ფოტორეპორტაჟი საგამოცდო ცენტრის შენობიდან – რა გზას გადი აბიტურიენტი გამოცდის დაწყებამდე
წელს, კორონავირუსის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია ცოტა გახანგრძლივდა. დისტანციის დაცვის ვალდებულებამ კი ცენტრებში რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა შეამცირა.
ვითარებას გამოცდების მეორე დღეს თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში EDU.ARIS.GE პირადად დააკვირდა და აღბეჭდა კიდეც.
საგამოცდო ცენტრის ეზოში შესულ აბიტურიენტებს მონიშნული ადგილები ხვდებათ, რომლთაც იკავებენ და ასევე დისტანციის დაცვით მიიწევენ წინ. უშუალოდ ცენტრის კართან მათ ორი ადამიანი სიცხეს უზომავს. იქვეა ექიმიც, რომელიც ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში განსაზღვრავს აბიტურიენტი სპეციალურ სექტორში გადაინაცვლებს თუ PCR ტესტის გასაკეთებლად.
ტემპერატურის გაზომვის შემდეგ აპლიკანტები ნივთების ჩასაბარებლად ჩერდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიცა და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ თან მაქსიმალურად ცოტა ნივთი წაეღოთ, შემნახველ კარადებში მაინც საკმაო რაოდენობის ჩანთები, ტელეფონები თუ სხვა პირადი ნივთები დაგროვდა. ახალგაზრდებს დიდი ზომის ბეჭდების, მზის სათვალეებისა და სხვა სამკაულებისა თუ აქსესუარების მოხსნა და დატოვებაც უწევთ.
უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ამდენწლიანი გამოცდილებისა, როგორც ჩანს, აბიტურიენტებში ტელეფონის გამოცდაზე შეტანის საკითხი კვლავ დაბნეულობას იწვევს. მათ ნაწილს ჰგონია, რომ გამორთულ მდგომარეობაში მყოფი ტელეფონის შეტანა დასაშვებია. მართალია, უშუალოდ სექტორში შესვლამდე ისინი შემოწმებას გადიან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაინც ახერხებენ საგამოცდო მერხს ჯიბეში ტელეფონით მიუსხდნენ. უმრავლეს შემთხვევაში, ეს მათ შემთხვევით, ან დაბნეულობისაგან ემართებათ, როგორც გუშინ, როცა ბათუმელი აპლიკანტი გამოცდიდან მისი დასრულების წინ მოიხსნა – მის ჯიბეში ტელეფონმა დარეკა.
ქ. თბილისში 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ჩვენი ყოფნის დროსაც მოაბრუნეს უკვე სექტორში შესული ბიჭი, რომელსაც ტელეფონი იქ აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, გამოცდა დაწყებული არ იყო და მან ტელეფონის ჩაბარება მოასწრო. სხვა შემთხვევაში იგი გამოცდას დატოვებდა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭს ეგონა, რომ გამორთული ტელეფონის შეტანა პრობლემას არ წარმოადგენდა.
ნივთების ჩასაბარებელი პუნქტებიდან აბიტურიენტები შესამოწმებელ ადგილზე ინაცვლებენ, სადაც მათ დეტექტორით ჩხრეკენ (ბიჭებს მამაკაცები, გოგონებს კი ქალები). ამის შემდეგ მათ უკვე საკუთარი სექტორებისკენ უჩვენებენ გზას და სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ ადგილს იკავებენ. ამ ტერიტორიაზე ჟურნალისტის შესვლა და გადაღება ნებადართული აღარაა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება