GE

„გადამოწმდეს SEU-ს აკრედიტაციის საკითხი…“ – რექტორ გია კავთელიშვილის პასუხი სტატუსშეწყვეტილი სტუდენტის მხარდამჭერ აქციაზე

„საუნივერსიტეტო პრობლემებით მინისტრი უნდა დაინტერესდეს მიუხედავად იმისა, არის თუ არა სასწავლებელი კერძო“, – ასეთია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის პოზიცია, რომელი მოთხოვნითაც მათ დღეს, 7 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართეს. იქამდე სტუდენტები SEU-ს შენობასთან იყვნენ შეკრებილი და რექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

„ჩაგვრა უნდა დასრულდეს, ბოდიში არ ტეხავს, მხარდაჭერა სტუდენტებს…“ – ასეთი იყო აქციაზე გაჟღერებული სლოგანები.

რექტორ გია კავთელიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას აქციის მონაწილეები, როგორც თავად ყვებიან, მისი მხრიდან სტუდენტებისადმი შეურაცხმყოფელი ქცევის გამო ითხოვენ. პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა კავთელიშვილისგან თანამდებობის დატოვებაც.
სტუდენტები ყვებიან, რომ აქცია თამარ ლომიძის მხარდამჭერია, რომელსაც სტუდენტის სტატუსი რექტორის გადაწყვეტილებით მას შემდეგ შეუწყდა, რაც ლომიძემ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტი ჩაგვრისგან დაიცვა.

თავად თამარ ლომიძე კი ამბობს, რომ მას არ აინტერესებს ბოდიში და საქმეს ბოლომდე მიყვება:

„ჩემი პირადი მოთხოვნა არ არის არც ბატონი გიას ბოდიში, არც მისი თანამდებობიდან გადადგომა. ჩემი პირადი მოთხოვნა არის ის, რომ გადამოწმდეს SEU-ს აკრედიტაციის საკითხი. პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ოქმზე, რომლის საფუძველზეც მე დავტოვე უნივერსიტეტი და გაეცეს პასუხი კითხვას, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად: რატომ უნდა ხდებოდეს სტუდენტი საკუთარი აზრის გამო იძულებული, რომ მან მობილობის უფლება არა უფლების, არამედ ვალდებულების ნაწილში გამოიყენოს“, – აცხადებს თამარ ლომიძე, რომელმაც უკვე მიმართა სახალხო დამცველს, რომელიც მისი თქმით, უკვე ჩართულია პროცესში.

EDU.ARIS.GE უნივერსიტეტის პოზიციის მოსასმენად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან მივიღეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ სტუდენტების პროტესტის შესახებ კითხვებს ვერ უპასუხებდა.

ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, რატომ უნდა დუმდეს უნივერსიტეტი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი და საბოლოოდ, რას ფიქრობენ – იმოქმედებს თუ არა ასეთი ისტორია უნივერსიტეტის იმიჯზე.

უნივერსიტეტმა ჯერ მხოლოდ პირველკურსელების მიერ დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებულ სტატუსს უპასუხა, შემდეგ კი განცხადება დარედაქტირდა და ასეთი განცხადების სახე მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის ცნობილია ერთ-ერთი სტუდენტის გარიცხვით გამოწვეული უთანხმოების შესახებ. საქმის დეტალურ განხილვას არ ვაპირებთ, ვინაიდან აღნიშნული არ შედის ახალგაზრდის ინტერესში. თუმცა გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ხსენებული საქმე ეთიკის საბჭოს მიერ იქნა განხილული და ამ ახალგაზრდა ადამიანს მიეცა ყველანაირი შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და განემარტა ის მიზეზები, რამაც შედეგად მისი გარიცხვა გამოიწვია. ჩვენ ვრჩებით მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი და სტუდენტების დღევანდელი რეაქცია გვარწმუნებს, რომ ისინიც იგივე მოსაზრებას იზიარებენ.

SEU-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ დემონსტრაციაში ოციოდე სტუდენტმა თუ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით არც კი არიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები.
ეთიკის საბჭომ მსგავსი შემთხვევისთვის არსებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა და მოხარულები ვართ, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში იშვიათი მოვლენაა. სრულად იქნა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინება. ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენი რეგულაციების დარღვევას და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელსაც სეუ-ს რექტორის გია კავთელიშვილის განცხადებაც ერთვის.

სეუ-ს რექტორის გია კავთელიშვილის განცხადება:

„სეუ არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი. ეს არის ადგილი, რომლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ჩემი ჩათვლით ზრუნავს იმ რვა ათასი სტუდენტის ცხოვრებაზე, მისწრაფებებსა და წარმატებაზე, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან აქ განათლების მისაღებად, ცხოვრებისეული სიძნელეების დასაძლევად და ოცნებების ასასრულებლად. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მე 14 წელია ვცხოვრობ სეუ-ში.

სრულად ვიაზრებთ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმას თუ რა გავლენას ახდენს ის ამ სტუდენტის ცხოვრებაზე. შესაბამისად, გასულ ღამეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ეთიკის კომისიის მიერ მიღებული დადგენილება დაექვემდებაროს დამოუკიდებელ განხილვას.

დილა კოლეგებთან კონსულტაციებს დავუთმე და მსურს აღნიშნული საქმის ხსენებული გზით წარმართვა. მოვიწვევთ დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც დაკონპლექტდება სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების პრეზიდენტებისგან, რათა განიხილონ ჩვენი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება. თუ ხმების უმრავლესობით დადგინდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი ის ძალაში დარჩება. სხვა შემთხვევაში, ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ და ამ სტუდენტს სურვილის შემთხვევაში დავაბრუნებ სეუ-ში.

რეგულაციების არსებობა ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოახდინოს ჩვენს მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. თუმცა დგება მომენტი, როდესაც ჩვენი უფლებები თანაგრძნობით უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც იმ ახალგზრდა ადამიანებზე ზრუნვით იქნება განპირობებული, რომელთა განათლებაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი“, – აცხადებს გია კავთელიშვილი.

ასევე იხილეთ:

რა ხდება მაშინ, როცა სტუდენტის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, განათლების სამინისტრო კი ხელს იბანს?!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური