გამოცდა პროფესიულ უნარებში და პრაქტიკის კომპლექსური შეფასება, – როგორ აიმაღლებენ სტატუსს მასწავლებლები
როგორც ცნობილია, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
პირველი და უმთავრესი ცვლილების თანახმად, გაუქმებულია მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად კრედიტქულების დაგროვების სისტემა (ამაზე საუბარი, დიდი ხანია, მიმდინარეობს, თუმცა ცვლილება მთავრობის დადგენილებაში 26 ივნისს აისახა.ავტ.)
მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთი გზა აქვთ შეთავაზებული. კრედიტქულების დაგროვების სისტემა შეცვალა გამოცდის დაწესებამ და ახლა წამყვანის და უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებს პროფესიული უნარების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ კი, გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მოიცავს მასწავლებლის კომპლექსურ შეფასებას.
„წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
თითქმის მსგავსი ფორმატით ხდება მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, თუმცა განსხვავება პროფესიული უნარების ტესტის თავისებურებაშია, ასევე პრაქტიკულ ნაწილშიც, რომელიც მენტოროების მსურველს მენტორის სტატუსის შესაბამისად მოეთხოვება.
„მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს; გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას. მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, – ვკითხულობთ მთავრობის N 390-ე დადგენილებაში.
დადგენილების მეოთხე მუხლი ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებებს, რომელიც მოიცავს გასავლელი ტრენინგკურსების საათებს და ასევე გაკვეთილებზე დასწრების რაოდენობას სტატუსების მიხედვით.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია: სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება); თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა; ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა: უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი; წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი; მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი; ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება; კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
სიახლეა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც. მე-16 მუხლში საუბარია, რომ სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საფუძველია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას. სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და ადგენს ახალ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.
რაც ყველაზე მთავარია, მასწავლებლის სქემაში გაჩნდა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია: პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი; უფროსი სპეციალური მასწავლებელი; წამყვანი სპეციალური მასწავლებელი. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი. სქემაში ასევე ჩაიწერა სტატუსების მინიჭების გზები:
„უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა“, -წერია დადგენილებაში.
ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში; ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
IX თავში გარდამავალი დებულებები აისახა. პირველ რიგში, განისაზღვრა სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები:
„პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აქვთ, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.
მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:
გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;
დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით“,- აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
გარდამავალი დებულებები ეხება უფროს მასწავლებლებსაც, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დაწყებული აქვთ კრედიტქულების დაგროვება.
„სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №205/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვროთ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება და წარმატებით გავლის შემთხვევაში 2020 წლის ბოლოს მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლისთვის ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განესაზღვრება, გამოსწორებული ხარვეზის გათვალისწინებით, გამოსწორებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის და შეფასების ვადები. ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დადებითი შეფასების შემთხვევაში მიეცემა უფლება გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება 2020 წლის სექტემბრიდან.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებით წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მონიტორინგისა და შეფასების გახორციელების უფლებამოსილება აქვთ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ექსპერტებს;მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს“, – აღნიშნულია ცვლილებებში.
ხოლო წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
რაც შეეხება არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობებს, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
„2023 წლამდე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ კომპეტენციას 10-10 კრედიტქულაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 7-7 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, მას უფლება ექნება დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;
გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ პროფესიული უნარების და რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა და მოპოვებული აქვთ ან 2023 წლამდე მოიპოვებენ წინსვლისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა“, – ვკითხულობთ მთავრობის 390-ე დადგენილებაში.
რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდების განრიგს, როგორც დადგენილებაშია აღნიშნულია 2021 ზაფხულში უზრუნველყოფენ გამოცდების ჩატარებას.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება