GE

„ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“

ფოტო –
ლევან ხერხეულიძე

„ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სივრცეში“ – ასე წერია ქვეყნის უმაღლეს კანონში, კონსტიტუციაში.

თუმცა არც ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომია ნოსტრიფიცირებული, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებას ნიშნავს და არც ქვეყნის განათლების სისტემაა ისეთი, რომელიც სტუდენტისა და მშობლის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს, საერთაშორისო დონესთან შესაბამისობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საუნივერსიტეტო რეიტინგების მიუხედავად, არც ერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი არც ერთ სიაში არ მოხვედრილა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანაში უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლო დაწესებულება თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა განთავსებული და ოფიციალური მონაცემებით, მათი ჯამური რაოდენობა 150-ს აჭარბებს.

როგორც აღმოჩნდა, არც თავად სტუდენტები არიან მოწოდების სიმაღლეზე.

ქვეყანაში საჭიროზე მეტი სტუდენტისა და უნივერსიტეტის არსებობაზე წუხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პროფესორი და ლექტორი ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი თვლის, რომ მისი სტუდენტების  დაახლოებით მესამედი ტყუილად აცდენს თავის დროსა და ფინანსებს უმაღლეს სასწავლებლებში.

cms-image-000026443„ნამდვილად არ ვეთანმები სტუდენტების ამ რაოდენობას. მე თვალით ვატყობ, როგორც მასწავლებელი, რომელიც ასწავლის, რომ ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი, დაახლოებით მესამედი აშკარად ზედმეტია. სპეციალური გამოკვლევები მე არ ჩამიტარებია, არ ვარ ამის სპეციალისტი, ეს ყველაფერი თვალით ჩანს. ჩემი აზრით, ამჟამად არსებული უნივერსიტეტები არ აკმაყოფილებენ ამჟამად არსებულ კანონის მოთხოვნებს. და მიუხედავად ამისა, რატომ არსებობენ არ ვიცი. ხარისხიანი უნივერსიტეტი რომ გერქვას, ძალიან  ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, აქვს თუ არა დაწესებულებას სათანადო ტერიტორია, ბიბლიოთეკა, სტუდენტს მუშაობის საშუალება ეძლევა თუ არა და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმით, თუ მკაცრად მივუდგებით, საქართველოში 10 უმაღლესი სასწავლებელი დარჩება. ვერ გეტყვით რომელი, შესაძლოა, გაერთიანდნენ კიდეც, თუმცა ამ წუთას ან თვალს ხუჭავენ, ან არ  ვიცი. ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და მას უმაღლესი სასწავლებელი ერქვას,“- განუცხადა ლევან ბერძენიშვლმა Aris.ge -განათლებას.

ლევან ბერძენიშვილისგან გასხვავებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ ზაალიშვილს მიაჩნია, რომ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში გადაჭარბებული არ არის და იგი  საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის  4 პროცენტი) ნაკლებია. საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა მოსახლეობის 2.6 პროცენტს შეადგენს. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს ქვეყნის ინტერესში, იმიტომ, რომ განათლების, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი უკუგება უდიდესია.

რაც შეეხება განათლების ხარისხს და საჭიროა თუ არა ამდენი უნივერსიტეტისაკითხისადმი ასეთი ხისტი მიდგომა არ არის საჭირო. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს. ეს მნიშვნელოვნად არის  დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხარისხის განვითარების სისტემა და ხელშემწყობი მექანიზმები. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ხარისხის განვითარების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საკმარის ინფორმაციას სისტემის შედეგების შესახებ და ყურადღებას ამახვილებს რესურსების და არა შედეგების შეფასებაზე. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მექანიზმების დახვეწას, რათა განვითარებასა და შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული სისტემა ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას.

უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება არ უნდა იყოს თვითმიზანი. ხარისხის განვითარების მექანიზმების დახვეწა ალბათ გარკვეულწილად აისახება რაოდენობაზეც. ხარისხის განვითარების სისტემის მიზანიაუზრუნველვყოთ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იმგვარი საქმიანობა, რომ მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებით მიღებული განათლება შესაბამისი მხარეების მიერ იქნეს აღიარებული“, – განუცხადა თამარ ზაალიშვილმა Aris.geგანათლებას.

არავინ კამათობს, რომ ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდება განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა, თუმცა, ამაში მხოლოდ თანხის გადახდა, ბუნებრივია, არ იგულისხმება, ჩვენ კი ხშირად სწორედ ასე გვესმის.

სტუდენტების ნაწილისთვის საქართველოში განათლების ხარისხის დონე მისაღებია, ნაწილი კი უკმაყოფილოა. Aris.ge-განათლებასთან საუბრისას სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ  იმ პრობლემებზე მიუთითებენ, რომელიც მათი აზრით, კარგი განათლებისთვის ხელისშემშლელია.

11063239_957904964241908_1724894526_n„საგნების არჩევის თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა, ლექტორების კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ არიან ლექტორები, რომლებიც ზედაპირული სწავლებით შემოიფარგლებიან. შესაბამისი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე, იმიტომ რომ ბევრმა უცხო ენა სათანადოდ არ იცის, ეს და ბევრი სხვა პრობლემა. რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, ჩემი აზრით, ამდენი უნივერსიტეტი არ არის საჭირო. უბრალოდ, სხვა დარგები რომ არაა განვითარებული და პროფესიულ განათლებაზე რომ არაა შესაბამისი მოთხოვნა, ყველა ცდილობს, საუნივერსიტეტო განათლებით გახდეს ბაზარზე კონკურენტუნარიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის არაფრისმომცემი არაა უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი ბეჭედდარტყმული ქაღალდის – დიპლომის გარდა. ეგეც რომ არ იყოს, სტუდენტთა ეს რაოდენობა ბუნებრივია ხარისხზეც აისახება“, – ამბობს თსუ-ს სტუდენტი ქრისტინე ღონღაძე.

961699_808098069245686_2027479661_nანა გამგონეიშვილს განათლება საქართველოს გარდა, გერმანიაში აქვს მიღებული. Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დასავლური სწავლის მეთოდი უფრო თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და აკადემიურად ხორციელდება.

„სტუდენტს აქვს საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების საშუალება და ამით პროფესორიც კმაყოფილია. ჩემი ლექციები ძირითადად დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა, რაც 8 საათიან სალექციო დღეს უფრო საინტერესოს ხდიდა. რაც შეეხება სტუდენტების და უნივერსიტეტების რაოდენობას, ვფიქრობ რომ სტუდენტების რიცხვი არ უნდა შემცირდეს, პირიქით უფრო მეტ ადამიანს უნდა მიეცეს განათლების მიღების საშუალება, ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია პროფესიული უნივერსიტეტების პოპულარიზაცია“, – ამბობს ანა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 120 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მათი რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მატულობს. მიმდინარე წელს 40 ათასზე მეტ აბიტურიენტსა და სტუდენტს სურს, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება. თუმცა ეს, ავტომატურ რეჟიმში, ამდენივე განათლებულ და კონკურენტუნარიან კადრს სულაც არ ნიშნავს.

განათლების ექსპერტი, სამოქალაქო ინტეგრაციის სპეციალისტი შალვა ტაბატაძე Aris.ge – განათლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული უნივერსიტეტებისა და სტუდენტების რაოდენობა მაღალი არ არის და ამას სტატისტიკაც მოწმობს.

„ვერ დავეთანხმები ბატონ ლევან ბერძენიშვილს, რომ საქართველოში სტუდენტთა და უნივერსიტეტთა რაოდენობა დიდია. ის ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. 10 000 მოსახლეზე დაახლოებით 300 მდე სტუდენტია საქართველოში და ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში გაიზარდა, მანამდე კიდევ ნაკლები იყო, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ 500-ს უტოლდება.6313_10151693564881322_1334687384_n

რაც შეეხება უმაღლესი განათლების ხარისხს, ეს ნამდვილად პრობლემური საკითხია საქართველოში და აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს, თუმცა დაბალი ხარისხი, ჩემი მოსაზრებით, არ უკავშირდება სტუდენტთა დიდ რაოდენობას. უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს: (ა) ხარისხის მართვის მექანიზმების არ არსებობა უმაღლეს სასწავლებლებში და რეალური მექანიზმების შემოღებაზეა უარყოფითი რეაქციები; (ბ) უმაღლესების, განსაკუთრებით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების არ არსებობა, მათი ავტონომიურობის დაბალი ხარისხის და რაც მთავარია ამ ავტონომიურობის ნაკლები სურვილი; (გ) უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიზერული დაფინანსება და ა.შ.“,- ამბობს ტაბატაძე.

არსებული სიტუაციის გამოსწორების თვალსაზრისით შალვა ტაბატაძე რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გულისხმობდეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების მიბმა მოხდეს შრომის ბაზრის მოხოვნებთან, რათა ერთი მხრივ, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე. უნდა გატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კერძოდ: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვიარების დაფინანსების ზრდა; ეფექტური ხარისხის მართვის მექანიზმების ამუშავება უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის კონკურენციის წახალისება უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ლექტორებსა და მეცნიერებს შორის, რაც ხარისხის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია, განსაკუთრებით ბიუროკრატიულ მექანიზმებთან შედარებით, აგრეთვე უამრავი სხვა საკითხი, რომელიც გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს და უფრო ეფექტური იქნება უმაღლესი სასწავლებლების კურსდამავრებულა დასაქმების თვალსაზრისით“,-აღნიშნავს ტაბატაძე.

ამრიგად, სტუდენტებისა და თავად განათლების სისტემაში მოღვაწეთა ნაწილიც თანხმდება, რომ „სნეულს მკურნალობა სჭირდება“, თუმცა დღეს ქვეყანაში მედიკამენტის ძებნაში ცოტა თუა ჩართული. ვინ არის ამაში დამნაშვე?! სახელმწიფო? -ბუნერივია, მას აქვს პასუხისმგებლობა მის ტერიტორიაზე მოქალაქის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული განათლების სისტემის განვითარების ათწლიანი სტრატეგიაც სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაწილია. სტრატეგიები სტრატეგიებად, მაგრამ მათ განხორციელებამდე სასწავლო დაწესებულებას დღეს მაინც ყველა ფეხის ნაბიჯზე ხსნიან. ხსნიან და სწორედ სახელმწიფო აძლევს მას ნებართვას (ავტორიზაციას/აკრედიტაციას) ერქვას მას „უნივერსიტეტი“, „კოლეჯი“, „პროფესიული სასწავლებელი“ თუ ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულება. კრიტერიუმები იმდენად სუსტია, რომ ყველა მსურველს, რომელსაც აქვს ფინანური რესურსი, იქირაოს შენობა, ლექტორი და მეტნაკლებად მოაწყოს ინფრასტრუქტურულად, მას დაარსების ნებართვა, ზედმეტი შრომის ფასად ეძლევა.

ბუნერივია, აქ არ არის მცდელობა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოპეტენციაში ჩარევის, მაგრამ, ალბათ სჯობს, სიტყვა „უნივერსიტეტს“ ყველა სასწავლო შენობას არ ვარქმევდეთ, საავტორიზაციო კრიტერიუმები უფრო გამკაცრდეს და უნივერსიტეტებიდან მაღალ დონეს ითხოვდეს, ვიდრე ყველა ფეხის ნაბიჯზე გვქონდეს საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის სასწავლებელი, საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის კურსდამთავრებულით. ერთეულებიც არსებობენ, თუმცა ერთეულები, როგორც ამას თავად სიტყვაც გვეუბნება, ერთეულები არიან.

“ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე გონება -გახსნილი  გულ-განათებული კაცები არა ჰყავს,” – ილია  ჭავჭავაძე.

ქეთი არის© გიგოლაშვილი 

ლევან ბერძენიშვილის ფოტო – ლევან ხერხეულიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური