როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა უცხო ენის ტესტის დავალებებზე სწორად – სპეციალისტის რეკომენდაციები და მაგალითები
ეროვნულ გამოცდებზე ტესტური დავალებების შესახებ საგნის სპეციალისტისა და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის პრაქტიკული კომენტარები EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტებისთვის მომზადებულ წინა სტატიაში შემოგთავაზათ, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმო.
დღეს კი დავალებების განხილვას და მათზე სწორად მუშაობის საკითხს უცხოური ენის საგანში განვიხილავთ. თემის გაშლაში 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი და რეპეტიტორი, თამარ ცანავა დაგვეხმარა. ის აბიტურიენტებს უცხოური ენის ტესტში მოცემული დავალებების მიხედვით უზიარებს რეკომენდაციებს და კონკრეტულ მაგალითებსაც წარმოგვიდგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის უცხოური ენების ტესტებში ცვლილება შევიდა: უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს. ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. 2023 წელს მოსმენის უნარი შემოწმდება მხოლოდ 1 დავალებით, რომლის სავარაუდო პასუხების რაოდენობა იქნება 4. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია. წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.
აბიტურიენტებთან მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილების მქონე რეპეტიტორი, თამარ ცანავა, EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე – როგორ უნდა იმეცადინოს და იმუშაოს აბიტურიენტმა ტესტზე სწორად, დავალებების მიხედვით, რომ გამოცდაზე კარგი შედეგი აჩვენოს, ასე აყალიბებს:
მოსმენის დავალება
სანამ მოსმენის დავალება ჩაირთვება, აბიტურიენტმა აუცილებლად გადაავლოს თვალი რვავე შეკითხვას. დრო საკმარისია რომ ზოგადი მონახაზი ჰქონდეს გონებაში, თუ რაზე იქნება მოსასმენი. პირველ ჯერზე მოსმენის დროს მოინიშნოს სავარაუდო პასუხი, რომელიც მას სწორი ჰგონია. სავარაუდოდ, ყველა პასუხი ჩანაწერში იქნება მოცემული და არ იფიქროს, რომ პირველივეს რასაც გაიგებს, ის არის სწორი. კარგად დაუკვირდეს კითხვას, რადგან შემოხაზოს არა ზოგადი, არამედ კითხვასთან ლოგიკურად დაკავშირებული პასუხი. შესაძლებელია, პასუხში მოსმენილი სიტყვის ზუსტი სინონიმი იყოს მოცემული და მოსწავლეს ეგონოს, რადგან მსგავსი სიტყვა არ მოუსმენია, ეს პასუხი გამორიცხულია. (მაგ. მოსასმენში მოისმინა amazing და პასუხის ერთ-ერთ ვარიანტში არის სიტყვა incredible რომელიც სინონიმია პირველი სიტყვის.) ანუ სასურველია, თუ ლექსიკურ მარაგს შეივსებს ერთმანეთის მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით და მეტად დაკვირვებული იქნება ამ დავალების შესრულებისას.
პარაგრაფების მისადაგება კითხვებთან
ამ სავარჯიშოში მოსწავლემ ყურადღებით უნდა წაიკითხოს ყველა შეკითხვა და პარაგრაფებში ეძებოს ზუსტად (ან სინონიმები) ის სიტყვები, რაც შეკითხვაშია მოცემული. არ არის აუცილებელი პარაგრაფების დაწვრილებით წაკითხვა, რადგან ე.წ. scanning მეთოდი (სკანირების მეთოდი) ძალიან მარტივად ეხმარება მოსწავლეებს ამ სავარჯიშოს სწორად შესრულებაში.
წაიკითხულის გააზრება
წაკითხული ტექსტის გააზრებისას სასურველია, აბიტურიენტმა აუცილებლად კარგად გაიაზროს სათაური, თუ რას ეხება ტექსტი. წაიკითხოს პარაგრაფი და შემდეგ ისევ გადაიკითხოს შეკითხვა. კითხვისას, ტექსტსში გახაზოს მისი აზრით მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემდეგ კი, სავარაუდო პასუხების არჩევისას, პირველ რიგში აარჩიოს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც მისთვის ყველაზე ადვილად გასაგები იყო ტექსტში. შედარებით რთული კითხვების პასუხები კი გამორიცხვის მეთოდით შემოხაზოს.
სიტყვების ჩასმა
ამ სავარჯიშოში სასურველია, აბიტურიენტს წინასწარვე ქონდეს მდიდარი ლექსიკური მარაგი, რისი წინაპირობაც, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი სიტყვის ცოდნაა. თუმცა შესაძლებელია არ იცოდეს სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ მიხვდეს რომელი მეტყველების ნაწილი უნდა ჩასვას და ამის მიხედვით შეასრულოს ეს სავარჯიშო. მაგ. თუ მოცემულია to ნაწილაკი, ე.ი. მას აუცილებლად მოჰყვება ზმნა. გამოტოვებული სიტყვის ადგილას მან უნდა დასვას კითხვა, რის მიხედვითაც მარტივად მიხვდება რომელი მეტყველების ნაწილი უნდა ეძებოს. მაგ. The ancient city of Pompei was completely buried under the thick ….. of the volcanic ash. აქ უნდა დასვას კითხვა – რა? შესაბამისად პასუხსად მარტივად გამოიცნობს მოცემული ვარიანტებიდან.
გამოტოვებული ადგილების შევსება თითო სიტყვით
ამ სავარჯიშოს ჯეროვნად შესრულებისთვის მოსწავლემ უნდა იცოდეს ფრაზული ზმნები, არტიკლების სწორი გამოყენება, წინდებულები, მიმართებითი ნაცვალსახელები და კავშირები. იმისთვის, რომ ფრაზული ზმნები მარტივად დაიმახსოვროთ, ხშირად უნდა გადახედოთ მათ.
სასურველია, ფრაზული ზმნების სია ჩამოწეროთ ფურცლებზე და გააკრათ სამეცადინო მაგიდასთან, ან ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში ხშირად გიწევთ ყოფნა. თვალის ხშირი შევლებით, ქვეცნობიერი იმახსოვრებს ზმნებს (ეს მეთოდი სიტყვების დამახსოვრებისთვისაც ძალიან კარგია) და შესაბამისად, მოსწავლეს უფრო გაუმარტივდება ამ სავარჯიშოში ფრაზული ზმნების ჩასმა, სადაც ჩასამელია წინდებული, რომელიც ზმნას მოჰყვება.
წელს, როგორც ვიცით, ამ სავარჯიშოს სავარაუდო პასუხები დაუმატეს, რაც მოსწავლეებს ოდნავ აბნევს. ამიტომ, მე ვურჩევდი, სანამ სავარაუდო პასუხს დახედავენ, ჯერ თვითონ მოინიშნონ რას ჩასვამდნენ გამოტოვებულ ადგილას და თუ პასუხებში დაემთხვა, ის პასუხი შემოხაზონ. თუ არც დაემთხვა, მაშინ გამორიცხვის მეთოდი გამოიყენონ და ყველაზე ალოგიკური პასუხები გადახაზონ, ხოლო დარჩენილიდან აარჩიონ ის, რაც მათი აზრით, უფრო მიესადაგება.
დიალოგი
სასურველია, მოსწავლემ მთელი დიალოგი გულდასმით წაიკითხოს და შეეცადოს, ჩასწვდეს მის არსს, გაიაზროს რაზეა საუბარი. შემდეგ გაიაროს ყველა მოცემული ვარიანტი (თუ არსებობს) და ამის შემდეგ შეეცადოს გაარკვიოს, რომელი ჯდება საუკეთესოდ.
დიალოგის დასრულების შესახებ კითხვის გადაჭრისას, სამი რამის გათვალისწინება ძალიან დაეხმარება მოსწავლეებს სწორი პასუხის ჩასმაში.
პირველი – ურთიერთობა დიალოგის მომხსენებლებს შორის;
მეორე – თემა, რომელსაც ეფუძნება საუბარი;
მესამე – სიტუაცია, რომელშიც მოსაუბრეები არიან.
თუ ამ საკითხებში გაერკვევით, პასუხს მარტივად იპოვნით.
ესე (თხზულება)
ამ დავალების დასაწერად აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს თემის წერის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტები: შესავალი, შუა ნაწილი (არგუმენტებისთვის) და დასკვნა.
სასურველია, თუ კარგად გაიაზრებს ესეს სათაურს. აუცილებლად უნდა ივარჯიშოს ესეს წერისას საკუთარი აზრის გადმოცემის ხერხებზე, სადაც მნიშვნეოვანია ისეთი ფრაზების გამოყენება, რომელიც მის მოსაზრებას ამყარებს.
P.S. ყველა სავარჯიშოსთვის შესაფერისი ზოგადი რჩევა: უყურეთ უცხოენოვან არხებს (სერიალებს, ფილმებს, გადაცემებს). ეცადეთ, ყველანაირი ინფორმაცია რასაც იღებთ, გონებაში თარგმნოთ ინგლისურად იმ ლექსიკური მარაგის გამოყენებით, რომელიც გაქვთ და თუ რომელიმე სიტყვას ვერ იხსენებთ ან არ იცით, მოძებნეთ ლექსიკონში (გადმოწერეთ ლექსიკონის აპლიკაციები).
როდესაც თქვენი ტვინი მიეჩვევა მუდმივად სიახლის ძიებას უცხო ენაზე, თქვენი ლექსიკური უნარებიც გაუმჯობესდება და შესაბამისად, ტესტსაც მარტივად დაწერთ, გისურვებთ წარმატებებს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება