გამოსაშვები გამოცდების გადაბარების შანსი ჩაჭრილებისთვის – მარიამ ჯაშის ახალი ინიციტივა
მომდევნო წლიდან, შესაძლოა, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ. ამ ინიციატივით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სასკოლო ფორუმზე ,,სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება“ გამოვიდა.
მისი თქმით, ის ფაქტი რომ საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მან განათლების მინსიტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შეკრებილ აუდიტორიას ამ საკითზე კიდევ ერთხელ მსჯელობისაკენ მოუწოდა.
,,სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. აქ არ არის საუბარი ხარიხზე, კომპრომისზე, რადგან სწორედ ხარისხზე გაწეულმა კომპრომისმა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. აქ საუბარია ძალიან ბევრ ბავშვზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის დაგვიანების, ტექნიკური ან ემოციური პრობლემების გამო მთელი წელი უვარდებათ. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ. თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არსებულ საგამოცდო სისტემას უმკაცრესი იმიჯი აქვს.
ინიციატივას საკმაოდ ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა. მასწავლებლების ნაწილი ამბობდა, რომ ამგვარ დათმობებზე წასვლა ცოდნის დონის კიდევ უფრო დაწევას გამოიწვევს.
,,როგორ განასხვავებთ ამ 11 000-დან ვინ ჩაიჭრა ემოციურიბის გამო და ვინ -უცოდინრობის გამო“, – ჰკითხა ერთ-ერთმა პედაგოგმა ჯაშს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კი უპასუხა, რომ ამას სწორედ ის სხვაობა აჩვენებდა, რაც პირველ და მეორე გამცდების შედეგებს შორის დაფიქსირდებოდა.
„უმიზნო კრიტიკისაგან შორს ვარ, მაგრამ სადაც მივდივარ ეს პრობლემაა. მე მინდა სისტემა, რომელიც თან ხარისხიანი იქნება და თან შევძლებთ, რომ ბავშვი იყოს ბედნიერი. თქვენს შვილს რომ ეცადა საატესტატო გამოცდების გამო თავის მოკვლა, მითხარით, რას იზამდით?!“, – განაცხადა ჯაშმა.
მის ამ სიტყვებს დამსწრე საზოგადოების უდიდეს ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა – ,,ეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიმართ ბრალდებაა“ – ამბობდნენ პედაგოგები.
თემას ფორუმზევე განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. მან კომიტეტის თავმჯდომარეს აღუთქვა, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ. ჯეჯელავს თქმით, თუკი ამას დაუშვებდნენ, გადაბარების შანსი ყველა მოსწავლეს უნდა მისცემოდა.
,,აქ საუბარი სიხისტის შეცვალზე კი არ არის, არამედ იმაზე, რომ მეორე შანსი ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გამოცდის ჩაბარება შემთხვევის გამო ვერ შეძლეს. მეორეს მხრივ კი, ამით იმის საშიშროებაც ჩნდება, რომ ამ შესაძლებლობამ შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით პირველს ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ამიტომ, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი ოქნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მოგვიანებით ჯაშმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად იზრუნებს, რათა მომავალი წლისთვის საგამოცდი სისტემა უფრო მოქნილი გახდეს.
,,არ მინდა ზედმეტი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, – დასძინა მან.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ შემთხვევებს გულისხმობდა მოსწავლეთა სუიციდის მცდელობებზე საუბრისას, მარიამ ჯაშმა გვიპასუხა, რომ კონკრეტული სტატისტიკის მოყვანა არ შეუძლია, თუმცა ინფორმაცია მსგავსი მცდელობების შესახებ საზოგადოებაში რამდენჯერმე გავრცელდა.
“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი