გაიცანით 2017 წლის აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით ჩააბარა
აბიტურინტობა რეპეტიტორთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფთან სიარულისა და დამატებით მეცადინეობის გარეშე საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია. ოჯახების უმეტესობა შვილების მომზადებას ერთი, ორი, ან რამდენიმე წლით ადრეც კი იწყებს და ამისათვის ოჯახის ბიუჯეტიდან საკმაო თანხებსაც იღებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ შთამბეჭდავი ხარჯების დასაფარად მათ უამრავ რამეზე უწევთ უარის თქმა.
თუმცა, არსებობენ იშვიათი გამონაკლისები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სათანადო ცოდნას მოსწავლე სკოლაშიც მიიღებს და თუკი საკუთარი ძალებით იმეცადინებს, არც ჩაბარებაა შეუძლებელი. თეონა ლეჟავა ერთ-ერთი მათგანია. მან კატეგორიული უარი თქვა რეპეტიტორებზე და 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სასურველი შედეგიც მიიღო – დღეს ის იმ უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელში ჩაბარებაც ყველაზე მეტად უნდოდა.
გარდა ამისა, თეონა რამდენიმე ადგილას მუშაობს, დაკავებულია არაერთი აქტივობით და ჯერ კიდევ მე-9 კლასში საოცნებო პროფესია – ჟურნალისტიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აითვისა. დიპლომი არა, მაგრამ სათანადო ცოდნა მიიღო.
-ბევრისათვის რეპეტიტორთან მომზადების გარეშე უნივერსიტეტში ჩაბარება წარმოუდგენელია. მოგვიყევი, როგორ შეძელი ეს?
– ზოგადად აბიტურიენტობა დაკავშირებულია რეპეტიტორებთან, ძალიან დიდ ნერვიულობასთან და ლოგიკურიცაა, რადგან პროფესიას ირჩევ, მომავალს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. თქვენს კითხვას რაც შეეხება- როგორ მოვახერხე ეს, ბავშვობას გავიხსენებ, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყალიბდები და გიყალიბდება ის თვისებები, რომელსაც მერე გამოიყენებ. ჰოდა მეც ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენე. ბავშვობიდან დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი, რაც ძალიან გამომადგა შემდეგ წლებში ჩემი თვითრეალიზაციისათვის. მახსოვს, ჩემი კლასელები ბავშობიდანვე დადიოდნენ სხვადასხვა საგნებზე მასწავლებლებთან, ან მშობლები ეხმარებოდნენ. ჩემი ცოდნის წყარო კი წიგნები, კომპიუტერი და ადამიანებთან ურთიერთობა იყო, რისგანაც დიდ გამოცდილებას ვიძენდი. ასევე დამატებითი აქტივობები, ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ყველგან.
დამამთავრებელ კლასებში, როდესაც გამოცდების პერიოდი გვიწევდა, ჩემმა კლასელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს რეპეტიტორებთან სიარული. ყოველ დღე რუტინულად უწევდათ თითქმის ერთი და იგივეს კეთება. შედეგად, ცდებოდნენ იმ სხვა აქტივობებს, რომლებსაც შეეძლოთ უფრო მეტად გაეზარდათ თუნდაც პიროვნულად. მე კი არასდროს არც ერთი გამოცდისთვის რეპეტიტორთან არ მივლია, არც კატის და არც ეროვნული გამოცდებისათვის.
ქართულის გამოცდაზე მშვიდი შევედი, გაწონასწორებული, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ, რომ რაღაცას ვერ გავაკეთებდი, რაღაც ისე ვერ იქნებოდა როგორც მე მინდოდა და აუცილებლად გამიჭირდებოდა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვემზადებოდი. არადა, არასდროს მქონია,იმის განცდა,რომ მე სხვების დაუხმარებლად ვერაფერს გავაკეთებდი, ან ისეთი ხარისხიანი არ იქნებოდა. არასდროს მიფიქრია, რომ თუ რეპეტიტორი არ მყავდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინმეზე ნაკლები უნდა მცოდნოდა. პირიქით, მეტად მქონდა იმის ამბიცია, რომ მათზე ბევრი მეკეთებინა. არცოდნის გამართლება ის არაა, რომ მასწავლებელთან არ ემზადები. საქართველოში ხომ ზოგადად ასეთი სტერეოტიპია – თუ არ ემზადები ეს იმას არ ნიშნავს,რომ ვერ ჩააბარებ და პირიქით, თუ ემზადები- აუცილებლად ჩააბარებ. ვერ დავუშვებდი, რომ რამე არ გამომსვლოდა და ეს ჩემი არასწორი მსჯელობით გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო.ეს ეს არის ზომიერი თავდაჯერებულობის შედეგი.
– იმ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოხვდი,რომელი გინდოდა?
– ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობებიც მაინტერესებს და შეიძლება მომავალში ამ მიმართულებითაც გავაგრძელო სწავლა. დიახ, ნამდვილად ის ფაკულტეტი და უნივერსიტეტია, რომელიც მინდოდა. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე.
– როგორ ფიქრობ, რატომ ემზადებიან ახალგაზრდები დამატებით რეპეტიტორებთან?
– შეუძლებლად მიაჩნიათ იმ ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არიან. ფიქრობენ, რომ მათ გარეშე შეუძლებელია თემის დაწერა, უნარების სწავლა. რეალური მიზეზი კი ისაა, რომ მათ არ უნდათ, ან არ შეუძლიათ დროის სწორად გამოყენება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დროის განაწილებას ვერ ახერხებ და მეცადინეობა გეზარება. უბრალოდ უნებისყოფობაა, როდესაც არ შეგიძლია საკუთარ თავი აიძულო და გარკვეული დრო მეცადინეობას დაუთმო. ერთ-ერთ მიზეზად მიმაჩნია საკუთასრი თავის არასაკმარისი რწმენაც.
– ვიცით,რომ მუშაობ და აქტიურად ხარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. მოგვიყევი ამის შესახებ
– როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა აქტივობებით ბავშობიდან ვარ აკავებული, თუმცა რაც ეხება პროფესიას, რომელზეც სამომავლოდ ვფიქრობ, ეს ჟურნალისტიკაა. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით დამეწყო მუშობა. პირველი სტაჟირება 15 წლის ასაკში გავიარე ონლაინ ტელევიზია „მომავალი TV”-ში, სადაც კულტურაზე მიმყავდა გადაცემა „ინსპირაცია“, შემდეგ იყო „თრიალეთი’“ პირდაპირი ეთერი, ასევე ნიუსებს ვწერდი არასამთავრობო ორგანიზაციებში(,ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი”,JEJE.GE), შემდეგ იყო ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“, სადაც დღემდე ვმუშაობ.
გამოცდის წინა დღესაც რადიოში ვიყავი, დედა ნერვიულობდა გამოცდა ცუდად არ დამეწერა, არ გადავღლილიყავი და უკვირდა ამდენს როგორ ვასწრებდი.
– ჟურნლისტიკით ხარ დაინტერესებული და რატომ არ ჩააბარე ამ ფაკულტეტზე?
– მიუხედავად იმისა,რომ ჟურნალისტიკით ვარ დაინტერესებული და სამომავლოდაც ამ მიმართულებით ვაპირებ მუშაობას, ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მაინცდამაინც ჟურნალისტიკაზე უნდა ჩამებარებინა. ეს საქმე ისედაც ვისწავლე – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 1 წელი დავდიოდი ჟურნალისტიკაზე, შემდეგ იყო თსუ -ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დავდიოდი და ლექციებს ვესწრებოდი. მახსოვს, ერთ-ერთ სემინარზე გამოკითხვისას ლექტორმა მთხოვა ერთ-ერთი წიგნის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. საუბრისას ვახსენე, რომ სტუდენტი არ ვიყავი. ცოტახანში შემომიბრუნდა და მკითხა თუ რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მისთვის დაუჯერებელი იყო, რომ სტუდენტი არ ვიყავი და ჩემი პასუხი არასწორად გაიგო. როცა ვუთხარი,რომ სკოლის,მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, ძალიან გაუკვირდა, მისმა კომპლიმენტებმა მოტივაცია გამიზარდა. დიპლომი არ ამიღია, თორემ ჩვეულებრივ გავიარე ყველა საგანი.
უნივერსიტეტის შემდეგ იყო და არის ტრენინგ-სემინარები, პრაქტიკა. შესაბამისად ამ გამოცდილების შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ისევ ჟურნალიტიკის ფაკულტეტზე სწავლა დროის ხარჯვა იქნებოდა . ვფიქრობ, ახლა, როცა სხვა სპეციალობები მექნება, უფრო კომპეტენტური ჟურნალისტი ვიქნები.
–რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა გახდა აბიტურიენტი?
-არაა საჭირო გყავდეთ მასწავლებელთა მთელი არმია იმისათვის, რომ ეროვნულები ჩააბაროთ, რადგან ეს ყველაზე მარტივი გამოცდაა თქვენ ცხოვრებაში. წლების შემდეგ ალბათ მივხვდებით, რომ სკოლა მხოლოდ ფორმალურ განათლებას კი არა, არაფორმალურსაც გვაძლევს, რაც მე ძალიან დამეხმარა. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რას აკეთებთ სკოლის გარეთ და რამდენად აქტიურები ხართ. არ აქვს მნიშვნელობა ნიშანს, არ მიაქციოთ ყურადღება იმას თუ რა დაგიწერათ ისტორიაში მასწავლბელმა, მთავარია გამოხვიდეთ ჩარჩოებიდან და დაამსხვრიოთ სტერეოტიპები.
2017 წლის ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ფაკულტეტი
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება