გაიცანით 2016 წლის სამაგისტრო გამოცდის ყველაზე მაღალი შედეგის მქონე მაგისტრანტები
მაგისტრატურის საფეხურზე სახელმწიფო დაფინანსების მქონე სტუდენტების სია უკვე გამოქვეყნდა. 2016–17 სასწავლო წელს მათი რაოდენობა 895-ია. მათგან ყველაზე მეტი, 308, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალქულიანი მაგისტრანტებიც თესეუელები არიან, ისინი, რომლებმაც ბაკალავრიატი თსუ-ში დაამთავრეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მაგისტრატურის საფეხურზე თსუ აღარ აირჩიეს. ამ მიზეზებს სტუდენტები თავად ხსნიან ჩვენთან საუბარში. EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა, როგორ მიიღეს ყველაზე მაღალი ქულები ამ სტუდენტებმა, რეპეტიტორის დახმარებით, თუ დამოუკიდებლად გავიდნენ ამ შედეგზე. რას ფიქრობენ იმ უნივერსიტეტებზე, რომლებიც დაამთავრეს და გაუმართლა თუ არა იმ სასწავლებლებმა იმედები, სადაც მაგისტრატურაზე ჩააბარეს. EDU.ARIS.GE-მ მათ სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათ უმეტესობას საზღვარგარეთ სწავლა ან მუშაობა აქვს მიზნად დასახული.
წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალქულიან მაგისტრებს შორის ოთხს, რომლებმაც 2016–17 სასწავლო წლისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ყველაზე დიდი შედეგი აჩვენეს.
ქეთევან გოლეთიანი. ჩააბარა A ტიპის ტესტი. მაქსიმუმი 78 ქულიდან 74,8 აიღო. ეს შედეგი A ტიპის ტესტისთვის ყველაზე მაღალია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამაზე, საჯარო მმართველობა, ჩავაბარე. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინარული პროგრამაა, თსუ და გერმანიის ასდმინისტრაციული ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ ამ პროგრამას. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტოლოგიის მიმართულებით. ტარტუში ვიყავი გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა სადაც ჩავაბარე, ინგლისურენოვანი პროგრამაა და ძალიან ბევრი ლექტორია გერმანიიდან. ითვალისწინებს სტაჟირებას საქართველოში, ან გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების საჯარო სტრუქტურებში. პრაქტიკულ კურსსაც გავდივარ. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოვასწარი უცხოეთის უნივერსიტეტებში საბუთების გაგზავნა, ვიფიქრე, რომ ეს იყო ყველაზე მისაღები პროგრამა ჩემთვის. მოლოდინებიც გამიმართლა. ძალიან საინტერესო საგნებს გავდივარ. უცხოელი ლექტორები ჩამოდიან. ინტენსიური კურსები გვაქვს. საქართველოშიც აუცილელად უნდა გაიარო სტაჟირება საჯარო სექტორში, თუ თავად ვერ ახერხებ, პროგრამა გიკეთებს სტაჟირებას, ან დასაქმებული თუ ხარ საჯარო სექტორში, გეთვლება კრედიტებში. უცხოეთში სტაჟირებაც არის სავალდებულო.
გამოცდისთვის ბოლო რამდენიმე კვირა ვიმეცადინე და ვიარე მასწავლებელთან, რომ გამეხსენებინა. არ გამჭირვებია ჩაბარება. მათემატიკური ნაწილი მეადვილა. ტესტებზე თუ იმუშავებ ცოტა ხანი, გაგახსენდება. მე განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ.
4 400 ლარი ღირს ამ პროგრამაზე სწავლა და გრანტით მხოლოდ ნახევარს ვიხდი, ნახევარს თავად ვაფინანსებ. ეს პროგრამა უცხოეთის სტაჟირების გამო და უცხოელი ლექციების გამო ღირს ამდენი.
შიდა გამოცდისთვის ითხოვდნენ ინგლისური ცოდნას, მაგრამ მე მაქვს IELTS სერტიფიკატი. ის მივიტანე და მისი ქულა რომ დაანგარიშდა, მათი ტესტისთვის ჩამითვალეს ას ქულად. გასაუბრება ინგლისურად იყო. ასევე მივიტანე ნიშნების ამონაწერი, CV და ამის საფუძველზე ამარჩიეს. რეიტინგში უნივერსიტეტშიც პირველი ვიყავი, შიდა დაფინანსებასაც ველოდებოდი, მაგრამ რადგან სახელმწიფო გრანტი გაქვს, შიდა დაფინანსება არ გაიცემაო.
სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. თუ საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით განხორციელდა, მინდა, ცოტა ხანს უცხოეთში დავრჩე, თან ვიმუშაო და თან ვისწავლო. მომავალში, ალბათ, რომელიმე საჯარო სტრუქტურაში ვხედავ ჩემს თავს. ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ.
რა უნდა ვურჩიო მომავალ მაგისტრანტებს? რეალურად, არ უნდა ძალიან ბევრი მეცადინეობა. ტესტებს თუ გაიხსნებენ და ყურადღებით დაწერენ, არაა რთული გადასალახი. გრანტი მაგაზეა დამოკიდებული და ცოტა მეტი უნდა მოინდომონ. ტესტების გაკეთებას თუ დაიწყებენ რამდენიმე კვირით ადრე, მართლა არ არის რთული და დაუძლეველი.
ალექსანდრე მეგრელიშვილი. c ტიპის ტესტში აიღო ყველაზე მაღალი 74.8 ქულა 78-დან.
ახლა ვსწავლობ new vision-ში, შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე. მანამდე ვსწავლობდი ასევე იურიდიულ ფაკულტეტზე თსუ-ში. გარდა ამისა, გაცვლითი პროგრამით ვიყავი ტარტუს უნივერსიტეტში ერთი სემესტრი. მაგისტრატურისთვის არ მოვმზადებულვარ. 2 დღით ადრე გადავხედე ტესტებს, წარმოდგენა რომ მქონოდა, რას ვწერდი გამოცდაზე.
ვმუშაობ იურიდულ ფირმაში, „ერისთავი და პარტნიორები“. სწავლაში მაქსიმალურად ხელს მიწყობენ, მაგრამ სწავლა საღამოს საათებში მაქვს და არაა ლექციებზე სიარული ამ მხრივ პრობლემა. თუმცა იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესში ვიღებ მონაწილეობას. მსოფლიოს უნივერსიტეტებიდან სტუდენტები ქმნიან გუნდებს და შემდეგ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არის იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესი. ამისთვის გავდივართ კვლევის პროცესს. ამ კვლევას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. მაგრამ იქაც ხელს მიწყობენ.
„ნიუ ვიჟენმა“ ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ლექციები ძალიან საინტერესოა და ლექტორებიც კვალიფიცირებულები არიან. სასწავლო გარემო მოწესრიგებულია და რასაც ველოდი, მოლოდინებსაც გადააჭარბა.
სწავლის გაგრძელებას ვაპირებ საზღვარგარეთ. ან მაგისტრატურაზე, ან დოქტურანტურაზე, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია. ქვეყანა, სავარაუდოდ გერმანია. კორპორატიული სამართლის მიმართულებით მინდა სწავლის გაგრძელება. ასევე უცხოურ იურდიულ ფირმაში ვისურვებდი მუშაობას, მიზნად მაქვს დასახული. ეს იდეალისტური და ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება არაა.
რატომ „ნიუ ვიჟენი“ და არა თსუ? ალბათ, იმიტომ, რომ ამ პირობებში ცოტა უფრო მეტი განათლება მიმეღო. თან თსუ-ის სწავლების დონე არაა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. სილაბუსები მოძველებულია და ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე გამოწვევებს. ლიტერატურაც საკმაოდ მოძველებულია. მასალებიც, რომელიც მე მჭირდებოდა, არ იყო ხელმისაწვდომი. „ნიუ ვიჟენი“ საქართველოს პირობებში უკეთესია, თუმცა ყველაფერი შედარებითია.
გიორგი ჭყოიძე. B ტიპის ტესტში ყველაზე მაღალი ქულა 78-დან 72 აიღო.
მაგისტრატურაზე ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებაზე „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“. ანალიტიკურ წერაში დამაკლდა მარტო ქულა, დანარჩენებში უმაღლესი ავიღე. 20-ქულიანი იყო თემა და 14 ავიღე.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ იმიტომ გადავწყვიტე, რომ თავად პროგრამა მომეწონა. სხვა უნივერსიტეტები, პრინციპში, არ განმიხილავს. ბაკალავრიატი „თავისუფალ უნივერსიტეტში“ დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზეც, დაახლოებით, იგივე საგნები ისწავლება და ლექტორებიც იგივეა. აქ დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო სხვა კუთხით ვისწავლი. საშუალოდ გამიმართლა კიდეც მოლოდინი, მაგრამ ძალიან მომწონს-თქო რომ ვთქვა, არა. უფრო მეტს ველოდი.
ვმუშაობ აუდიტორულ კომპანიაში და ლექციები 7-ზე ტარდება კვირაში 3-4ჯერ, სწავლაში ხელი არ მეშლება.
ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის რეპეტიტორთან არ დავდიოდი. თითქმის არ მოვმზადებულვარ. წინა წლების გამოცდის ტესტებს გადავხედე, მოვემზადე-თქო, ვერ ვიტყვი. უნივერსიტეტში წერილობითი გამოცდა იყო. რეიტინგი დგებოდა მაგიტრატურის და შიდა გამოცდის ქულით. შიდა გამოცდაში 91 ავიღე. რეიტინგში მეოთხე ვიყავი. 7 500 ღირს ერთი წელი, ჯამურად 15 ათასი. რეიტინგში ათეულში მოვხვდი და ამ სემესტრში არაფერი გადამიხდია. შემდეგი რეიტინგი უკვე შიდა ქულებით დგება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ფინანსური ანალიტიკოსის სერტიფიკატის აღება მინდა. ჯერ-ჯერობით საქართველოში ვაპირებ მუშაობას. ესაა ჩემი სამომავლო გეგმები.
მარიამ მალიძე. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე C ტიპის ტესტში 78 ქულიდან 71.6 ქულა დააგროვა და შედეგების მიხედვით პირველ სამეულშია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც, 4 წლის წინ, ასევე ტოპ ათეულში მოხვდა შედეგების მიხედვით.
„ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე და თსუ ჩემთვის ყოველთვის მშობლიურ უნივერსიტეტად დარჩება. თუმცა მინდოდა მაგისტრატურაზე ახალ გამოწვევებს შევჭიდებოდი და სწავლა განსხვავებულ გარემოში გამეგრძელებინა. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით ჩემი არჩევანი რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ძალიან მომეწონა შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც ახლა ვსწავლობ. პროგრამის ფარგლებში ბევრი საინტერესო და განსხვავებული, თანამედროვეობაზე მორგებული კურსია შემოთავაზებული. მათი არჩევა და სასწავლო გეგმის შედგენა კი სტუდენტს თავის ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია. გარდა ამისა, განმაპიროებებლი ფაქტორი იყო ჩემი საყვარელი ლექტორი და მის გარშემო შემოკრებილი პროფესიონალ ლექტორთა გუნდი. ასევე, მიმზიდველი იყო ის უშუალო და მეგობრული გარემო, რაც, როგორც წესი, თან ახლავს პატარა უნივერსიტეტებს.
მიხარია, რომ უნივერსიტეტმა ჩემი მოლოდინები გაამართლა. გამიმართლა, რომ მყავს ძალიან კარგი, წარმატებული და ჭკვიანი კურსელები, რომლებთან ერთად სწავლაც სასიამოვნოა.
სამწუხაროდ, სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებლად დიდი დრო ვერ გამოვნახე. გამოცდების წინ მხოლოდ 2 კვირით ადრე მოვახერხე გადამეხედა მასალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ C ტიპის ტესტში უფრო რთული წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერის კომპონენტები იყო, ყველაზე მეტად მათემატიკური ნაწილი მაშინებდა, რადგან აბიტურიენტობის შემდეგ მათემატიკასთან შეხება თითქმის არ მქონია. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მას დავუთმე. ესეს წერაში გავარჯიშება კი გამოცდის წინა დღეს მოვახერხე.
ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირებას გავდივარ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ასევე ჩართული ვარ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში.
მომავალში, ჩემს თავს რომელიმე საერთაშორისო იურიდიული კომპანიაში ვხედავ. აგრეთვე, დიდი სურვილი მაქვს, შევძლო ცოდნის გაღრმავება საზღვარგარეთ.
რომელ უნივერსიტეტს ჰყავს ყველაზე მეტი გრანტიანი მაგისტრანტი 2016–17 სასწავლო წელს
გრანტირებულ მაგისტრანტთა სია – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2016
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
