„თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატები დააჯილდოვეს. 15 სტუდენტს სხვადასხვა სახის სტიპენდიები სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანებმა გადასცეს.
„დღეს ჩვენი სტუდენტების აკადემიურ მიღწევებს ვზეიმობთ“; „იმედია, სტიპენდია არ იქნება თქვენთვის მხოლოდ წარსული მიღწევების აღიარება და პირიქით, მოტივაცია გახდება შემდეგი წარმატებებისთვის“; „იმედია, თქვენი წარმატება სხვა სტუდენტებისთვისაც მაგალითი იქნება“; „თქვენ ხართ ჩვენი უნივერსიტეტის სიმდიდრე და მომავალი“; „გვჯერა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში“ – მსგავს და სხვა ემოციურ ფრაზებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირების გამოსვლებიდან, დაჯილდოების ღონისძიებაზე სტიპენდიატებთან ერთად ვისმენდით.
„სტიპენდიების გაცემა ჩვენი სასწავლო პროცესის თანმდევია. ეს სტუდენტთა აკადემიური მიღწევების აღიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პირად განვითარებას. სტუდენტს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ცოდნა დღესვე, აქვე ფასდება. ეს არის გამორჩეული სტუდენტების წახალისება, რომელიც მათთვის უკეთესი სწავლის, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საბაბი უნდა გახდეს“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა აკაკი ჭელიძემ და ისიც აგვიხსნა, რა სახის სტიპენდიებს გასცემს უნივერსიტეტი.
„ჩვენს უნივერსიტეტში გაიცემა სამი სახის – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის, ბაზისბანკისა და ფაკულტეტის სტიპენდია. სულხან საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიას იღებს ფაკულტეტზე თითო, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი; ფაკულტეტის სტიპენდია გაიცემა რეიტინგული სიის მიხედვით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგ ადგილებზე მყოფ სტუდენტებზე (გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა); ბაზისბანკის სტიპენდია კი, ექსკლუზიურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014-2015 სასწავლო წლიდან გაიცემა და მას იღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი (რეიტინგული სიიდან). მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტიპენდიები 15-მა გამორჩეულმა სტუდენტმა მოიპოვა“, – განმარტა აკაკი ჭელიძემ.
სტიპენდიების გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრორექტორმა დიმიტრი გეგენავამაც, რომელმაც სტუდენტებს საკმაოდ ემოციური სიტყვით მიმართა:
„გილოცავთ! სტიპენდია თქვენი განვლილი გზის სიმბოლური დაფასებაა შემდგომი მოტივაციისთვის – გონიერი ადამიანისთვის, ეს მორიგი საინტერესო თავგადასავალი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე ვეთანხმები გურამ რჩეულიშვილის იდეას, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში” და მჯერა, რომ თქვენც, დღევანდელ შედეგზე მეტად, სამომავლო „შენების პროცესით“ დატკბებით. გახსოვდეთ, შედეგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სიმძაფრეს სწორედ იწვევს ამ ყველაფრის მიღწევა, გამომუშავება, იმის შეგრძნება, რომ ყოველდღიური შენი შრომით, მიზანდასახულობით რაღაცას ცვლი, რაღაც ახალს, საინტერესოს აღმოაჩენ, ხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს სწორედ ამ ყოვლისშემძლეობის, საუკეთესო შესაძლებლობების დამადასტურებელ საღამოს ვესწრები. დიახ, დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ვინაიდან თქვენ გაქვთ ყველაზე მთავარი – თავისუფალი ნება და შესაძლებლობა!“.
EDU.ARIS.GE სტუდენტებსაც ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა სტიპენდიის მიღება მათთვის მართლაც არის დიდი სტიმული – ისინი უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, საკუთარი შესაძლებლობების მეტად სწამთ და წარმატების მიღწევის მეტი მოტივაციაც უჩნდებათ. სწორედ ასეთი ემოცია აქვს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს, ბაზისბანკის სტიპენდიის მფლობელ ანა ორაგველიძეს. ანა მესამე კურსის სტუდენტია, მაგრამ სტიპენდია წელს პირველად მოიპოვა.
„პირველად გავხდი სტიპენდიატი და ძალიან გახარებული ვარ. სიმართლე გითხრათ, წინა კურსებზე ჩემი მიზანი იყო, რომ სტიპენდია მიმეღო და ამისთვის ბევრს ვშრომობდი. დღეს უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდა, რომ უფრო უკეთ ვისწავლო და მეტ აქტივობაში ჩავერთო. ვფიქრობ, ფულად დახმარებაზე მეტად, სწორედ ეს მოტივაცია და სტიმულია მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, სტუდენტისთვის ეს დიდი მიღწევაა. ახლა სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს და მჯერა, მომავალში უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ“, – გვითხრა ანა ორაგველიძემ.
ახალბედა სტიპენდიატია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლადო ჩრდილელიც, რომელსაც ბაზისბანკის სტიპენდია გადაეცა.
„ვფიქრობ, არც ერთმა სტუდენტმა ხელიდან არ უნდა გაუშვას შანსი, მიიღოს სტიპენდია. ეს არის შენი შრომის, წვალების, გათენებული ღამეების… ერთგვარი დაფასება. ეს არის შეგრძნება, რომ უნივერსიტეტი ჩემს გვერდითაა და მეხმარება, რომ უკეთ ვისწავლო. ცხადია, მიხარია ეს წარმატება და მაქვს ძალიან დიდი სტიმული, რომ უფრო მეტი გავაკეთო, რათა უფრო მეტად დამიფასდეს“, – განაცხადა ლადო ჩრდილელმა.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა სალომე ტვილდიანმა კი, სტიპენდია უკვე მესამედ მიიღო. გამოგვიტყდა, რომ ყველა ჯერზე უფრო და უფრო მეტი მოტივაცია აქვს.
„ეს ჩემი მესამე სტიპენდიაა. ვფიქრობ, ზოგადად სტიპენდიების გადაცემას, სტუდენტებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანხაზე მეტად ის გახარებს, რომ შენი შრომა ფასდება, რაც ძალიან დიდი სტიმულია. სტიმული არა მხოლოდ იმის, რომ დაესწრო ლექციებს და კარგად ისწავლო, არამედ იმის, რომ ყველა სხვა აქტივობაშიც ჩაერთო, რადგან სტიპენდიის გაცემის დროს, მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას არ ექცევა ყურადღება. ვგულისხმობ იმას, რომ საჯარო ლექციებს, ტრენინგებს, კონფერენციებსაც უნდა დაესწრო. მეტი ქულა გენიჭება, თუ საერთაშორისო დონეზე გაიტან შენი უნივერსიტეტის სახელს.
სტიპენდიის მიღების შემდეგ ისეთი განცდა გაქვს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ღირს გასაკეთებლად და სათანადოდ გიფასდება. გიჩნდება სურვილი და რწმენა, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ. ჩემი აზრით, ამას ყველა სტუდენტი უნდა ცდილობდეს და აკადემიური მიღწევები, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა, შესაბამისად სტიპენდიატობა, მათი მიზანი უნდა იყოს. ასე სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია“, – განგვიცხადა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის მფლობელმა სალომე ტვილდიანმა.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის მფლობელები გახდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: სალომე ტვილდიანი, ივიკო ვასილევი, ნათია ლეკიაშვილი, რუსუდან დურგლიშვილი; სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები: ალბინა აღაპიშვილი, ნინო მესხი, გიულჩინ ახმედოვა; ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები: თამუნა თექთუმანიძე, ეკატერინე ღუდუშაური, მარიამ ნოზაძე, მარიამ გულუხაიძე, ანა ორაგველიძე, ლადო ჩრდილელი და თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ზაქარია ზაქროშვილი.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა ახალ წიგნს წარადგენს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი