GE

გამოქვეყნდა სკოლის ექსტერნატის გამოცდების განრიგი, რეგისტრაციის ვადები და დოკუმენტების ნუსხა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა. ამის შესახებ, ინფორმაცია დღეს, 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2023 წლის 18 ოქტომრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

I – თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

II – თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე აუცილებელია რესურსცენტრისთვის წარდგენილი იყოს სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა  და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური