GE

ფინალური გამოცდები უნივერსიტეტებში – რას აპროტესტებენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდა პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლები სწავლის ფორმატს ნებაყოფლობით ირჩევენ, მათი რესურსებისა და უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით.

საქართველოში მოქმედმა კერძო და სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმაც მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და მათგან უმრავლესობა ისევ დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს ლექციებისა და გამოცდების ჩატარებას.

ასევე, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უნივერსიტეტმაც, რაც სტუდენტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, საქართველოს უნივერსიტეტში ლექციები შერეული ფორმატით ჩატარდება, თუმცა საგნების უმრავლესობა ისევ დისტანციურად ისწავლება, რაც სტუდენტების თქმით, არაეფექტურია და სათანადო ცოდნას ვერ იღებენ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ სტუდენტებს გაუგზავნა შეტყობინება და ფინალური გამოცდების უნივერსიტეტში, საგამოცდო ცენტრში ჩატარების შესახებ აუწყა.

მიღებულმა შეტყობინებამ უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია სტუდენტებში. ამბობენ, რომ უსამართლოდ მიაჩნიათ დისტანციურად მიღებული არაეფექტური განათლებით აუდიტორიაში დაწერონ გამოცდა და თან ამის შესახებ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყონ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილი იმყოფება რეგიონში და ვერ ახერხებს საგამოცდოდ თბილისში დარჩენას. მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტმა საშუალება უნდა მისცეს მათ, აირჩიონ – გამოცდა სახლიდან დაწერონ, თუ უნივერსიტეტში და პროცესი ჩატარდეს შერეული ფორმატით.

როგორც სტუდენტები ამბობენ, დაუკავშირდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ოფისს, თუმცა ყველამ ერთი პასუხი მიიღო და მათი მოთხოვნა არც განიხილეს. სტუდენტები EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, რომ ამის შემდეგ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება და ამ კამპანიას ორი ათასამდე სტუდენტი შეუერთდა:

„ჩვენ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ვითხოვთ შერეული ფორმატით გამოცდების ჩატარებას, მათ შორის ფინალური გამოცდების!

შემდეგი მიზეზების გამო:

1. სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში, მათთვის პრობლემატური იქნება ქალაქში ჩამოსვლა, მოკლე ვადაში ბინის მოძებნა და ა.შ

2. მძიმე პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში გამოცდების დაწერა დიდი რისკის ქვეშ გვაგდებს თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ოჯახის წევრებს და მათ შორის ყველაზე მეტად ასაკოვან ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დამატებით მწვავე ქრონიკული დაავადებები.

3. როდესაც მთელი წელი სტუდენტი საგანს სწავლობს ონლაინ ფორმატში, რაც არც ისეთი ეფექტურია, როგორიც აუდიტორიული სწავლება, სწორად არ მიგვაჩნია სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოგვთხოვოთ“, – ნათქვამია სტუდენტების პეტიციაში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE ესაუბრა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტს ანანო კუპრაშვილს, რომელსაც წელიწადზე მეტია ლექციებიც და გამოცდებიც დისტანციურად უტარდება და ფინალური გამოცდების უნივერსიტეტში ჩაბარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. მისთვის მიუღებელია, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს არ აძლევს არჩევის საშუალებას და არ ითვალისწინებს მათ მდგომარეობას.

„საგრძნობლად არაეფექტურია ონლაინ სწავლება, აუდიტორიებში სწავლასთან შედარებით. შესაბამისად, არ არის სამართლიანი ის ფაქტი, რომ გამოცდები აუდიტორიებში უნდა ვწეროთ. ამასთანავე, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების პოზიცია, რადგან მათ უნივერსიტეტის ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილების გამო უწევთ ზედმეტი ხარჯის გაწევა ისედაც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში. ჩვენ, მთელი უნივერსიტეტის ბავშვებს გვიჩნდება კითხვები, რომლებზეც არ არსებობს უნივერსიტეტისაგან პასუხი. ჩვენ გვიჩნდება კითხვა – ნუთუ მხოლოდ ფინალურის დღეს “გაქრება”კორონავირუსი და ჩვენ დაცულები ვიქნებით? როგორ გავუწიოთ სხვა სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტზე რეკომენდაცია, როდესაც ჩვენი როლი და ჩვენი სურვილი სრულიად უმნიშვნელოა ადმინისტრაციისთვის? იცოდეს უნივერსიტეტმა, რომ #თუსწავლაგინდა ვერ შესრულდება, თუ არ იქნება თავისუფალი გარემო“, – გვითხრა ანანო კუპრაშვილმა.

შავლეგო ჩაჩუაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელსაც მიაჩნია, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს უსამართლოდ ექცევა.

„რაც შეეხება სტუდენტების პოზიციას, მკაფიოდ ჩანს მათი ღელვა ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან, როგორც მე, ასევე ისინი ფიქრობენ რომ “ყველაზე რეიტინგულმა” უნივერსიტეტმა ყველაზე არარაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ წერილობით, ინდივიდუალურად მივმართავთ უნივერსიტეტის სასწავლო ოფისს და მათი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა, რომ ფინალური გამოცდები უპირობოდ ჩატარდება უნივერსიტეტში“, – განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა.

სტუდენტების პრობლემა ადმინისტრაციამდე მიიტანა სტუდენტური თვითმმართველობის გუნდმა. შეხვედრა 20 მაისს გაიამართა.

საბოლოოდ უნივერსიტეტმა სტუდენტებს შესთავაზა: 

  • პირებს, რომლებიც არიან რისკ ჯგუფში, ან მათი ოჯახის წევრია რისკჯგუფში შემავალი, შეეძლებათ დაწერონ განცხადება და ატვირთონ ცნობა, რომ კონკრეტულ პიროვნებას აღენიშნება რაიმე დაავადება, რაც მაჩვენებელია რისკ ჯგუფის.
  • პირები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, მოხუცებულები და ვერავისთან ვერ ტოვებენ მათ, დაწერენ უბრალოდ განცხადებას ყოველგვარი ცნობის გარეშე (აქ ცნობას ვერც წარადგენს ვერავინ ) და დაენიშნებათ დისტანციური გამოცდა.
  • პირები, რომლებსაც აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თვითონ რექტორიც კი, აცხოვრებენ თავიანთთან, რამდენი ხანიც დასჭირდებათ.

რაც შეეხება საგამოცდო ფორმატს, ჩატარდება უნივერსიტეტში ყველა რეგულაციის დაცვით. თუ სტუდენტი დისტანციურად აირჩევს გამოცდის ჩაბარებას, გამოცდა იქნება ზეპირი. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში დარჩენას უნივერსიტეტის ლექტორები საკუთარ სახლებს დაუთმობენ, ან დაეხმარებიან დროებითი საცხოვრებლის მოძებნაში.

„პანდემიის პერიოდში შექმნილი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მე ვიწყებ კამპანიას „უმასპინძლე სტუდენტს“ და ვიწვევ საქართველოს უნივერსიტეტის ყველა ლექტორს, ადმინისტრაციის თანამშრომელსა და სტუდენტს. მათ, ვისაც არ აქვს თბილისში საცხოვრებელი, არ ჰყავს ახლო ნათესავი, ან ვერ ქირაობს ბინას, მე, კახა თავზარაშვილი, ფინალური გამოცდების პერიოდში დავუთმობ/გავუზიარებ ჩემს ბინას რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს. მოგიწოდებთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, სტუდენტებს, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, უმასპინძლეთ თუნდაც ერთ სტუდენტს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩავაბაროთ ფინალური გამოცდები საქართველოს უნივერსიტეტში, განახლებულ და თანამედროვე საგამოცდო ცენტრში“, – წერს საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი კახა თავზარაშვილი სოციალურ ქსელში.

შეთავაზება უნივერსიტეტის მხრიდან არც ამჯერად აღმოჩნდა მისაღები სტუდენტთა უმრავლესობისთვის და გეგმავენ ამჯერად უნივერსიტეტის შენობასთან გადაინაცვლონ და მოითხოვონ უნივერსიტეტისგან დაკმაყოფილებულ იქნას მათი მოთხოვნები და გამოცდები შერეული ფორმატით ჩატარდეს.

EDU.ARIS.GE ასევე, დაუკავშირდა საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ოფისს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

გარდა საქართველოს უნივერსიტეტისა, დავინტერესდით, ფინალური გამოცდების კუთხით რა ხდება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში და დავუკავშირდით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლექციები მიმდინარეობს ონლაინ, ლაბორატორიული საგნები აუდიტორიაში, ხოლო გამოცდები დისტანციურად წარიმართა.
დისტანციური ფორმატით აგრძელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. მათი თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გამოცდები დისტანციურად ჩატარდება, დისტანციური ლექციების შესაბამისად.

ასევე, დისტანციური ფორმატით აგრძელებს კერძო უნივერსიტეტების ნაწილიც.

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ლექციები და გამოცდები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო სტუდენტებს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს სახლიდან დაწეროს გამოცდა, საშუალებას აძლევენ ისარგებლონ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრით.

„ნაწილი სასწავლო კურსების ლექცია/სემინარები ტარდება აუდიტორიაში, ხოლო ნაწილი დისტანციურად. რაც შეეხება შუალედურ გამოცდას, გუშინ დასრულდა და ჩატარდა ონლაინ. სტუდენტები რომლებიც სარგებლობენ სტიპენდიით, მათ ჰქონდათ კამერები ჩართული და დამკვირვებლის ზედამხედველობით ჩააბარეს გამოცდა, ხოლო მათ, ვისაც არ სურდა სტიპენდია, 24 საათის განმავლობაში შეეძლოთ გამოცდაზე შესვლა კამერის ჩართვის გარეშე. ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკური რესურსი რომ სახლიდან ჩაებარებინათ გამოცდა, შეეძლოთ მოსულიყვნენ საგამოცდო ცენტრში და სეუში, ადგილზე დაეწერათ გამოცდა“, – განაცხადეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ).

თბილისის ღია უნივერსიტეტში სწავლების პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს, სტუდენტები იღებენ გადაწყვეტილებას, აუდიტორიაში დაესწრებიან ლექციებს თუ დისტანციურად, ხოლო გამოცდებს დისტანციურად აბარებენ.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური