GE

ფიზიკა და ქიმია აბიტურიენტებისთვის – სპეციალისტები სწორად მეცადინეობის ტექნიკებზე

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში მოსამზადებლად აბიტურიენტებს დრო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, თუმცა, მათი მღელვარება ყოველი თვის დასრულების შემდეგ მატულობს.

EDU.ARIS.GE აგრძელებს სტატიების სერიას სხვადასხვა საგნებში სწორად მეცადინეობის შესახებ და დღეს ჩვენი რესპონდენტების დახმარებით გაგიზიარებთ, რა ტექნიკებითა და მიდგომებით ვიმეცადინოთ ქიმიისა და ფიზიკის საგამოცდო ტესტის წარმატებით დაძლევისთვის. თემაზე EDU.ARIS.GE-სთან ქიმიისა და ფიზიკის საგნის სპეციალისტები საუბრობენ.

დარე ირემაშვილი ქიმიის პედაგოგი და რეპეტიტორია. ის მარტივ ინსტრუქციას მოგაწვდით იმ ხრიკების შესახებ, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, რომ ქიმიის საგამოცდო ტესტი მაღალ ქულაზე დაძლიოთ. ის გეტყვით, თუ რა უნდა გააკეთოთ ამისათვის.

– პირველ რიგში, მოგვიყევით ქიმიის საგამოცდო ტესტის შესახებ, რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა?

დარე ირემაშვილი: ქიმიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ფორმატში გვხვდება როგორც დახურული, ასევე ღია კითხვები (გრაფიკზე სამუშაო, დასაკავშირებელი, ცხრილები, რეაქციათა შედგენა, ამოცანები). დახურული, ანუ ტესტური საკითხების რაოდენობა 25-ია და 1 ქულიანია. რაც შეეხება დანარჩენ დავალებებს, არის 2, 3, 4 ან 5 ქულიანი. თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხისათვის საჭიროა საკითხთა გააზრებული, ღრმა ცოდნა და ლოგიკური მსჯელობის უნარი. ქიმიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 25%-ია, რაც 16 ქულას შეადგენს.

– რა სასწავლო რესურსები გამოიყენოს აბიტურიენტმა ქიმიაში მომზადების პროცესში?

დ.ი: აბიტურიენტებს გამოცდის მოსამზადებლად სჭირდებათ სახელმძღვანელოები, რომლითაც სკოლაში სწავლობენ. ასევე, შეუძლიათ, გამოიყენონ დამხმარე, თეორიული წიგნები, ამოცანათა კრებულები. მნიშვნელოვანია ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის, ფუძეების, მჟავებისა და მარილების ხსნადობის ცხრილის; მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივის გამოყენება. აუცილებელია წინა წლების ტესტების დამუშავება, ეს მოსწავლეებს დაეხმარება, წინასწარ ჰქონდეთ წარმოდგენა საგამოცდო ტესტზე.

– მიეცით ინსტრუქცია ჩვენს მკითხველ აბიტურიენტებს, როგორ მოემზადონ ქიმიის გამოცდისთვის ისე, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან და მაღალი შეფასება დაიმსახურონ?

  • იყავით თავდაჯერებული, დაიწყეთ მარტივი საკითხებით და შემდეგ გადადით რთულზე;
  • პირველ რიგში, კარგად გაეცანით დავალების პირობას, წაიკითხეთ რამდენჯერმე და სწორად გამოიტანეთ შეკითხვის არსი;
  • გამოცდისთვის 3 საათი გაქვთ, ეცადეთ, საკითხებზე დრო სწორად გადაანაწილოთ;
  • მარტივ დავალებებს დიდი დრო არ დაუთმოთ, შემოინახეთ ის ამოცანებისთვის;
  • ეცადეთ, შავ ფურცელზე გარკვევით წეროთ. გამოყავით დავალების ნომერი რომელზეც მუშაობთ;
  • მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ მათემატიკურ გაანგარიშებებს, რათა არ დაუშვათ ტექნიკური შეცდომები;
  • წერეთ მშვიდად, აუჩქარებლად. გამოცდაზე ჟანგბადი აუცილებელია, და გახსოვდეთ, „ჟანგბადი ის ღერძია, რომლის გარშემოც დედამიწა ბრუნავს.“

ვიდრე ფიზიკის საგნის რეპეტიტორ, ნელი მარგიშვილისგან მიღებულ რეკომენდაციებს გაგიზიარებდეთ შეგახსენებთ, რომ გასულ 2022 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ფიზიკის გამოცდაში აბიტურიენტების 31.94%-მა ვერ გადალახა.

– ქალბატონო ნელი, როგორია თქვენი შეფასება, რატომ იყო ამდენი ჩაჭრილი აბიტურიენტი გასულ წელს ფიზიკაში, ტესტი რთული იყო?

ნელი მარგიშვილი: გასული წლის ტესტი ფიზიკაში იგივე სირთულის იყო, როგორც წინა წლებში. ვფიქრობ, არც პროცენტულად გაზრდილა ზღვარი. თუმცა, გეთანხმებით, ეს ციფრებიც არ არის უმნიშვნელო. ჩემი აზრით, ფიზიკა არ არის მარტივი საგანი, უფრო დიდ დაკვირვებას მოითხოვს და მეტ ყურადღებას ამოცანების ამოხსნისას. რა თქმა უნდა, ემოციური ფონიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მინდა, დაგამშვიდოთ, მთავარია, არ ინერვიულოთ და მერწმუნეთ, ამ გამოცდის ჩაბარება არ გაგიჭირდებათ.

– გააცანით აბიტურიენტებს მოკლე ინფორმაცია ტესტის სტრუქტურისა და დავალებების შესახებ…

ნ.მ. ფიზიკის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, გამოცდისათვის განკუთვნილი დრო კი 3 საათი. დავალებები ძირითადად სამი ტიპისაა: არჩევითპასუხიანი ტესტები, სადაც ხუთი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხი უნდა შემოხაზოთ. გვაქვს შესაბამისობის ტესტები, სადაც მოცემულია ორი ჩამონათვალი და თქვენ მოგეთხოვებათ, პირველი ჩამონათვალიდან თითოეულს სწორად შეუსაბამოთ ობიექტები მეორე ჩამონათვალიდან. არის შემთხვევები, როცა პირველი ჩამონათვალის რომელიმე ობიექტს არცერთი მონაცემი არ შეესაბამება მეორე ჩამონათვალიდან და ამ დროს ეს გრაფა უნდა დატოვოთ ცარიელი. გამონაკლის შემთხვევაში, ერთ ობიექტს მეორე ჩამონათვალიდან ერთზე მეტი სიდიდე შეესაბამება და ასეთ დროს ყველა უნდა მოინიშნოს.

და ბოლოს, მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ღია დავალებებზე. ჩემი თხოვნაა, ყურადღებით წაიკითხოთ ამოცანის პირობა. შემდეგ ჩამოწეროთ შესაბამისი ფორმულები, სიდიდეები დააკავშიროთ და იპოვოთ საძიებელი სიდიდე. ნათლად უნდა გამოიკვეთოს პასუხის მიღების გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პასუხის მითიტებით ამოცანა ამოხსნილად არ ჩაითვლება.

– მიეცით ინსტრუქცია ჩვენს მკითხველ აბიტურიენტებს, როგორ მოემზადონ გამოცდისთვის ისე, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან და მაღალი შეფასება დაიმსახურონ?

  • პირველ რიგში, შეისწავლეთ საგამოცდო პროგრამა, აწარმოეთ ჩანაწერები. მაგალითად, საგამოცდო პროგრამაში მონიშნეთ საკითხები, რომლებზეც საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა. ეს საჭიროა თვითდაკვირვებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ როცა გამოცდის პერიოდი მოახლოვდება, თქვენ კიდევ ერთხელ უნდა შეხედოთ საგამოცდო პროგრამას და ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა ვიცი? რისი სწავლა შევძელი?;
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ სიდიდეებსა და ერთეულებს. ბევრი ივარჯიშეთ სიდიდეების ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში გადაყვანაზე და ფორმულების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. დიაგრამებისა და გრაფიკების განხილვისას კი, გირჩევთ, დაწეროთ ის ფორმულები, რომლშიც საძიებელი სიდიდე შეგიძლიათ იპოვოთ ღერძებზე გამოსახული სიდიდებით, შემდეგ კი დააკვირდეთ მიღებულ ფორმულას და ისე გასცეთ პასუხი დასმულ კითხვას;
  • ოპტიკის განხილვისას გირჩევთ, კარგად შეისწავლოთ სხივების სვლის თავისებურებები შემკრებ და გამბნევ ლინზებში, ეს მნიშვნელოვანია;
  • აწარმოეთ კონსპექტები. ნუ იქნებით ზეპირი მეხსიერების იმედად, ეს ფიზიკაა და კონსპექტების წარმოება აუცილებელია;
  • გააკეთეთ ტესტები, ტესტები და ისევ და ისევ ტესტები;
  • არ ინერვიულოთ, მშვიდად გააგრძელეთ მეცადინეობა. გაითვალისწინეთ, რომ მომავალშიც ბევრი გამოცდა გელოდებათ წინ. წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

როცა ქართულის გამოცდაზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები გვხვდება – სპეციალისტის ინსტრუქციები აბიტურიენტებს ტექსტის ათვისებისა და დამუშავებისთვის

საგამოცდო კრებულები და ტესტის ნიმუშები, რითი სარგებლობაც 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური