გაგრძელდება თუ არა 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ამ დრომდე გრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დრომდე 10 780 მოქალაქეა დაბრუნებული და მათ შორის 682 სტუდენტია, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად, ან სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით იმყოფებოდნენ.
ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროექტებით იმყოფებიან. რამდენი სტუდენტი რჩება საქართველოს საზღვრებს გარეთ, როგორია მათი მდგომარეობა, ჩაეთვლებათ თუ არა დაბრუნებულებს პროგრამები გავლილად და როგორი იქნება ზოგადად საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ბედი მომავალი წლისთვის? – EDU.ARIS.GE ამ საკითხებით დაინტერესდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი მიმართვის პასუხად მხოლოდ ქვეყანაში დაბრუნებული სტუდენტების რიცხვი მოგვაწოდეს და განმარტეს, რომ მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, რადგან მოქალაქეების დაბრუნების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
„კარგად მახსოვს, იტალიაში რომ ჩავედით გაბრწყინებული თვალებით, თითქოს წინ ცხოვრების ახალი ჰორიზონტი გადაგვეშალა… ბევრს მოველოდით და ბევრი გეგმებიც გვქონდა, მაგრამ ხანდახან ცხოვრებაში ყველაფერი კარდინალურად იცვლება ხოლმე. ასე და ამგვარად, ჩვენთვის მოულოდნელად ვირუსის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. ერასმუსის ცხოვრებას მოწყურებულები ყოველ დღე თავს ვიტყუებდით, რომ დღეს თუ არა ხვალ ყველაფერი გამოსწორდებოდა და ისევ შევძლებდით სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრებით გვეცხოვრა… მაგრამ გულის სიღრმეში ყველას გვეშინოდა – თითოეული წამოხველება, თავის თუ ყელის ტკივილი პანიკაში გვაგდებდა… წარმოიდგენთ როგორ ნერვიულობდნენ ჩვენზე ჩვენი მშობლები და რა მნიშვნელოვანი იყო მათთვის, როცა უნივერსიტეტისგან ამხელა მხარდაჭერას გრძნობდნენ. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ერასმუსის კოორდინატორი, რადგან 24/7-ზე ჩვენთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა. ასევე, არ შემიძლია არ ვთქვა თუ როგორ ზრუნავდა ჩვენზე საქართველოს საელჩო იტალიაში. ყოველდღე გვირეკავდნენ და ჩვენს მდგომარეობას ამოწმებდნენ. მოკლედ, მიხარია და მეამაყება, რომ საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად უმკლავდება ამ ვირუსით გამოწვეულ პრობლემებს და ზრუნავს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასა და ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ყველაფრისა, იტალიაში გატარებულმა დრომ ბევრი რამ მასწავლა და შემმატა“, – ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ თამთა ანდღულაძის ემოციებია, რომელიც მან სოციალურ ქსელში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაავრცელა.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების ნაწილი ამ ეტაპზე კვლავ მიმღებ უნივერსიტეტებში რჩება, ნაწილი კი – საქართველოში იმყოფება. უნივერსიტეტს 2020-2021 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო პროგრამებზე კონკურსები უკვე გამოცხადებული აქვს.
„ქართველი სტუდენტების უმრავლესობა საზღვარგარეთ დარჩა და მობილობას აგრძელებს ადგილსამყოფელ უნივერსიტეტში. მცირე ნაწილი კი, რომელიც მარტის განმავლობაში დაბრუნდა საქართველოში, სწავლას თსუ-ში აგრძელებს, ან მიმღებ უცხოურ უნივერსიტეტში გადის სასწავლო პროგრამას ელექტრონულად. თსუ-ის ყველა საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტი, რომელიც მიმდინარე სემესტრში უნდა ჩამოსულიყო თბილისში, ჩამოვიდა პანდემიის გამოცხადებამდე. ვფიქრობ, პანდემია არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენი სტუდენტების მოტივაციაზე ისწავლონ საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობებისთვის კონკურსი უკვე გამოცხადებულია სწავლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის და აპლიკანტთა მხრიდან აქტიურობა მაღალია“, – ამბობს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ-ის განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით კი, 2019-2020 სასწავლო წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო სქემების მეშვეობით, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლა საქართველოს 161-მა მოქალაქემ გააგრძელა. ეს ქვეყნებია: უნგრეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ნორვეგია, დანია, სლოვაკეთი და ცენტრს პანდემიის პირობებში მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა პროგრამაზე მიღება ისევ გრძელდება.
„საგანგებო მდგომარეობის პირობებში, განათლების საერთაშორისო ცენტრი დისტანციურ რეჟიმში, თუმცა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, არ შეჩერებულა არც ერთი სასტიპენდიო სქემა. სასტიპენდიო პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინ რეჟიმში მოგვიწია საკონსულტაციო პროცესების გადატანა, რადგან საბუთების მიღება ყოველთვის ელექტრონული სისტემებით ხდებოდა. არ შეცვლილა შეფასების პირველი ეტაპის პროცედურები, რადგან აქაც კომისიები მხოლოდ ელექტრონულ რეჟიმში მუშაობდნენ. ცვლილება შეეხება მხოლოდ გასაუბრების ნაწილს, რადგან თუ გასულ წლებში აპლიკანტთა მხოლოდ 10-12% გამოდიოდა დისტანციურ გასაუბრებაზე, წელს 3 პროგრამაში ყველა კონკურსანტი ონლაინ გასაუბრებაზე იყო მოწვეული, ასევე გაგრძელდება სხვა პროგრამების შემთხვევაშიც“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს განათლების საერთაშორისო ცენტრში.
მათი ინფორმაციით, პროგრამების მომავალი და ვადები ბევრადაა დამოკიდებული მიმღებ უნივერსიტეტებზე და მათ გადაწყვეტილებებზე.
“ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მიმღებ უნივერსიტეტებზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის უნივერსიტეტებში რაიმე სახით შეფერხდება გადაწყვეტილების მიღება სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცენტრიც შესაბამისად იმოქმედებს (მაგ.: შეიცვლება ვადები). ყველა ის სტიპენდიატი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ამ ეტაპზე ქვეყანაშია. ახლა მიმდინარეობს მაისის ბოლოს და ივნისის თვეში დაბრუნების მსურველთა შესახებ ინფორმაციის თავმოყრა“, – აცხადებენ განათლების სერთაშორისო ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დაბრუნებული და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი სტუდენტებიც სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ და სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამის დიპლომებსაც მიიღებენ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ქვეყანასა და უმაღლეს სკოლას აქვს თავისი სამოქმედო სტრატეგია, მაგალითად, არის ქვეყნები და პარტნიორები, რომლებიც სტიპენდიატებს მიმღებ ქვეყანაში დარჩენის რეკომენდაციას აძლევენ, მაგ.: ასეთი რეკომენდაცია მიეცათ უნგრეთში ,,სტიპენდიურ ჰუნგარიკუმის’’ ფარგლებში დაფინანსებულ მოქალაქეებს. მეორეს მხრივ: საქართველოში დაბრუნდა იტალიური სასტიპენდიო პროგრამის ყველა მონაწილე.
მთავრობასთან შეთანხმებითა და სტიპენდიატთა ჩართულობით, მათი საჭიროებების კვლევის მიზნით კითხვარის მომზადება იგეგმება – კითხვარის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრება კონკრეტული აქტივობები/სამოქმედო სტრატეგია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით. სამომავლო სტრატეგია ასევე განისაზღვრება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სკოლების გადაწყვეტილებების საფუძველზეც, თუ როგორ და რა ფორმატში გააგრძელებენ ისინი სტიპენდიატების მიღებას მომავალი აკადემიური სემესტრიდან.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება