„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ
„წლევანდელი გამოცდები ტესტები იგივეა, რაც წინა წლებში იყო. ვერა და ვერ ავშორდით ამ რომანტიკოსებს. ნაკლები მხატვრული ღირებულებისაა გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, რომელიც წელს მოვიდა გამოცდაზე. არადა სულ იმას ვამბობთ, რომ საინტერესო მასალას გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვები. „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ნუთუ აღარ მოძველდა? ან რაღა საჭიროა? მე ძალიან მიყვარს დავით გურამიშვილი, მაგრამ სალაპარაკოდ მაინც გაცვეთილი თემაა“, – ასე აფასებს ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, რეპეტიტორი ნანა გოგშელიძე 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტურ დავალებებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
–რატომ მიიჩნევთ რომ ქართულის წლევანდელ გამოცდაზე მოსული საკითხები გაცვეთილი თემებია?
მათ ძალიან კარგად იციან ჩვენი სკოლების დონე. „კატის“ გამოცდაზე ჩაიჭრა ბევრი ბავშვი და ეშინიათ. „კატის“ გამოცდაზე ასე თუ ისე სწავლობენ და თხოვენ რომანტიკოსებს და ეროვნულებზეც რომ უფრო გაუადვილდეთ ჩაბარება, იმიტომ მოაქვთ. ფიქრობენ, რომ ეს თემა მოსწავლეებმა უკვე იციან. მე სხვა ახსნა არ მაქვს! აბა, კომისიას ეზარება უფრო საინტერესო საკითხების მოფიქრება? მე ამას ვერ ვხსნი. იციან სკოლების საშუალო დონე, იციან ბავშვების აქილევსის ქუსლი – ეს არის წაკითხულის გააზრება და კიდევ ყველაფერი მოდის სკოლებიდან! ბავშვები მიჩვეულები არიან თავისი სკოლის მასწავლებლებისგან სიუჟეტების მოყოლას. ანუ ბავშვს შინაარსს თვითონ პედაგოგი აწვდის. მოსწავლემ ფაბულა უკვე იცის და არ მუშაობს ტექსტთან. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ როცა აბიტურიენტი რჩება მარტო უცხო ტექსტთან, ის უკვე ვეღარ იაზრებს მას. ამას უნდა მიექცეს სკოლებში ყურადღება, არავითარ შემთხვევაში სიუჟეტების გადმოცემაზე არ უნდა დაიკარგოს დრო. უნდა ხდებოდეს ანალიზი, დისკუსიები, ასე გაფართოვდება აზროვნების თვალსაწიერი.
–რას იტყვით გრამატიკის ნაწილის ტექსტზე, რომელსაც რედაქტირება უნდა გაუკეთონ აბიტურიენტებმა?
–რაც შეეხება გრამატიკას, რამდენიმე შეცდომა წინა წლების მსგავსი იყო. „იან“ სუფიქსის ადეკვატური გამოყენება, ასევე წევრ-კავშირის „რომელიც“ ჩასმა რიცხვში. ასეთი შეცდომები გადმოყვება ხოლმე, ბოლო რამდენიმე წელია, ტესტებს. სამწუხაროდ, რეპეტიტორებიც კი, გრამატიკის საფუძვლების ნაცვლად, ამჯობინებენ ტიპური მაგალითების სწავლებით რაღაცის მექანიკაში გადაყვანას. ეს ყველაზე საშინელი ტენდენციაა.
ეროვნული გამოცდის გასარედაქტირებელი ტესტი გათვლილია არა ბავშვის ცოდნის შემოწმებაზე, არამედ გამოჭერაზე. იპოვის თუ არა ბავშვი ამ შეცდომას, მაგრამ რა ტიპის შეცდომაა, ამას ვერ დააკონკრეტებს.
ერთ-ერთ ტექსტში გრამატიკული შცდომა იყო გასასწორებელი „შემოწირულობა“. ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთ-ერთ მართებულ ფორმად მიჩნეულია „შემოწირულება“. ეს რას ემსახურება, ვერ ვხვდები. დღეს ენათმეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ორთოგრაფიული ლექსიკონი განახლებას მოითხოვს. ძალიან ბევრი საზოგადოებაში დამკვიდრებული ფორმა, პარალელური ფორმით უნდა შევიდეს ლექსიკონში. ეს არის სერიოზული უზუსტობა, რომელიც გამოსასწორებელია.
გვარების ბრუნებაზე იყო გასასწორებელი დავალება: „მთაწმინდელი“ იკუმშება თუ არა. ბავშვს „წერეთლის“ და „მაჩაბლის“ მაგალითზე ნასწავლი აქვს, რომ „ელ“ სუფიქსიანი გვარი იკუმშება. რა ქნას აბიტურიენტმა, როგორ გადაამოწმოს? მას არ აქვს საკუთარ სახელთა საძიებელი. რომ ჩაწეროს „მთაწმინდელი“ ინტერნეტში, ერთგან ამოუგდებს სწორ ფორმად „მთაწმინდლის“, მეორეს -„მთაწმინდელის“. რა ქნას აბიტურიენტმა, შეკუმშოს თუ არა? თუ შეკუმშავს ქულა დააკლდება, თუ არ შეკუმშავს არ დააკლდება? როგორ აბალანსებენ?
ტესტები რომ იდება, რატომ არ მოჰყვება მას სწორი ვარიანტები? რისი ეშინიათ? ამ ბავშვებმა გამოცდა ხომ უკვე წერეს?! ზუსტად გვითხრან, გასარედაქტირებელ ტექსტში რამდენს თვლიან შეცდომად! დაგვიდონ ზუსტად და თქვან, თითოეულ ვარიანტში რამდენი შეცდომა უნდა გვეპოვა!
მესამე სესიაზე მოვიდა საკუთარი სახელის ბრუნება შესასწორებლად – „დიოკლიტიანე“. ერთმა აპლიკანტმა მითხრა, იმიტომ კი არ გავასწორე რომ „დიოკლეტიანე“ მიმაჩნდა სწორად, არამედ ისტორიის წიგნში მაქვს წაკითხული, რომ „დიოკლეტიანე“ იყოო. მასთან ერთად ჩავწერე „დიოკლიტიანე“„გუგლში“ და არაერთი მასალა ამომიგდო ამ სახელზე. იქვე პარალელურ ფორმად მიჩნეულია „დიოკლიტიანე“. რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?
–მსგავსი გამონაკლისების შესახებ სახელმძღვანელოებში არ არის მოცემული ინფორმაცია?
–საკუთარ სახელთა ბრუნებაზე, რაც მე მისწავლია უნივერსიტეტში და შემდგომ ასპირანტურაში, (ასევე დღეს ყველა რეპეტიტორი იყენებს „თვალთვაძის“ სავარჯიშოებს, რომელიც, ჩემი აზრით, არაფერია. ვინც ამას დასჯერდება, ის პედაგოგი ამ წიგნით ფონს გადის. სამწუხაროდ, აი, იმ სავარჯიშოს ანალოგიებით არის ტესტური დავალებები შედგენილი. იქაც საკუთარ სახელთა საძიებელი) ტოპონიმიკა ყველგან ძალიან ცუდად არის წარმოდგენილი. მითითებულია ზოგადი ტენდენციები, რომელიც ახასიათებს ზოგადად ადამიანის საკუთარ სახელთა ბრუნებას.
რაც შეეხება უცხოურ სახელთა მართლწერას, ამაზე არ არსებობს არც ორთოგრაფიული ლექსიკონში, ან თუ ახლავს მცირედი სახით, მაგრამ ამ საძიებელს რომელი აბიტურიენტი ნახავს?
„კატის“ გამოცდებზეც წინააღმდეგობაში მოვდივართ. გამოდის, სკოლაში არ ვასწავლით გრამატიკას და საატესტატო გამოცდებზე მოითხოვება გრამატიკის დეტალური ცოდნა.
–ანუ, თქვენი აზრით, ასეთი ორაზროვანი ცნებები არ უნდა მოვიდეს გამოცდაზე?
–რა თქმა უნდა, არა! როდესაც ასეთი საორჭოფო ცნებებია, ასეთ დროს ვის მხარეს გადაწონის სასწორი? ასეთი საორჭოფო ფორმა მხოლოდ გამოჭერას ემსახურება! ეს არ არის ცოდნის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ტესტი აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს შედგენილი, რომელიც არ დატოვებს არც გამოსწორებელში, არც აპლიკანტში, უხერხულობის განცდას! ჩვენ გვაქვს გამონაკლისები და სასწავლო სახელმძღვანელოებშია შესული. თუ იქიდან მოვა საკითხები, მაშინ გექნება არგუმენტი, რომ ეს იქ წერია. მაგრამ ნამდვილად არ არის საპროგრამო ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოგდებული „შემოწირულება“. კანონზომიერება დღეს რატომ არის, სწორი ფორმა „შემოწირულება“? „ები“,„ობა“ სუფიქსების ხმარება არის ძალიან სპეციფიკური. ამას ზუსტად აკეთებს ის, ვინც ენას ძალიან კარგად ფლობს!
გრამატიკის ტესტში არის ძალიან მარტივი საკითხები, ამასთანავე არის საორჭოფო საკითხები, კალკები. ამას მივყავართ ისევ იმ საკითხამდე – სკოლაში რატომ არ ისწავლება იგივე კალკები? არც ერთი მასწავლებელი ყურადღებას არ აქცევს ამას. საერთოდ სტილისტიკას ყურადღებას აქცევს ვინმე სკოლაში?
წლევანდელი გასარედაქტირებელი ტექსტი, ჩვენს პედაგოგებს რომ შევუტანოთ, დარწმუნებული ვარ, საორჭოფო ფორმას თვითონ ვერ იპოვიან ისინი.
მარტო ერთი რედაქტირებით აბიტურიენტების ცოდნის შემოწმება ვერაფრით ვერ ხდება. იზუთხავენ წინა წლების შეცდომებს, მაგრამ რომ კითხო, ეს აქ რატომ დაწერე, ვერ გიპასუხებენ. მექანიკაში გადადის ეს და ვინაიდან შეცდომები ყველა წლის ტესტში მეორდება, ამაზე აკეთებენ სუსტი ბავშვები აქცენტს და აღარ სწავლობენ.
–თქვენი აზრით, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისას ქართული ენასა და ლიტერატურაში?
–რატომ ხდება რომ ტესტებში აქცენტი კეთდება პუნქტუაციაზე? მაშინ, როდესაც ყველაზე საინტერესო საყრდენი ქართული ენის არის ზმნა? ყველაზე მნიშვნელოვანი და ტევადი, სავსე ფორმა, უგულვებელყოფილია. ვერ აცდნენ ასეთი ტიპის შეცდომას, „გააკეთებიეს“. დიალექტური ფორმები მოსწონთ უფრო. ანუ არ ვეხებით ზმნის კატეგორიებს და იქვე საჭიროა 200 მძიმის დასმა. როდესაც თემა სწორდება, იქ პუნქტუაციური შეცდომები მინიმუმ 2 ქულაა, თუკი ასეთი შეცდომებია. გრამატიკის ნაწილში კი პუნქტიაციაზე მოდის, ლამის, 70%.
თუ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდები, თუ გვჭირდება რომ მათ თავიანთი მშობლიური ენა კარგად იცოდნენ, ავათისებინოთ ზმნა ისე, როგორც საჭიროა. როგორც კი ტესტებში ბავშვები დაინახავენ, რომ რომელიმე წლის ტესტში, ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, ზმნაზე კეთდება სერიოზული აქცენტი, აუცილებლად იგრძნობენ ამას და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ზმნის კატეგორიების სწავლას.
–მთლიანობაში როგორ შეაფასებდით წლევანდელ ქართულის გამოცდას, წინა წლების ტესტებთან შედარებით გართულდა თუ გამარტივდა?
–2005 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გამოცდები ტარდება, ჩვენმა ტესტებმა განვითარება ვერ განიცადა. როგორც ტესტები ვერ განიცდის განვითარებას, ისე ჩვენი საშუალო სკოლების დონე ისევ ისეთია, როგორც რეფორმამდე. ტესტები პირდაპირ ასახავს, ლაკმუსის ქაღალდია, ჩვენი სკოლების, პედაგოგების საერთო დონის. ტესტში უნდა იყოს მარტივი, საშუალო სირთულის და რთული საკითხები. ჩვენთან ტექნიკის თვალსაზრისით ასეთი კარგად შედგენილი ტესტი ვერ არის. ან არის აბსოლუტურად მარტივი, ან არის საორჭოფო, ან ისეთი ფორმა, რომელიც არ გაუგიათ, ან გაუგიათ და ყურადღება არ მიუქცევიათ.
მე მყოლია რუსულენოვანი აბიტურიენტები, რომლისთვისაც ქართული გრამატიკა ძალიან რთულია. თუმცა წაკითხულის გააზრების ხარჯზე ისინი იოლად გადიან და ზღვარს ლახავენ. მაგრამ, მთლიანობაში, ეს ტესტი ენის ცოდნის დონის შესამოწმებლი ნამდვილად არ არის.
რეგრესი განიცადა ტესტებმა, ბოლო ორი წელიწადია. სკოლაში 11 ათასი ჩაჭრილის ფონზე ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ფასიანი ფაკულტეტები? ამიტომ ვერაფრით ვერ რთულდება ტესტები. მაგრამ ერთ-ერთი სესიაზე, თუ გაქვს პრეტენზია, რომ სხვასთან შედარებით რთული უნდა იყოს, საინტერესო მასალა შესთავაზე. 2012 წლიდან ვეძებ გემრიელად დასაწერ ტექსტს, მაგრამ ვერ ვნახე. ვერ აშორდნენ ლადო ასათიანს, რომანტიკოსებს და გაცვეთილ ფრაზებს ვეფხისტყაოსნიდან, რომლის მხოლოდ და მხოლოდ სიუჟეტი ესმით ბავშვებს და იმის სიღრმეზე არაა ლაპარაკი.
ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელი: „ზოგიერთი ვარიანტის სირთულე აბსოლუტურად ნორმალურია“
რატომ მეორდება დავალებები ზოგად უნარებში – შედეგების გამოქვეყნების დრო ცნობილია
2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე გგამოყენებული ტესტები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება