GE

გამოცდების პირველი დღე – კმაყოფილი აბიტურიენტები, ჯიუტი მშობლები, უპრეცედენტო გამონაკლისები და პანდემიის მოულოდნელი „ხიბლი“

„ამაზე ვნერვიულობდი?“, „ამაზე მარტივი რაღა უნდა მოსულიყო“, „ასე ადვილად ჯერ არაფერი გამიკეთებია“ – მსგავსი ფრაზებით ტოვებდნენ საგამოცდო ცენტრებს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტები, რომელთაც დღეს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური შეკრება – ერთიანი ეროვნული გამოცდები, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, დღეს, 09:00 საათზე დაიწყო. კორონავირუსმა შეცვალა გარკვეული წესები და როგორც ზოგიერთი აბიტურიენტი მიიჩნევს, თავად ტესტებიც კი.

EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმა, ქვეყნის მასშტაბით, არ აერთი საგამოცდო ცენტრი მოიცვეს. მათ მკითხველისათვის გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი ასახეს და დღის განმავლობაში გიყვებოდნენ კიდეც.

გამოცდების პირველ სესიაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. მათ მოუწიათ აქამდე უჩვეულო პროცედურების გავლა – კერძოდ, ცენტრში შესვლა კონკრეტული დისტანციითა და პირბადით, სიცხის გაზომვა, ხელების მუდმივი დეზინფექცია და დამცავი ბარიერებით აღჭურვილ მერხებთან ჯდომა. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების გამო, სარეზერვო სივრცეში 4 აპლიკანტი განთავსდა. 2 მათგანი კი, ექიმის გადაწყვეტილებით, გამოცდიდან საერთოდ მოიხსნა. მათ PCR ტესტის გაკეთების რეკომენდაცია მიეცათ. გამოცდიდან ასევე მოიხსნა ერთი აპლიკანტი, რომელსაც მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

აბიტურიენტების ნაშრომები, შემოწმების დაწყებამდე, რამდენიმედღიან კარანტინს გაივლიან.

მართლაც მარტივი იყო თუ არა ტესტი?

როგორც უკვე ვახსენეთ, EDU.ARIS.GE -ს ჟურნალისტები არაერთ ცენტრთან იყვნენ მობილიზებულები. შესაბამისად, ისინი გამოცდიდან გამოსულ უამრავ აბიტურიენტს გაესაუბრნენ. გამოცდაჩაბარებული აპლიკანტები სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებშიც აქტიურობენ. ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ტესტი იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ზოგიერთმა მათგანმა პარალელი წინა წლებში გამოყენებულ ვარიანტებთან გაავლო და მიიჩნია, რომ წლევანდელი ვერსია უფრო გამარტივებული იყო. ისინი მათთვის სასიხარულო ფაქტს პანდემიასა და იმ სირთულეებს უკავშირებენ, რომლებთან გამკლავებაც, მის გამო მოუწიათ. ახალგაზრდები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის ფონზე ისინი ცოტა „დაინდეს“ და მდგომარეობა ტესტით გაუმარტივეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ ეს მას დამკვირვებლებმაც დაუდასტურეს:

„დამკვირვებლები თავიდან ცოტა გვესაუბრნენ განტვირთვის მიზნით – მაქსიმალურად მოეშვითო, რაღაც ძალიან ელემენტარული საკითხები იქნება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარეო“, – ამბობს რუსთაველი აბიტურიენტი.

„მეც ვფიქრობ, რომ მარტივი იყო. მარტივი ტექსტები შეგვხვდა, მაგალითების მოყვანაც მარტივი იყო. დრო საკმაოდ ბევრია, ადრე გამოვედი. ისიც მოვასწარი, რომ ყველაფერი ჯერ შავ ფურცელზე დამეწერა და მერე გადამეტანა. იმდენად მარტივად ჩაიარა ყველაფერმა, რომ მგონია შემდეგ ორ გამოცდასაც ძალიან ადვილად დავწერ“, – გვითხრა 177-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„როგორც პირველი გამოცდა, ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. არაფერი მოსულა რთული. ისეთი საკითხები შეგვხვდა, რომელზეც მარტივად იმსჯელებდი, არ იყო დამაბნეველი. მართლა არ ველოდი ასე თუ გამიადვილდებოდა“, – დასძენს კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა ასევე 177-ე სკოლაში ჩააბარა.

„მარტივი იყო საკმაოდ“,- ეს კი ქუთაისელი მარიამ ღუღუნიშვილის სიტყვებია, რომელიც გამოცდით კმაყოფილია – „ ყველაზე მეტად ესეზე ვნერვიულობდი და ისეთ საკითხზე მოვიდა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დაწერა არავის გაუჭირდებოდა,“ – ამბობს ის.

თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტების სიმარტივეს, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ამის დადგენა შეუძლებელია.

„რაც შეეხება იმას ტესტი მარტივი იყო თუ რთული, ამას ერთეული შემთხვევების მაგალითზე ვერ ვიტყვით, როდესაც შედეგები გვექნება და სტატისტიკური ანალიზი გაკეთდება, აი მაშინ შეგვიძლია ვთქვათ ტესტი მარტივი იყო თუ რთული“, – განაცხადა ჩვენი კითხვის პასუხად გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.

სასიამოვნო გარემო

ვინც აბიტურიენტების ჯგუფებს და ასევე, ჩვენს სტატიებს თვალს ადევნებს, ეცოდინება, რომ საგამოცდო პროცესი ახალგაზრდებს საკმაოდ რთულად წარმოედგინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ არაკომფორტული გარემო დახვდებოდათ – ცხელი ოთახები, გამორთული კონდიციონერები, სავალდებულო პირბადეები და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მკაცრი დამკვირვებლები. დღეს კი, თითოეული მათგანი, ხაზს უსვამდა, რომ მოლოდინი არ გამართლდა და გარემო მაქსიმალურად მათ კომფორტზე იყო მორგებული.

“ძალიან კარგი გარემო შემხვდა – მომღიმარი პერსონალი, არანაირი ზედმეტი საუბარი“, „მეგონა უჰაერობა და სიცხე დაგხვდებოდა. ნამდვილად არ ცხელოდა. კონდიციონერი გამოვრთეთ, რადგან საჭიროება საერთოდ არ იდგა“, „თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობდი. ეს, უდავოდ, დამკვირვებლების დამსახურება იყო“, – ასე გამოხატავენ ისინი ემოციებს და მიიჩნევენ, რომ ორგანიზატორები, სავარაუდოდ, განსაკუთრებულად შეეცადნენ პანდემიის გამო დასტრესილი აბიტურიენტებისათვის მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო შეექმნათ.

„შესანიშნავი გარემო იყო, სასიამოვნო და ყურადღებიანი დამკვირვებლებით. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კომფორტი შეექმნათ და გამოუვიდათ კიდეც. არც ტემპერატურა გვაწუხებდა და არც ხმაური. კონდიციონერი იყო თავიდან ჩართული და მაგ მომენტში პირბადე გვეკეთა. მერე შემოგვთავაზეს, რომ კონდიციონერს თუ გათიშავდნენ პირბადის მოხსნას შევძლებდით და უმრავლესობამ ეგ ვარჩიეთ. პირბადე ჩამოვიწიეთ და ფანჯრები ღია დატოვეს“, – ამბობს მარიამ ღუღუნიშვილი.

ჯიუტი გულშემატკივრების „კლასტერი“

კორონავირუსმა და გამოცდებამდე პერიოდში არაერთგზის თხოვნამ თუ მოწოდებამ ვერაფერი დააკლო ისეთ „ტრადიციას“, როგორიც საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტის მთელი ოჯახის მიერ მიცილება და დასრულებამდე იქ ლოდინია. საგამოცდო ცენტრებთან ხალხმრავლობა ადრე დილიდან დაიწყო და მდგომარეობა გამოცდის დასრულებამდე არ შეცვლილა. მშობლები, ოჯახის წევრები არ ჯერდებოდნენ უბრალოდ ცენტრთან შვილის მიცილებას. ჯგუფად შეგროვებული გულშემატკივრები, ფაქტობრივად, შესასვლელს უხერგავდნენ აბიტურიენტებს და მათ ცენტრში მოსახვედრად გზის გაკვლევა სიმჭიდროვესა და ხალხმრავლობაში უწევდათ. საგამოცდო ცენტრების თანამშრომლები, დროდადრო, მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ამაოდ.

სიტუაცია შუადღეს გართულდა – მზის ზენიტში ასვლისა და ცენტრებთან მდგარი თითო-ოროლა ხის ჩრდილის შემცირების გამო, გულშემატკივრები კიდევ უფრო შემჭიდროვდნენ და მათ შორის არათუ 2-მეტრიანი, უმეტესად, 20-სანტიმეტრიანი დისტანციაც კი არ იყო. აღსანიშნავია, რომ პირბადე თითქმის არავის კეთებია.

,,კორონა არა კორონია. არ მინდა და არ ვიცავ რეკომენდაციებს“, „,სახლში ნამდვილად ვერ დავრჩები“, „ყველა აქ დგას და მე რატომ უნდა დავრჩე სახლში?“, – ასე პასუხობდნენ ისინი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტების შეკითხვებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პრობლემას არ უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამის საწინააღმდეგოდ დამატებით ზომებს მიიღებენ.

,,რაც შეეხება დისტანციის დაცვას გულშემატკივრებში, გიდასტურებთ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, თხოვნისა და იმისა, რომ გარე პერიმეტრი კონტროლდებოდა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა. დამატებით ზომებს მივიღებთ, რათა გარე პერიმეტრზე დისტანცია მაქსიმალურად დაცული იყოს.

უპრეცედენტო გამონაკლისები

პანდემიამ, როგორც ჩანს, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვა მხრივაც გახადა უპრეცედენტო – წელს პირველად დაფიქსირდა დაგვიანებული აბიტურიენტების გამოცდაზე დაშვების რამდენიმე ფაქტი. მართალია მათ მხოლოდ 2-3 წუთით დააგვიანეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევების დროს, წინა წლებში, აპლიკანტებს უკან უარით ისტუმრებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს შანსი მათ უსაფრთხოების ღონისძიებების დამატებისა და ამის გამო რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივების გამო მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ასე ყველას არ გაუმართლა. მაგალითად, 10 წუთს დაგვიანებულ თიანეთელ აპლიკანტს გამოცდაზე დაშვებაზე უარი ეთქვა.

2020 წლის გამოცდები გამორჩეული იქნება იმითაც, რომ წელს მის მიმდინარეობას თავად ქვეყნის პრეზიდენტი აკვირდებოდა. სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში იმერეთის გუბერნატორთან ერთად მივიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხვალ, კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. იგი დასასრულს 25 ივლისს მიუახლოვდება.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური