GE

„გამოიყენეს ორმაგი სტანდარტი, რამაც აბიტურიენტებს ქულები წაართვა უსამართლოდ!“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ გიორგი რაფავა, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ისტორიის ტესტზე საუბრობს.

მინდა გაცნობოთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ, რომლის აღწერასაც შემდეგ დასკვნებამდე მივყავართ: გამოიყენეს ორმაგი სტანდარტი, რამაც აბიტურიენტებს ქულები წაართვა უსამართლოდ

მაშ, ასე. ვითარება შემდეგია:

ისტორიის II ვარიანტის 25.2 დავალებაში პასუხად მითითებული აქვთ მხოლოდ „ოსმალეთი“, რაც მეცნიერულად სწორია, რადგან 1923 წლამდე თურქეთი არ არსებობდა (მეორე საკითხია, რომ თურქეთს ჩვეულებრივ იყენებენ სამეცნიერო წიგნებში ოსმალეთის სინონიმად).

აქ პრობლემა შემდეგია: I ვარიანტის 25.1 დავალებაში პასუხად მითითებულია „ირანი“ და არა „სპარსეთი“ (როგორც სკოლის წიგნებში ისწავლება, 1935 წელს სპარსეთს ეწოდა ირანი).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანს გაცილებით ადრინდელი გამოყენება ჰქონდა, მაგრამ ამის დასადგენად აბიტურიენტს ირანის ტოპონიმიკა უნდა შეესწავლა და ამის საშუალებას სკოლის წიგნები არ იძლევა (როგორც აღვნიშნე, სკოლის წიგნებში მხოლოდ ის წერია, რომ 1923 წელს ოსმალეთს თურქეთი ეწოდა, 1935 წელს კი სპარსეთს – ირანი)

იყო მეორე ხარვეზიც: I ვარიანტის 25.6 დავალებაში პასუხად მხოლოდ „სამცხე – საათაბაგო“ აქვთ მითითებული და არა \”სამცხის სამთავრო\”. აქვე განვმარტოთ, რომ „საათაბაგო“ იმიტომაც ჰქვია, რომ სამცხის მთავარი ათაბაგის ტიტულს ატარებდა, თუმცა კითხვაზე, რატომ არის შეცდომა სამცხის სამთავრო არსებობს ლოგიკური პასუხი? – ცხადია, არა.

ამავე კითხვის მეორე საკითხია, რატომ უნდა მოვიხსენიოთ \”სამცხე – საათაბაგოდ\”, თუ, მაგალითად, არ გვთხოვენ ოსმალეთის შემთხვევაში დავწეროთ \”ოსმალთა სასულთნო\”. ეს ტერმინი ხომ ოსმალეთის მეფის ტიტულიდან – სულთნიდან – მოდის. და თუ სამცხის სამთავროს შემთხვევაში მოგვთხოვეს, რატომ არ გვთხოვენ ოსმალეთის შემთხვევაში? აქაც ორმაგი სტანდარტი გამოიკვეთა.

ეს რეალობა ასახავს ნაეკის უსამართლო მიდგომას. აქცენტირებულები არიან აბიტურიენტების გამოჭერაზე და არა მათი უნარების შემოწმებაზე.

თავისუფალი ტრიბუნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური