადიშვილი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებლის ელზა ხარშილაძის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი წარმატებული პედაგოგია და ამ ფონზე მისთვის, პირდაპირ ეთერში საუკეთესო ათეულში საკუთარი გვარის გაგონება ძალიან მოულოდნელი იყო.
„მეშვიდე წელია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ ნიგვზარის საჯარო სკოლაში, ჩემი მშობლიური სკოლაა, აქ დავამთავრე 11 კლასი და მუშაობის დაწყებიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ. ემოციას რაც შეეხება, ეს იყო აუხსნელი, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდებოდი. ჩემი დირექტორი რომ გამოვიდა ბოლოს და სახელი და გვარი რომ გავიგონე, ამის შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს. ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს საქართველოში და ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, როგორიცაა ჩვენი დირექტორი ინა ბიწაძე, როდესაც გესაუბრება გეუბნება, რომ უბრალოდ უნა იყო თავდაჯერებული და თამამი საკუთარ ნაბიჯებში. ეს არ არის უბრალოდ წარმატება, მშობლებთან ანგარიშის ჩაბარებაა, რომ, აი, მე შევძელი და რაღაც გამომივიდა ცხოვრებაში. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მეც მათი ტოლი ვხდები, მათნაირად უნდა ვიფიქრო და მათი თვალით დავინახო ყველაფერი. პირველ რიგში მოსწავლეების ფსიქოტიპებს ვეცნობი, რომ მათ განცდებში შევიდე. თუ მოსწავლეს არ გაუგე მის გულამდე არ მიხვედი, ვერ შეაყვარებ, ვერც ფიზიკას, ვერც ქართულს და ვერც სხვა საგანს“, – ამბობს ელზა ხარშილაძე ჩენთან საუბარში.
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ოქტომბერში უნდა გამოვლინდეს. რომელსაც ჯილდოს გარდა, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. კონკურსი საქართველოში მეოთხე წელია ტარდება.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”