GE

ფსიქოლოგი გვირჩევს: 17 რამ, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, რათა მეტად თავდაჯერებული ბავშვი აღზარდოს

ერთ-ერთი დიდი საჩუქარი, რაც მშობელმა თავის შვილს შეიძლება მისცეს – თავდაჯერებულობაა. ფსიქოლოგი და მშობელთა 15 გზამკვლევი წიგნის ავტორი, კარლ პიკჰარდტი, მიიჩნევს, რომ ბავშვი, რომელიც თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდის, იშვიათად იღებს ახალ გამოწვევებს, რადგან აქვს წარუმატებლობისა და სხვათა იმედების გაცრუების შიში. ყოველივე ამან,  შესაძლებელია, მათ  ხელი შეუშალოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე და წარმატებული კარიერის შექმნაში ბარიერის როლი შეასრულოს.

„თავდაჯერებულობას ორი მტერი ჰყავს: დემოტივაცია და შიში“, – აცხადებს პიკჰარდტი. შესაბამისად, თქვენი, როგორც მშობლის, მთავარი ამოცანაა თქვენი შვილის წახალისება და მხარდაჭერა, როცა ისინი რთულ საქმეს ცდილობენ შეეჭიდონ.

ჩვენ გაგიზიარებთ 17 რჩევას, თუ როგორ აღზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი:

1.აღნიშნეთ მათი ძალისხმევა, წარმატებული ან წარუმატებული შედეგის მიუხედავად

ბავშვობიდან დიდობისკენ მიმავალ გზაზე, გაცილებით მნიშვნელოვანია მოგზაურობის პროცესი, ვიდრე დანიშნულების ადგილზე მისვლა. პიკჰარტდი გირჩევთ: შვილი გამარჯვების გოლს გაიტანს, თუ საერთოდ ააცილებს მოედანს ბურთს, დაუკარით ტაში მის ძალისხმევას. მათ არასდროს არ უნდა იგრძნონ თავი შერცხვენილად, რადგან სცადეს რაიმეს გაკეთება. „გრძელვადიან პერსპექტივაში, მუდმივ და ბეჯით მცდელობას მეტი თავდაჯერებულობა მოაქვს, ვიდრე პერიოდულად მიღწეულ წარმატებას რაიმე საქმეში,“ – დასძენს კარლი.

2.წაახალისეთ ვარჯიში, რათა ხელი შეუწყოთ კომპეტენციის ზრდას

მიეცით ბავშვს მოტივაცია, ივარჯიშოს იმ საქმეში, რითაც ინტერესდება.  ამასთან, ნუ მოაქცევთ დიდი წნეხის ქვეშ. ვუნდერკინდმა პიანისტმა, ჰარმონი შუმ, ელენ დეჯენერესის შოუში განაცხადა, რომ ფორტეპიანოზე მეცადინეობა 3 წლიდან დაიწყო. „პრაქტიკა საფუძველს უქმნის თავდაჯერებული მოლოდინის შექმნას; რომ ვარჯიშს პროგრესი და წარმატება მოჰყვება“ – გვიხსნის პიკჰარდტი.

3.დააცადეთ საკუთარი პრობლემის თავად გადაჭრა

თუ თქვენი შვილის რთულ საქმეს თქვენს თავზე აიღებთ, ისინი ვერასდროს განავითარებენ საჭირო უნარებს ან თვითრწმენას, რათა პრობლემებში გაერკვნენ და დამოუკიდებლად მოაგვარონ. პიკჰარდტს მიაჩნია: „მშობლების დახმარებამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის მიერ საკუთარი თავის დახმარების საჭიროების დანახვას და პრობლემების თავადვე გადაჭრის მცდელობას.“ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სჯობს ბავშვმა მიიღოს 7-ანი ან 8-ანი, ვიდრე 10-ები, თუ ამ პროცესში ისწავლის ამოცანების გადაჭრას და  საკუთარ თავზე მუშაობას.

4.ნუ შეუშლით ხელს მოიქცნენ მათი ასაკის შესაფერისად

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენი ბავშვი ზრდასრულივით მოიქცევა. „როცა ბავშვი გრძნობს, რომ სანიმუშოდ მოქცევა მხოლოდ მისი მშობლების მსგავსად მოქცევას ნიშნავს, არარეალისტური სტანდარტი უყალიბდება და შესაძლოა, კარგად მოქცევის სურვილი დაუკარგოს. გაცილებით დიდი ასაკისათვის დამახასიათებელი ქცევის მიზნად დასახვამ შესაძლოა, თვითდაჯერება დააქვეითოს“ – მიიჩნევს პაკჰარდტი.

5.წაახლისეთ ცნობისმოყვარეობა

ზოგჯერ, მართლაც, დამღლელია დაუსრულებელი კითხვების სერია, რომელსაც ბავშვი გვისვამს. თუმცა, ეს საქციელი წახალისებას იმსახურებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ ჰარისი, „გარდიანთან“ საუბარში აცხადებს, რომ კითხვების დასმა, ბავშვის განვითარების პროცესში, ძალიან ეფექტური სავარჯიშოა. შეკითხვის გაჩენა ნიშნავს, რომ „არსებობს რაღაც, რაც მათ ჯერ არ იციან… რომ არსებობს ცოდნის უხილავი სამყარო, რომელიც მათთვის ჯერ უცნობია“.

გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში იმ ოჯახებიდან მიდიან, სადაც ცნობისმოყვარე კითხვების დასმა წახალისებული იყო, გაცილებით წინ არიან მათ კლასელებზე, რადგან ამ ბავშვებს უკვე აქვთ მშობლებისაგან ინფორმაციის მიღების უნარები განვითარებული და, ანალოგიურად, არ უჭირთ მასწავლებლისაგან სწავლა. ასეთმა ბავშვებმა იციან, თუ როგორ ისწავლონ უკეთ და გაცილებით სწარაფად.

6.დააყენეთ ისინი ახალი გამოწვევების წინაშე

აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ შესწევს უნარი, მიაღწიოს პატარ-პატარა წარმატებებს, რათა მომავალში შეძლოს დიდი მიზნების განხორციელება. მაგალითისათვის, შეძლოს ატაროს ველოსიპედი დამხმარე გვერდითი ბორბლების გარეშე. „პასუხისმგებლობების ეტაპობრივი ზრდით, მშობლებს შეუძლიათ თავდაჯერების ზრდის ხელშეწყობა,“ – აცხადებს პიკჰარდტი.

7.ნუ გაამარტივებთ ამოცანებს და ნუ დაუშვებთ გამონაკლისებს თქვენი ბავშვისთვის

განსაკუთრებულმა მოპყრობამ თავდაჯერებულობას საფრთხე შეიძლება შექმნას. ბავშვისათვის უფლების გაზრდა არ ნიშნავს მისი გამბედავობის მომატებას.

8.არასდროს გააკრიტიკოთ მათი შედეგები

არაფერი არ უცრუებს გულს ბავშვს ისე, როგორც მისი მონდომების კრიტიკა. მათთვის პრაქტიკული რჩევების და მითითებების მიცემა კარგია, მაგრამ არასდროს უთხრათ, რომ რაიმეს ცუდად აკეთებენ.

კარლ პიკჰარდტის აზრით: „თუ ბავშვს წარუმატებლობის შიში ექნება, იმის გამო, რომ თქვენ გაუბრაზდებით ან იმედებს გაგიცრუებთ, ხელსაც აღარ მოკიდებს რაიმე ახალს. ძალიან ხშირად, მშობლის მხრიდან კრიტიკა ბავშვის თვითშეფასებასა და მოტივაციას ამცირებს“.

9.შეხედეთ შეცდომებს, როგორც განათლების შენებისათვის საჭირო აგურებს

პიკჰარდტის აზრით, „შეცდომებზე სწავლა რწმენას აღრმავებს“. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა მშობელი შეცდომებს ისე უდგება, როგორც ინსტრუმენტებს სწავლისა და გაზრდისათვის. ნუ იქნებით ზედმეტად „დაფეთებული“ მშობელი; დროდადრო მიეცით ბავშვებს შეცდომების დაშვების საშუალება, შემდგომ კი დაეხმარეთ მათ, დაინახონ რისი გამოსწორება შეუძლიათ სამომავლოდ. პიკჰარდტის აზრით, მშობლებმა ასეთ მომენტები უნდა გამოიყენონ და ბავშვებს ასწავლონ, რომ აღარ ეშინოდეთ წარუმატებლობის.

10.გაუღეთ კარი ახალ გამოცდილებებს

ფსიქოლოგის აზრით, თქვენ, როგორც მშობელს, გაქვთ ვალდებულება, რომ „აზიაროთ ბავშვი ფართო სამყაროს და ხელი შუწყოთ, მიიღოს რეალური გამოცდილება. ეს, შემდგომში, პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება .“ სიახლეებთან შეხება ბავშვებს აძლევს შეგრძნებას, რომ ერთი შეხედვით  საშიში ან უცნაური რამ, შესაძლებელია ადვილად გამკლავებადი იყოს.

11.ასწავლეთ მათ ის, რისი გაკეთებაც თავად იცით

თქვენი ბავშვის გმირი ხართ, როგორ მინიმუმ, სანამ თინეიჯერები გახდებიან. ეს ძალაა, რაც უნდა გამოიყენოთ, რათა ასწავლოთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად: როგორ იფიქრონ, მოიქცნენ ან ილაპარაკონ. აჩვენეთ მაგალითი. იყავით მათთვის მისაბაძი. თქვენი წარმატების შემხედვარე, თქვენი ბავშვებიც დაიჯერებენ, რომ ეს მათაც შეუძლიათ.

12.ნუ ეტყვით, რომ მათზე ნერვიულობთ

მშობელის მხრიდან ნერვიულობამ და ემოციების ზედმეტმა გამოხატვამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვის თავდაჯერებას.

13.შეაქეთ, მაშინ როცა რთულ სიტუაციაში არიან

ცხოვრება სამართლიანი არ არის. ცხოვრება რთულია და ყველა ბავშვს უწევს ამის სწავლა, რაღაც მომენტში. ხოლო, როცა აღმოჩნდებიან რთულ მდგომარეობაში ან რაიმე გაუჭირდებათ, მშობელმა უნდა დაანახოს, რომ გამოწვევის გადალახვა, მათ უფრო ძლიერს გახდის. აუცილებელია,  შევახსენოთ ბავშვს, რომ წარმატების გზა სავსეა ბარიკადებით.

14.შესთავაზეთ მათ დახმარება და მხარდაჭერა, თუმცა არა დიდი დოზით

პიკჰარდტის აზრით, ზედმეტად დიდი დახმარება, შეამცირებს ბავშვის მიერ საკუთარი პრობლემის მოგვარების საჭიროებას. „მშობლების მხარდაჭერა უნდა მიეშველოს ბავშვის თვითრწმენის ჩამოყალიბების პროცესს.“

15.სიხარულით შეხვდით მათ გამბედავობას რაიმე ახლის გაკეთებისას

იქნება ეს კალათბურთის გუნდში თამაშის სურვილი, თუ გორგოლაჭებით სრიალის პირველი მცდელობა, თქვენ უნდა წაახალისოთ ბავშვი, სცადონ სიახლეები, მიიჩნევს პიკჰარდტი. იგი გვთავაზობს, გამოვიყენოთ ისეთი მარტივი კომპლიმენტები, როგორიცაა: „ყოჩაღი ხარ, რომ ამას აკეთებ!“

„აკეთო ნაცნობი საქმე, ეს კომფორტია; გამბედავობა ახალი და განსხვავებული საქმის კეთებას სჭირდება“, – დასძენს იგი.

16.სწავლის პროცესს სიხარულით შეხვდით

ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მოვლენების მიმართ. თუ თქვენ გამოავლენთ აღტაცებას რაიმე ახლის სწავლის პროცესში, იქნება ეს ცურვის, თუ ახალი ენის შესწავლა, მათაც ანალოგიური რეაქცია ექნებათ. „სწავლა შრომატევადი პროცესია და როცა მიზანს მიაღწევთ, იზრდება თავდაჯერება, რომ შესაძლებელია მეტი. ასე, რომ გამოხატეთ სურვილი და მზადყოფნა, მეტისადმი“, – გვირჩევს პიკჰარდტი.

17.იყავით ავტორიტეტი, მაგრამ არ იყოთ მკაცრი

როდესაც მშობლები სიმკაცრეს იჩენენ ან არიან ძალიან მომთხოვნი, ბავშვის თავდაჯერება მცირდება. „როცა ბავშვი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, ამით ზიანდება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, – აცხადებს პიკჰარდტი.

წყარო: independent

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური