გაიზრდება თუ არა მასწავლებლის საბაზო ხელფასი 2018 წლის ბიუჯეტით
პარლამენტში წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ზრდა არ იგეგმება. ამასთან დაკავშირებით პრეტენზია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო რატიანმა უმცირესობის სხდომაზე გამოთქვა. ინფორმაცია მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემაც დაუდასტურა, თუმცა დაამატა, რომ პედაგოგებს ხელფასების მომატების საშუალება დამატებითი გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში აქვთ.
როგორც EDU.ARIS.GE-სთან სერგო რატიანი ამბობს, ხელფასები არც იმ ადამიანებს ეზრდებათ, რომლებსაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება აქვთ შესრულებული, არიან სერტიფიცირებული, თუმცა მახინჯი სქემის გამო საათობრივ დატვირთვას არიან მიბმულები.
„დაახლოებით 8000 მასწავლებელია, რომელსაც ეკუთვნის 800 ლარი და იმიტომ, რომ მიბმულია საათობრივ დატვირთვას, მათ არ აძლევენ ამ თანხას და ეს უსამართლობაა. გარდა ამისა 5000 მასწავლებელია, რომელთაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები და იმიტომ რომ სქემა არის მახინჯი და მიმართული იმისკენ რომ შეაყოვნოს საფეხურობრივი წინსვლა, ამ ადამიანების ხელფასებიც არ იზრდება. ბიუჯეტის პროექტით, ასევე არ იზრდება იმ ადამიანების ხელფასებიც, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც არის კლება“, – ამბობს განათლების კომიტეტის წევრი.
პარლამენტის განათლების კომიტეტის ოპოზიციონერ წევრს პრეტენზია განათლების სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარების დაპაუზებაზეც აქვს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აპელირებენ, რომ ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე, ამ მიმართულებით თანხები არაა გაზრდილი, ისევე, როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით ინფრასტრუქტურის ხარჯები არაა გაზრდილი.
რატიანის შეფასებით, მხოლოდ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის შეჩერება ნიშნავს რეფორმების შეჩერებას და სერიოზულ პრობლემას განათლების სისტემაში.
პარლამენტში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 9 ოქტომბერს დაიწყო. განათლების საკითხებზე ბიუჯეტის ხარვეზებზე იყო საუბარი განათლების კომიტეტზეც და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზეც. როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მიუხედავად, იმისა რომ ჯამში განათლების მიმართულებას მომდევნო წლის ბიუჯეტით 62 მილიონი ლარი ემატება, ეს სიტუაციას მნიშნველოვნად არ აუმჯობესებს, რადგან ძირითადი საკითხები, როგორიცაა პედაგოგების ხელფასები, ინფრასტრუქტურული ხარჯები, პროფესიული განათლება, მეცნიერება, ინოვაციების ხელშეწყობა ბიუჯეტის პროექტით მნიშვნელოვნად მაინც არაა გაუმჯობესებული.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება