„ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!
წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს.
IV
თავიდან სკოლა ძალიან მიყვარდა. ბევრს ვთამაშობდით და მშვენივრად ვატარებდით დროს. მეექვსე კლასიდან ბევრი ჩემი მეგობარი სკოლიდან გადავიდა და თან გარდატეხის ასაკიც დამეწყო. მაღიზიანებდა უაზროდ დაგრძელებული კიდურები და დეფორმირებული სახე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც არასასურველი თმა მაწუხებდა. ერთხელ წიგნის მაღაზიიდან გამოვედი და ჩემი კლასელი შემხვდა. თან მეგობარი ახლდა. შეძენილი წიგნი ვუჩვენე და, უცბად, ჩემი კლასელის მეგობარი მეუბნება: „შენ გირჩევნია ეგ მოიშოროო!” – ტუჩებს ზემოთ მიმანიშნა. ეს პირველი შემთხვევა იყო. მერეც სულ ეს უკბილო ხუმრობები მესმოდა: „გაიპარსე მაინც! რა არის წვერს უშვებ?“
მალე ჩვენს კლასში ერთი ბიჭი გადმოვიდა და, როგორც მივხვდი, წინა სკოლაში პრობლემები ჰქონდა. უცნაური ბიჭი იყო, ამბობდა, რომ ათეისტი იყო და ღმერთის არ სწამდა, რომ ყველაფერი ზღაპარი იყო. წარმოიდგინეთ, ამას აცხადებდა კლასში, სადაც თითქმის ყველა რელიგიური იყო. ერთხელ გაკვეთილზე რომელიღაც ნაწარმოები (ვერ ვიხსენებ ზუსტად) ისეთ ჭრილში განიხილა, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამან მასწავლებელიც გააღიზიანა და ჩვენი თანაკლასელებიც.
მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც მას დაუმეგობრდა. რელიგიურ და სხვა ტაბუდადებულ თემებზე ვლაპარაკობდით. ვცდილობდი მისთვის მეჩვენებინა, რომ ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი ვიყავი. ამისთვის სპეციალურად ვემზადებოდი ხოლმე (არ გამოვრიცხავ, რომ ისიც იმავეს აკეთებდა): რაღაც თეორიებს ვეცნობოდი, სულელურ ფორუმებზე სხვების აზრებს ვკითხულობდი, წიგნებიდან ფრაზებს ვიწერდი და მერე საკუთარ აზრებად ვასაღებდი. მომწონდა ჩვენი ურთიერთობა, რაღაც გრძნობაც გაგვიჩნდა. ეს ჩემმა კლასელებმაც დაინახეს და ნამდვილი პრობლემებიც დაიწყო.
ადრე თუ მხოლოდ გარეგნობა იყო დაცინვის საგანი, ახლა კლასის მთავარი სასაუბრო თემა ჩემი და ამ ბიჭის ურთიერთობა გახდა. სხვებს აღარ ვეკონტაქტებოდი, რაღაცნაირად გავირიყეთ და ამით კმაყოფილებიც ვიყავით. რას ვიზამდით – „ყველა ვერ გაგვიგებდა“. კლასელები თავიდან ჩვენ ურთიერთობაზე მსუბუქ კომენტარებს აკეთებდნენ, მერე ეს ყველაფერი გამძაფრდა. დერეფანში რომ გავივლიდი, ვგრძნობდი, ჩემს გარეგნობაზე კი არა, ჩემს რეპუტაციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. უამრავი ჭორი მომისმენია საკუთარ თავზე. თუ ერთ დღეს ვიტყოდი, რომ ორიენტაციას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეორე დღეს დერეფანში „ლესბოსელს“ მიძახდნენ. მე კი არ ვპასუხობდი. თავიდან იმიტომ, რომ „ვითომ პასუხის ღირსებიც“ არ იყვნენ, ხოლო შემდეგში იმიტომ, რომ მეშინოდა – რაც არ უნდა მეთქვა, უარესს მეტყოდნენ. კომენტარები, ძირითადად, ჩემს რეპუტაციას და სექსუალურ ორიენტაციას ეხებოდა.
სკოლაში მისვლა აღარ მინდოდა. მინდოდა ყველაფერი დასრულებულიყო. თავის მოკვლაზე და სახლიდან გაქცევაზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომ თავი დამნაშავეებად ეგრძნოთ. ხშირად წარმოვიდგენდი საკუთარ პანაშვიდებს – როგორ მოდიან ჩემი კლასელები, მასწავლებლები, როგორ ჩერდებიან კუბოსთან, ხელს ართმევენ დედაჩემს და თვალს ვერ უსწორებენ სასვენებელში ჩემს ფერშეცვლილ, მკაცრ სახეს. დგანან ბნელ, ნესტიან სადარბაზოში და რცხვენიათ.
რეალობაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო – დამცინოდნენ. ხანდახან სპეციალურად ვცდილობდი მათ გამოწვევას და ვჩხუბობდით. იმ ბიჭთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა. ბოლოს ყველაფერი ისე გამწვავდა, რომ სკოლიდან გადასვლა მომიწია და ძველ თანაკლასელებთან ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე.
სანამ ახალ სკოლაში გადავიდოდი, რამდენიმე კვირა სახლში ვრჩებოდი (ძველ სკოლაში მისვლის სურვილი არ მქონდა, ახალ სკოლაში მიღება კი სემესტრის დასაწყისიდან იყო შესაძლებელი). ამ პერიოდში თითქოს ყველაფერი დალაგდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახის მხარდაჭერა. ერთ დღეს ჩემთან სახლში ერთ-ერთი კლასელი მოვიდა და ბოდიში მომიხადა იმ საშინელი სიტყვებისთვის, რაც ერთხელ დერეფანში მითხრა. საოცარი იყო ის, რომ მომეჩვენა თითქოს გულწრფელად ნანობდა. მერე როგორც გავიგე, თურმე შემთხვევით ბებიაჩემს შეხვედრია ქუჩაში. ბებიაჩემს არც უსაყვედურია, არც ის უთქვამს – „ჩემს შვილიშვილს ასეთი სიტყვების თქმა როგორ გაუბედეო?!“ უბრალოდ აუხსნია, რომ ამას არ მოელოდა, რომ მისმა სიტყვებმა მე გული მატკინეს და მისი აზრით, არასწორი საქციელი იყო. ბებიაჩემი კარგი პედაგოგი და კარგი ფსიქოლოგი იყო. ალბათ, ჩემი სკოლის სხვა პედაგოგებსაც რომ ასეთი მიდგომა ჰქონოდათ, სკოლის შეცვლა და ბევრი სირთულის გადატანა აღარ მომიწევდა. ჩვენს სკოლაში მასწავლებლები თითქმის არ მონაწილეობდნენ ასეთი მოვლენების მართვაში. ტყუილს ვერ ვიტყვი, ერთხელ იყო მოსული ჩემი დამრიგებელი ჩემთან სახლში. ბებიაჩემს ელაპარაკა, თუმცა მისი შემოთავაზებული ერთდერთი გამოსავალი, ჩემი სკოლიდან გადაყვანა იყო.
ახალ სკოლაში თანაკლასელებში ძალიან გამიმართლა. ისინი გულწრფელები, ლაღები და მეგობრულები იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე ბიჭმა ამოიჩემა ჩემი ჩაცმის სტილი, მაგრამ ეს აშკარად უწყინარი ხუმრობა იყო და მეც მეცინებოდა. ერთ-ერთ ბიჭს, მგონი, მოვწონდი კიდეც. ეს აღარ იყო დაცინვა და ჩაგვრა.
ორი-სამი წლის წინ ძველ სკოლაში შევიარე. იქ ხომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე. სწორედ იქ მივიღე საშინელი, მაგრამ ღირებული გამოცდილება. შევედი იმიტომ, რომ მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი. ჩავიარე ჩემი სკოლის დერეფნებში და ვნახე ჩემი კლასიც. მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ცხოვრებაში რაღაც ცუდი თუ გადამხდებოდა თავს, ბებიაჩემი მეუბნებოდა: „აი, ნახავ, გაიზრდები და ამაზე გაგეცინება“. მართლა ასე ვაფასებ ხოლმე ბევრ რამეს. აი, სკოლაში გატარებულ წლებზე კი დღემდე არ მეცინება. ეს არ იყო უბრალო უხერხულობა თანაკლასელებს შორის. ეს იყო ჩაგვრა, რომლის წინააღმდეგაც ყველა მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იბრძოლოს, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ბავშვებს ამის ძალა არ გვყოფნის.
წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ:
„ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი