გაეროს გენერალური მდივანი იმ კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს, რომლის წინაშეც განათლების სფერო დგას
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერიშის მიერ წარდგენილი კონცეპტუალური ჩანაწერის, ,,განათლება პანდემია COVID-19-ის ეპოქაში და მომდევნო წლები”, მიხედვით, განათლების სისტემაში მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი გარღვევები შეინიშნება. ამ მდგომარეობის გამო საჭირო უნარებისა და ცოდნის დაკარგვა მოსწავლეების არაერთ თაობას ემუქრება. კონცეპტუალური ჩანაწერი იუნესკოს მონაცემებს ეყრდნობა და იმ რეკომენდაციებს მოიცავს, რომელთაც მოახლოებული კატასტროფის გაუნებელყოფა შეუძლია.
გენერალური მდივნის კონცეპტუალურ ჩანაწერზე მუშაობას სათავეში იუნესკო ჩაუდგა და მასში 15 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მასალებია გამოყენებული.
,,პანდემიამდე განათლების სფეროში კრიზისს არაერთხელ შევეჯახეთ. ამჟამად ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ის ბავშვების მთელ თაობას შეეხო და მას ადამიანების პოტენციალის გაუფასურება შეუძლია. გარდა ამისა, პანდემიამ ათწლეულით შეაფერხა განათლების სფეროში მიმდინარე პროგრესი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული უთანასწორობა განსაკუთრებულად გაამწვავა“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
დოკუმენტში ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს განათლების სფეროში არსებული პრობლემების წინა პლანზე წამოწევისა და მასში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ამ მიზნით, იუნესკო მსოფლიო კონფერენციის სპეციალურ სესიას მიმდინარე წლის ბოლომდე მოიწვევს.
იუნესკოს მონაცემებით, პანდემიის დროს, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, თითქმის 1,6 მილიარდი მოსწავლე (რაც მათი საერთო რაოდენობის 94%-ს შეადგენს), სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის გამო დაზარალდა. მათგან ას ქვეყანას სკოლების მუშაობის განახლების თარიღი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია.
კონცეპტუალურ ჩანაწერში მოყვანილი იუნესკოს პროგნოზის მიხედვით, 24 მილიონი მოსწავლე 2020 წელს სასწავლო დაწესებულებაში არ დაბრუნდება. განსაკუთრებული რისკს ქვეშ მყოფი მოსწავლეების დიდი ნაწილი, 5,9 მილიონი ადამიანი, სამხრეთ და დასავლეთ აზიაში ცხოვრობს. კიდევ 5,3 მილიონი ბავშვი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, აფრიკის ქვეყნებში, საჰარას სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. ორივე რეგიონი განათლების სფეროში სერიოზულ პრობლემებს ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე შეეჯახა, რაც სავარაუდოდ მათ მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს.
იუნესკოს მონაცემებით, განსაკუთრებულად უმაღლესი სასწავლებლები დაზარალდებიან. აქ მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო მოსწავლეების რიცხვი 3,5%-ით, ანუ 7,9 მილიონი ადამიანით შემცირდება. რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, პროგნოზის მიხედვით, მოსწავლეების რაოდენობა 2,8%-ით, ანუ 5 მილიონი ბავშვით შემცირდება.
იუნესკოს გენერალური მდივნის, ოდრი აზულეს თქმით, ეს მონაცემები ხაზს უსვამს უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის აუცილებლობას. მისი თქმით, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მსოფლიოს შედარებით რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის არის.
სკოლების დახურვამ ხელი არამხოლოდ საგანმანათლებლო პროცესს შეუშალა. ახალი კორონავირუსის ფონზე მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო ბავშვების ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფა, მათ შორის ბალანსირებული კვება გართულდა. გარდა ამისა, სკოლების დახურვა ასევე ქალებსა და გოგონებზე განხორციელებული ძალადობის რისკს ზრდის.
კონცეპტუალური ჩანაწერის თანახმად, რომელშიც ხაზგასმულია განათლების როლი ეკონომიურ პროგრესში, ხაზგასმულის, რომ მსოფლიო ლიდერების, დაინტერესებული მხარებისა და მთლიანად საგანმანათლებლო საზოგადოების საერთო მიზანი ამ სფეროს გადარჩენა და განვითარების ხელშეწყობა უნდა გახდეს.
გაეროს კონცეპტუალური ჩანაწერი კამპანია #SaveOurFuture (,,გადაარჩინე ჩვენი მომავალი”) ერთად არის გამოქვეყნებული. ის ათი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით იმართება და მასში მონაწილეობას უამრავი პარტნიორი იღებს. მისი მიზანია გლობალური საგანგებო სიტუაციის ცნობადობისა და მომავალში უფრო სრულყოფილი და ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემის შესაქმნელად ინვესტიციების გაზრდაა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება