GE

გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ განათლების სფერომ ბოლო წლის განმავლობაში უკუსვლა განიცადა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლების პრობლემები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ხოლო კითხვაზე, ბოლო წლის განმავლობაში განათლების სფერომ წინსვლა განიცადა თუ უკუსვლა, გამოკითხულთა 35 პროცენტის პასუხი უარყოფითია, ხოლო 23 პროცენტის დადებითი. 36 პროცენტი ფიქრობს რომ ამ მხრივ არც პროგრესი და არც რეგრესი არ გვაქვს, რესპონდენტთა 5 პროცენტმა კი, პასუხისგან თავის შეკავება არჩია.

მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმათა შორის, განათლებას მხოლოდ გამოკითხულთა 1 პროცენტი ასახელებს, ხოლო 5 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე ნიშვნელოვანი გამოწვევა განათლების პრობლემებია.

რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას განათლების მიმართულებით, პარლამენტის მიერ გატარებულ ცვლილებებს განათლების მიმართულებით დადაებითად გამოკითხულთა 4 პროცენტი აფასებს.

ხოლო პარტიების მიერ წარმოდგენილი განათლების განვითარების პროგრამები არჩევნების დროს რესპონდენტთა 12 პროცენტისთვისაა მნიშვნელოვანი.

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური