GE

გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების კრიტიკას პასუხობს

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტური დავალებების შესახებ კრიტიკული სტატია EDU.ARIS.GE-მ გამოცდის ყველა სესიის დასრულების შემდეგ, 9 ივლისს გამოაქვეყნა, რასაც გამოცდების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელთა ჯგუფის ხელმძღვანელ ნანა ლოლაძის გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ მივეცით საშუალება ცენტრს თავიანთი პოზიცია წერილობითი სახით წარმოედგინათ და მას უცვლელი სახით გთავაზობთ:

“ვებგვერდის aris.ge რედაქციას,

ქ-ნ ნანა გოგშელიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ძნელია კამათი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან, რომელიც უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამბობს: „ვერა და ვერ ავშორდით ამ რომანტიკოსებს“ (იმავე „წარმატებით“ შეიძლება ითქვას იგივე, ვთქვათ, ჰაგიოგრაფიულ ტექსტებზე, „ვეფხისტყაოსანზე“ და სხვ.) ან „ნაკლები მხატვრული ღირებულებისაა გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“,  ან „დავით გურამიშვილი… სალაპარაკოდ მაინც გაცვეთილი თემაა“, ან „ვერ აშორდნენ ლადო ასათიანს, რომანტიკოსებს და გაცვეთილ ფრაზებს  ვეფხისტყაოსნიდან“ და სხვ.

როგორ უნდა დაუმტკიცო ადამიანს, რომ „გასარედაქტირებელი ტესტი“ არ არის  „გათვლილი“ „ბავშვის…გამოჭერაზე“? როგორ უნდა ეკამათო სპეციალისტს (ამ შემთხვევაში, რეპეტიტორს), რომელმაც არ იცის, რომ პარალელური ფორმებიდან არც ერთი არ ჩაეთვლება აბიტურიენტს შეცდომად (სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არ არის წინასწარ ცნობილი, თუ რამდენი შეცდომაა გასასწორებელ ტექსტში)? ან რა არგუმენტებით უნდა ესაუბრო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელსაც ბრუნება ჰგონია ის, „დიოკლიტიანე“ უნდა დაიწეროს, თუ „დიოკლეტიანე“?..

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი სიამოვნებით მიიღებს და გაითვალისწინებს კრიტიკულ შენიშვნებს, ოღონდ ეს შენიშვნები მეტ-ნაკლებად დასაბუთებულ არგუმენტებზე უნდა იყოს დამყარებული და არა იმაზე, მოსწონს თუ არა ვინმეს გრიგოლ ორბელიანისა თუ ლადო ასათიანის შემოქმედება”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საპასუხო ცერილში.

არის თუ არა ნანა გოგშელიძესთან ინტერვიუში დასაბუთებული და არგუმენტირებული კრიტიკა, შეგიძლიათ იხილოთ გამოქვეყნებული სტატია და გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია.

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური