გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იუნესკომ განათლების სფეროში COVID-19 კრიზისზე საპასუხო ზომები წარადგინა
იუნესკომ ცოტა ხნის წინ შექმნილი გლობალური კოალიციის მიღწევების ვირტუალური პრეზენტაცია და განხილვა ჩაატარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პანდემია COVID-19-ის საპასუხო ზომები, წამყვანი გამოცდილებები და მიღწევები განიხილეს.
ღონისძიება თემაზე ,,განათლება პანდემია COVID-19-ის დროს და მის შემდგომ პერიოდში“ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მისი წამყვანი იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულე იყო. მიმდინარე წლის მარტში ის განათლების საკითხებში პანდემია COVID-19-ის გამო წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ გლობალური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
პრეზენტაციაზე სენეგალის მაგალითი განიხილეს, სადაც განათლების სამინისტრომ, იუნესკომ და კოალიციის წევრმა კომპანიებმა Microsoft და Huawei, თავიანთი ძალისხმევა ათობით ათასი მოსწავლისა და მასწავლებლის მხარდასაჭერად გააერთიანეს. კომპანია Microsoft-ის მხარდაჭერით, დისტანციური სწავლების პლატფორმას, რომელზეც ამჟამად 82 000 მასწავლებელი და 500 000 მოსწავლეა დარეგისტრირებული, კიდევ 1,5 მილიონი ადამიანი შეუერთდება. იუნესკო ხელს უწყობს 200 მასწავლებლის გადამზადებას, კომპანია Huawei კი, თავის მხრივ, კავშირის გასაუმჯობესებლად, მათ საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფს.
ლიბანში იუნესკო მასწავლებლებისთვის და მოსწავლეების მშობლებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო რესურსების შექმნას უწყობს ხელს. ორგანიზაცია ასევე მხარს უჭერს ქვეყნის განათლების სამინისტროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის განვითარებას. ამ დროისათვის განათლების სამინისტრო ონლაინ პლატფორმისთვის 280 ვიდეო გაკვეთილს ამზადებს. ისინი ქვეყნის მასშტაბით 1000 სკოლასა და 200 000 მოსწავლეს მოიცავენ.
სამოაში კომპანია Vodafone-მ 60 000 მოსწავლისა და მასწავლებლისთვის საჭირო მასალების უფასო წვდომისთვის 7,5 მილიონ აშშ დოლარის მობილიზება შეძლო. კომპანია Orange აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პლატფორმებზე უფასო წვდომას ბურკინა-ფასოში, გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უზრუნველყოფს. ანალოგიური შეთავაზება მალე ხელმისაწვდომი ბოტსვანაში, კამერუნში, კოტ-დ’ივუარში, ლიბერიასა და მადაგასკარში, ასევე ეგვიპტეში, იორნადიაში, მაროკოსა და ტუნისში იქნება.
კოალიციის პარტნიორებთან Coursera, Dior, Festo, Huawei, IBM, Microsoft, Orange Digital Centres, PIX, WorldSkills International და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნარების შეძენის გლობალური აკადემია შეიქმნა. ის მილიონ ახალგაზრდას ციფრულ სფეროში ცოდნის მიღებისა და სამსახურის პოვნის საშუალებას აძლევს.
იუნესკოს გენერალური დირექტორის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა ეთიოპიის პრეზიდენტმა და სამოას პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება