GE

რა ხდება მაშინ, როცა სტუდენტის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, განათლების სამინისტრო კი ხელს იბანს?!

 

კავკასის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას ბრძანება სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

მიზეზი, რის გამოც კახა შენგელიამ სტუდენტს სტატუსი შეუწყვიტა

რა ხდება მაშინ, როცა სტუდენტის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, ხოლო განათლების სამინისტრო  ამაზე ხელს იბანს? მაშინ, როცა უმაღლესების ავტორიზაცია–აკრედიტაციის ახალი სტანდარტების ამოქმედების ფონზე 2018 წელი ღიად არის გამოცხადებული „უნივერსიტეტების წლად“. EDU.ARIS.GE მოგიყვებათ ერთი სტუდენტის ისტორიას, რომელიც სახელმწიფო თუ საუნივერსიტეტო გრანტის ფლობისა და წარჩინებული სწავლის მიუხედავად უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მისი გარიცხვის მიზეზი კი იმის გაპროტესტება გახდა, რომ ადმინისტრაციამ გადასახადი სწავლის შუა პროცესში, არც მეტი არც ნაკლები,  6-ჯერ  გაუძვირა!

სალომე ღლონტმა კავკასიის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ჩააბარა. მან ისარგებლა უნივერსიტეტის მიერ რამდენიმე თვით ადრე დაანონსებული ფასდაკლებით, რომელიც საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებისათვის გადასახადის შემცირებას გულისხმობდა.

უფრო კონკრეტულად,  2016 წლის აპრილში კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სამაგისტრო გრანტის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, ის სტუდენტები, რომელთა GPA ბაკალავრიატის საფეხურზე იყო 3.5 ან მეტი, უნივერსიტეტის 50%-იანი სამაგისტრო გრანტით ისარგებლებდნენ. მაგალითად, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, სტუდენტი სწავლის სრული წლიური საფასურის (4950 ლარი) ნაცვლად  გადაიხდიდა თანხის ნახევარს (2475 ლარი). ხოლო თუ სტუდენტს, ჰქონდა GPA 3.5 და ამავე დროს მოიპოვებდა სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს, მაშინ ის გადაიხდიდა 225 ლარს წლის განმავლობაში (4950/2-2250=225).

სალომე ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მან უნივერსიტეტში ყველა საჭირო საბუთი წარადგინა, მათ შორის ამონაწერი ნიშნების ფურცლიდან, რომლითაც ნათლად დასტურდებოდა, რომ მაღალი GPA ჰქონდა. ამის შემდეგ გასაუბრება გაიარა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, სადაც ასევე დაუდასტურეს, რომ იგი შემცირებულ გადასახადს გადაიხდიდა. თუმცა, რამდენიმე თვეში მას უნივერსიტეტიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გადასახადი 6-ჯერ გაეზრდებოდა, და რომ დაანონსებული ფასდაკლება შეცდომა იყო.

„უნივერსიტეტის ფინანსური განყოფილებიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ინფორმაცია, რომელიც საიტზე იდო და რომელიც მე ვნახე, პიარის სამსახურის შეცდომა იყო, ამიტომ ეს პირობა ვერ იმოქმედებდა“, – ყვება სალომე.

მან ამის შემდეგ ბრძოლა დაიწყო, რასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მისი არაერთგზის შეურაცხყოფა მოჰყვა. სალომემ სასამართლოსათვის მიმართვა გადაწყვიტა და ამავდროულად, 2017 წლის 7 ივლისს EDU.ERIS.GE-მ მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის მომხდარის შესახებ დეტალურად ყვებოდა. სწორედ ეს ინტერვიუ გახდა მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საბაბიც.

სალომე ღლონტი: მას შემდეგ, რაც თქვენს ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, მე ვაპირებდი სასამართლოსათვის მიმემართა. ამისათვის მზადება დაწყებული მქონდა. 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მივმართეთ. ვითხოვდით, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა იმ საფასურით გამეგრძელებინა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი თავიდან დაგვპირდა. ანუ, წელიწადში 225 ლარად. სასამართლომ მოკვლევა დაიწყო.

მოვიდა ოქტომბერი, მოახლოვდა სწავლის დაწყება და ყველამ შევძელით გაგვევლო რეგისტრაცია. მე ძველებურად 225 ლარის ნახევარი – 112.5 ლარი გადავიხადე, რაც ერთი სემესტრის საფასური იყო და სასურველ საგნებზე დავრეგისტრირდი. რამდენიმე დღის შემდეგ, დანარჩენი სტუდენტებისაგან, რომელთაც ასევე ჩემსავით ფასდაკლება ეკუთვნოდათ, შევიტყვე, რომ მათთვის ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ გადასახადი გაუზრდიათ. ისინი, ჩემ მსგავსად, თავიდანვე  უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ უნივერსიტეტმა პირობა შეცვალა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ამას ხმამაღლა არ გამოხატავდნენ. მე საფასური არ გამეზარდა და ჩავთვალე, რომ ეს ჩემი პროტესტის გამო მოხდა. თურმე ყველაფერი წინ იყო.

მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტისაგან მივიღე მეილზე გამოგზავნილი ბრძანება. იგი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ეხებოდა. მიზეზად კი ჩემ მიერ 7 ივლის EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებული სტატია იყო დასახელებული. ამ სტატიას ცილისმწამებლურს უწოდებდნენ და მიზანმიმართულად უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვაში მადანაშაულებდნენ. ნათქვამი იყო, რომ ჩემი ქმედება მიუღებელი იყო მათთვის და ამის გამო სტუდენტის სტატუსს მიწყვეტდნენ. თუკი ჩემი სტატია ცილისმწამებლური იყო და თუკი მასში ტყუილს ვამბობდი, მაშინ რატომ გაზარდეს გადასახადი წინა დღეს?

ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მათი მიზანი ჩემთვის ჭკუის სწავლება იყო. შედეგად მოხდა ის, რომ მე, სახელმწიფო გრანტისა და უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტი, სასწავლებლიდან  გამრიცხეს იმის გამო, რომ გავბედე და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოვიღე. იმ უსამართლობის, რომლითაც ჩემი უფლებები პირდაპირ ილახებოდა. მეგონა ასეთი რაღაცები მხოლოდ კომუნიზმში ხდებოდა და ამ პერიოდს დიდი ხნით გავცდით, მაგრამ თურმე შევცდი.

ბრძანება დარღვევებით იყო შემუშავებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუკი 7 ივლისს გამოქვეყნებული სტატიის გამო მრიცხავდნენ, რად უნდოდა ამაზე ბრძანების გამოცემას 3 თვე? ვფიქრობ, რომ მათი მიზანი სწორედ ამ დასჯისათვის სიმძაფრის შეძენა იყო – თუკი უშუალოდ სწავლის დაწყების წინ გამრიცხავდნენ, მეტად დავზარალდებოდი. შესაძლოა იმიტომაც, რომ სხვაგან მობილობა ვეღარ მომეხერხებინა და ისევ და ისევ მეტად დავზარალებულიყავი. რაც მთავარია, ეს ემთხვეოდა არა უშუალოდ სტატიის გამოქვეყნების პერიოდს, არამედ სასამართლოსათვის მიმართვის პერიოდს, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას კი მე კონსტიტუცია მაძლევს, ეს წესით გარანტირებული უნდა იყოს და ამის გამო არ უნდა ვისჯებოდე.

თანაც, დაირღვა საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, რადგან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა წესით 6 თვეზე გაწერილი პროცესია, სადაც სტუდენტისათვის ინფორმაციის წინასწარ შეტყობინებაა გათვალისწინებული და ა.შ.  მათ კი ამ ყველაფრის გვერდის გავლით ერთ ღამეში გადაწყვიტეს ჩემი გარიცხვა და მეორე დილას შემატყობინეს. მოკლედ,  შეუძლებელია იმის აღწერა თუ რამდენად შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.

ადმინისტრაციასთან მომხდარის გარკვევა არ სცადეთ?

-ვცადე და ყველა ხელებს იბანდა. ამიტომ, გადავწყვიტე ისევ სასამართლოსათვის მიმემართა, რადგან ამ ამბის ასე დატოვება წარმოუდგენელი იყო. ჩემი პირველი სარჩელი 225 ლარად სწავლის გაგრძელების თაობაზე აზრს კარგავდა, რადგან სტუდენტი საერთოდ აღარ ვიყავი და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნივერსიტეტის ბრძანების გაბათილების მოთხოვნით მივმართე. ეს დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა. ვინაიდან სასამართლო პროცესი დროში გაწელილია, სასამართლოს დამატებით მივმართე თხოვნით, რომ სარჩელი ერთი დღის ვადაში განეხილა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტუდენტის სტატუსი დროებით აღედგინა, რათა მე მობილობა, ან სასწავლო პროცესში ჩართვა შემძლებოდა.

საბედნიეროდ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დამიკმაყოფილა და სასამართლო განჩინებით ხელში კავკასიის უნივერსიტეტს წერილით მივმართე, რათა გამოეცათ ახალი ბრძანება, რომლითაც მათ წინა ბრძანებას გააბათილებდნენ. ასევე აკადემიურისა  და გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივმართე, რადგან სწავლა უკვე დაწყებული იყო და მე იმ სემესტრში სწავლის გაგრძელებას ვეღარ მოვახერხებდი. თანხა  მალევე დამიბრუნეს, მაგრამ აკადემიურზე უარი მითხრეს და განმიცხადეს, რომ ეს მას შემდეგ მომეთხოვა, რაც ახალი ბრძანებით ძველს დროებით გააბათილებდნენ.

ამის შემდეგ მათ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, სადაც საქალაქო სასამართლოს მიერ დროებითი გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნას იმით ასაბუთებდნენ, რომ მე მათთვის მიუღებელი სტუდენტი ვიყავი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის რეპუტაციას ლახავდა. თუმცა სააპელაციო სასამართლოდანაც უარი მიიღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითადი პროცესიც,  რომელიც მარტში დაიწყება, ასევე ჩემი გამარჯვებით დასრულდება. ეს ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მომდევნო საქმიანობაზე  არ მგონია სასამართლოს განაჩენმა იმოქმედოს.

რას გულისხმობ?

-იმას, რომ ვისარგებლე დროებით გაუქმებული გარიცხვით და თებერვალში მობილობით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, თუმცა ბრძოლას მაინც ვაგრძელებ, რადგან ეს პრინციპის საკითხია. ვფიქრობ, უნდა დაიშვას პრეცენდენტი, როცა განათლების სისტემაში ასე მოთარეშე ადამიანებს პასუხი გაეცემათ.

სალომე, მთელი ამ პროცესის განმავლობაში განათლების სამინისტროს თუ მიმართეთ და დასახმარებლად?

-რა თქმა უნდა. განცხადებაში მე თავიდან ბოლომდე ყველა ნიუანსი აღვუწერე. ვთხოვდი, რომ საკითხით დაინტერესებულიყვნენ და კავკასიის უნივერსიტეტის საქმიანობაზე ზედამხედველობა განეხორციელებინათ.  ეს ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა, ჩხენკელი ახალი დანიშნული იყო. მათგან მომივიდა წერილი, რომელსაც ხელს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი აწერდა. წერილში მოკლედ ეწერა, რომ ეს მათი საქმე არ იყო და გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რომ ჩემი, როგორც მოქალაქისა და სტუდენტის უფლებები ფეხქვეშ ბოლომდე გათელეს და განათლების სამინისტროს ეს არ აინტერესებდა.

მთელი ის პერიოდი, როცა მე ლექციებზე უნდა ვმჯდარიყავი, გრანტით მესარგებლა, სასამართლოდან სასამართლოში დავრბოდი საკუთარი უფლებების დასაცავად იმის გამო, რომ ვიღაც ბიზნესმენს ჩემთვის ჭკუის სწავლება მოუნდა, რადგან მისთვის მიუღებელი საქციელი ჩავიდინე. ძალიან სამწუხაროა, როცა ამ დროს სახელმწიფო მეუბნება, რომ ეს მას არ ეხება და სხვაგან გავარკვიო. ვფიქრობ, განათლების სამინისტრო მსგავსი ფაქტებით უნდა ინტერესდებოდეს და რომ არა ამ უწყების გულგრილობა, საქმე აქამდე საერთოდ არ მივიდოდა. ამიტომაცაა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა მომავალში მაინც აღარ გაბედოს კახა შენგელიამ, ან რომელიმე მისმა კოლეგა რექტორმა სტუდენტის მიმართ მსგავსი მოპყრობა.

აპირებთ თუ არა, რომ თუკი სასამართლო თქვენი სასწავლებელში საბოლოოდ აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, გააგრძელოთ ბრძოლა თავდაპირველი მიზნისათვის – გაზრდილი გადასახადის შემცირებისათვის? მიუხედავად იმისა, რომ უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ, გეგმავთ თუ არა, რომ პრინციპის გულისათვის ამისათვისაც იბრძოლოთ? თუნდაც იმიტომ, რომ სხვა სტუდენტებმა გადაიხადონ დაპირებული საფასური?

-შესაძლებელია. თუ სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები ბოლომდე დააკმაყოფილა, ვფიქრობ მერე იმის დამტკიცებაც შესაძლებელია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა სტუდენტებს სასწავლო ტარიფი უსამართლოდ გაუზარდა.

საბოლოო ჯამში, რისი თქმა შეგიძლიათ, ელოდით, რომ უნივერსიტეტი, რომელშიც მაგისტრატურაზე სწავლა გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც სტუდენტს, ასე მოგექცეოდათ?

-არა, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი მოსაყოლად  მარტივია, მაგრამ ეს იყო რამდენიმე თვიანი ნერვიულობის, გაურკვევლობის, უსამართლობის განცდისა  და დაძაბულობის პერიოდი. ის დრო, რაც სწავლისათვის უნდა დამეთმო, წარმოუდგენლად მოულოდნელ ბრძოლაში დამეხარჯა.

ბევრი მეგობრი თუ ნაცნობი მეკითხებოდა ვნანობდი თუ არა იმას, რაც გავაკეთე, რომ უსამართლობაზე ხმა ამოვიღე და თქვენი საიტის მეშვეობით ინტერვიუ გამოვაქვეყნე. ხომ არ ჯობდა მეც სხვა სტუდენტებივით გაძვირებული ტარიფით გამეგრძელებინა სწავლა და ამ ყველაფერს ავცდებოდი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა! მაშინაც და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ გაჩუმება დანაშაულში თანამონაწილეობა იქნებოდა. სწორედ ამის გამო მოგმართეთ მეორედ, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხემ ასე თუ ისე ჩაიარა. ვფიქრობ, რომ მომავალმა და ახლანდელმა სტუდენტებმა, განათლების სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა  ეს უნდა იცოდნენ – განათლების სისტემაში ასეთი მძიმე შემთხვევები ხდება, ეს სისტემის მანკიერებას ავლენს.  სამწუხაროდ, ხელისუფლებაც ამ ყველაფრის მიმართ ქმედითუნარიანი არ არის და სტუდენტებს შიშველი ხელებით გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა.

EDU.ARIS.GE-ს კომენტარის მოპოვების მიზნით კავკასიის უნივერსიტეტისთვის აღარ მიუმართავს. ვინაიდან როდესაც სალომე ღლონტთან პირველი ინტერვიუს გამოქვეყნებამდე მათ  აღნიშნული თხოვნით დავუკავშირდით, მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ელენე ჯღარკავამ განგვიცხადა, რომ სალომეს შესახებ არაფერი სმენია.

ამავე თემაზე:

სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტის წინააღმდეგ – „დანაშაული იქნება, ეს ყველაფერი შერჩეთ!“

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური