GE

გადაწერაზე 7–წლიანი პატიმრობა – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩინური ვარიანტი

შარშან, ჩინეთში საერთო სახელმწიფო გამოცდა – გაოკაო 9 მილიონზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა. მის შედეგზეა დამოკიდებული რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები. ეს გამოცდა მათ მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდები ამ პერიოდში უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან. შარშან გაოკაოს ჩაბარების წესებში ცვლილებები შეიტანეს – მათ ვისაც გადაწერის მცდელობა ექნებოდათ, ციხეში გაგზავნიდნენ.

რა არის გაოკაო?

ეს არის ძალიან მკაცრი და რთული ტესტები საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთათვის ჩინურ და ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და კიდევ რამდენიმე არჩევით საგანში. გამოცდები 1952 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. რამდენიმეწლიანი შესვენება მხოლოდ კულტურული რევოლუციის დროს გაკეთდა. გაოკაოში ჩაჭრა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების მანძილზე დაბალ თანამდებობაზე მუშაობისა და ოჯახის უკმაყოფილების გარანტიაა.

გაოკაო ძიძები (იგივე რეპეტიტორები)

გაოკაოსთვის მომზადება ძალიან საინტერესო და შემეცნებითი პროცესია, თუმცა ის საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. არსებობენ სპეციალური გაოკაო ძიძები – წარმატებული სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს გამოცდისთვის მომზადებაში ეხმარებიან.

შანხაის უნივერსიტეტის პირველკურსელი, ჩჟაო იანგი ყოველდღიურად კონსულტაციებსა და კლიენტების მომზადების უძილო ღამეებში 300 იუანს (45აშშ დოლარს) იღებს. თუმცა ასეთი რეპეტიტორები აბიტურიენტის ყველა პრობლემას ვერ წყვეტენ.

„ამ ბავშვებს კარგი განათლება აქვთ და ისინი მოსწავლეებს ძირითადად სწავლაში დახმარებასა და თანადგომას თავაზობენ, თუმცა ისინი დალაგებისა და საკვების მომზადების საკითხში სუსტები არინ“, – ამბობს სააგენტო Saima Domestic Services-ს წარმომადგენელი.

სასტუმროები ხუთოსნებისთვის

იმისათვის, რომ მოსწავლემ ტესტირების ცენტრში მისასვლელი დრო დაზოგოს, ზოგიერთ მშობელს სასტუმროს ხარჯების გადახდა ურჩევნია. ისინი თვლიან, რომ გათავისუფლებული წუთებისა და საათების დახარჯვა მასალის გადამეორებასა და გამოცდისთვის მომზადებაში ჯობს. სასტუმროების უმრავლესობა აბიტურიენტებს სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს. მაგალითად, პეკინში სასტუმროები ნომერს ღამეში 2000 იუანად (304 აშშ დოლარად) აქირავებენ. მაღალი ფასების მიუხედავად ნომრების უმრავლესობა დაკავებულია.

გაზრდილი მოთხოვნის გამო, სასტუმრო Hanting Express – ის წარმომადგენლები აბიტურიენტებს ნომრების წინაწარ დაჯავშნას ურჩევენ. რაც შეეხება სასტუმრო Sheraton – ს ის სკოლის მოსწავლეებს სპეციალურ ,,ხუთოსნების პაკეტს“ თავაზობს, რომელიც მთლიანად აბიტურიენტის კომფორტსა და მოთხოვნებზეა მორგებული.

ტაქსი გამოცდის დღეს

ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში ტაქსს, რომელსაც აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში მიყავთ სპეციალურ ყვითელ ნიშანს ანიჭებენ, რომელიც მოძრაობისას მათ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან პრიორიტეტის უფლებას აძლევს. ფუცზიანის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ტაქსის კომპანია გამოცდის დღეს აბიტურიენტებს უფასოდ ემსახურა. შანხაიში კი ტაქსის კომპანიამ Dazhong სულ რაღაც 6 საათში საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი 1000-ზე მეტი ონლაინ შეკვეთა მიიღო.

გაოკაოს წმინდა მიწა

ქალაქ მაოტანჩანში გაოკაოსთვის მოსამზადებელი ყველაზე ცნობილი ბანაკი მდებარეობს. ყოველწლიურად აქ 20 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩამოდის, რაც მთელი ქალაქის მოსახლეობას 4-ჯერ აღემარება. მაოტანჩანის სკოლაში გაოკაოსთვის მოსამზადებელ სპეციალურ კურსებს გადიან. გამოცემის China Youth Daily-ის მონაცემებით, ასეთი პროგრამა შეიძლება 8 000 $-მდე ღირდეს. სკოლაში მობილურებისა და კომპიუტერების გამოყენება სასტიკად აკრძალულია. ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში ყველა გასართობ დაწესებულებას ხურავს. ამგვარად,  აბიტურიენტებს სწავლის გარდა სხვა არჩევანი არ რჩებათ.

სტრესთან ბრძოლა

თითოეულ ჩვენგანს გამოცდებისთვის მოსამზადებელ პერიოდში სახელმძღვანელოების დახევისა და ფანჯრიდან გადაყრის სურვილი გასჩენია. საინტერესოა, რომ ჩინეთში მსგავსი ტრადიცია მართლაც არსებობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შარშან, ქალაქ სიამინში, რომელიც პროვინცია ფუცზიანში მდებარეობს, მსგავსი აქციები აიკრძლა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თვლიან, რომ აბიტურიენტებმა სტრესი „უფრო ჯანსაღი გზით“ უნდა მოიხსნან. ჩინელი აბიტურიენტები სტრესთან ბრძოლის კიდევ ერთ უცნაურ ხერხს – საზამთროების მსხვრევას იყენებენ. ქალაქ ჩუნცინში 2 000-მდე სტუდენტმა „საზამთროების ბრძოლა“ მოაწყო. თუმცა თუ საზამთროების მსხვრევა თქვენთვის არ არის განკუთვნილი, შეგიძლიათ ბუშტების ხეთქვა ცადოთ.

უსადენო ოინები

იმისათვის, რომ გაოკაოს მსვლელობის დროს გადაწერის ყველანაირი ვარიანტი გამოირიცხოს, საგამოცდო დარბაზები მკაცრად კონტროლდება. თუმცა აბიტურიენტები სისტემის მოსატყუებლად ყველანაირ ხერხს იყენებენ. მაგალითად, ულტრა წვრილ ყურსასმენებს, უსადენო კამერებსა და მიკროფონებს, რომელთაც მაისურებზე იმაგრებენ.  გამოცდაზე სმარტფონების გამოყენების აღმოსაფხვრელად, წინა წლებში ხელისუფლებამ საგამოცდო ცენტრების შესასვლელში ლითონის დეტექტორები გამოიყენა. თუმცა მათი ჩარჩოები ისე იყო მოწყობილი, რომ ისინი პრაქტიკულად ყველაფერზე რეაგირებდნენ. სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა სკოლამ გოგონებს ლითონის რკალის მქონე ბიუსტჰალტერის ჩაცმა აუკრძალა.

ერთხელ, პროვინცია ხენანში, უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ის რადიოსიხშირეებს ასკანერებდა და იმ აბიტურიენტების გამოვლენა შეძლო, რომლებიც გამოცდის დროს ფიჭური კავშირის ან ინტერნეტის გამოყენებას ცდილობდნენ. თუმცა შარშან გაოკაოს ჩაბარებისას ბევრად უფრო მკაცრი ზომები მიიღეს. მათ, ვინც გადაწერას ცდის, თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთა ემუქრება. გარდა ამისა, მათ გაოკაოსა და საერთო ნაციონალური გამოცდის ჩაბარება 3 წლის მანძლზე ეკრძალებათ. მთავრობის წევრების აზრით, მკაცრი სასჯელი გამოცდების სამართლიანად ჩაბარების საწინდარია.

სკოლის წარმოსახვითი მოსწავლები

Global Times-ში გამოქვეყნებულ Nandu Daily-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგი სასოწარკვეთილი მშობელი მზად არის უკიდურეს ზომებს მიმართოს. ისინი რამდენიმე მილიონ იუანს იმ ადამიანების დასაქირავებლად იხდიან, რომლებიც გაოკაოს მათი შვილების ნაცვლად ჩააბარებენ. ფსევდო მოსწავლეები თავიანთ ფოტოებს იმ აბიტურიენტების დოკუმენტებში აკრავდნენ, ვის ნაცვლადაც აბარებდნენ გამოცდას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გაოკაოში მიღებული ქულები წამყვან უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობას იძლეოდა, ანაზღაურების სახით 25 000-მდე იუანს (3 800 აშშ დოლარი) იღებდნენ.

შთაგონება

მაშინ, როცა სხვა ხერხი არ ჭრის, ძველი და გამოცდილი მეთოდი – მოსწავლეების შთაგონება რჩება. შარშან სტივენ ჰოკინგსი ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo იმისათვის დარეგისტრირდა, რომ აბიტურიენტებისთვის წარმატება ესურვა. მეცნიერმა ბავშვებს დიდი მოაზროვნეებისა და ნოვატორების შემდეგი თაობა უწოდა. ჰოკინგსმა დაწერა, რომ მომავალს სწორედ ისინი შექმნიან. პოსტმა Weibo-ზე ვირუსული პოპულარობა მოიპოვა. ბევრმა აბიტურიენტმა დაწერა, რომ ცნობილი ფიზიკოსის ამ სიტყვებმა ის შთააგონა და მოტივაცია მისცა. მოსწავლეებს წარმატება ასევე ცნობილმა სახეებმა, მათ შორის მომღერლებმა და მსახიობებმა უსურვეს.

ამავე თემაზე:

განსაცვიფრებელი ფოტოები ჩინეთის სტრესული მისაღები გამოცდებიდან

რით განსხვავდება ქართული და ესპანური მისაღები გამოცდები და აბიტურიენტული ცხოვრება?

როგორ ჩატარდა მისაღები გამოცდები სამხრეთ კორეაში–ჰაერში არც ბუზი და არც თვითმფრინავი აფრენილა

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური