განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები
ავტორი: დავით ბოლქვაძე
მესამე სასწავლო წელია, სკოლა პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი საკმაოდ ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქრით ეგებება – ბუკებით ხელდამშვენებული პატარების ნახვა ერთ რამედ ღირს. ბავშვებისთვის ამ საჩუქარს, უპირველესად, სიხარული, მშობლებისთვის კი პასუხისმგებლობა მოაქვს. რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩემი დაკვირვებით, მრავალი მათგანისთვის ბუკი ზედმეტი თავის ტკივილია. თუმცაღა მასწავლებელთა უკმაყოფილებას ობიექტური მიზეზებიც აქვს (მათ ჩამოთვლას აქ არ შევუდგები), მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე სასწავლო პროცესი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.
მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის ტენდენციები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის წარმატება დღეისთვის იმაზეა დამოკიდებული, – და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სამომავლოდ, – როგორი წარმატებით მოხდება საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ტექნოლოგიებმა დიდი ხანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაბიჯა და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, კოსმოსური სიჩქარითაც ვითარდება და ლამის ყოველდღიურად გასაოცარი სიახლეების მოწმენი ვხდებით. ვფიქრობ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ თუნდაც 20 წლის შემდეგ, უფრო შორეულ მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
როგორც ერთ-ერთ სტატიაში უკვე აღვნიშნე, რამდენიმე წელია, პირველკლასელებს ვასწავლი, ასე რომ, საშუალება მქონდა, მათ მიერ ბუკების ათვისების პროცესს დავკვირვებოდი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მათი უნარები ამ მხრივ განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, გასაოცარიც კი. კომპიუტერთან ურთიერთობას შესანიშნავად ახერხებენ არა მარტო ნიჭიერი ბავშვები, არამედ ნორმალური და სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც. მშობლებთან გასაუბრებით ადვილად გაარკვევთ, რომ კომპიუტერები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც ანდამატივით იზიდავს. საახალწლოდ ლაპლანდიელი სანტასა თუ ქართველი თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილ წერილებს თვალს თუ გადაავლებთ, გაიგებთ, რას სთხოვენ ჩვენი ბავშვები მათ საჩუქრად. გამოიცანით, არა? აიპადს, ლეპტოპს, კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს… თუ ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ბავშვები 3-4 წლიდან აქტიურად იწყებენ მათით სარგებლობაზე თავიანთი “უფლებების” დაკანონებას.
საინტერესოა (ზოგჯერ სახალისოც), რომ ბავშვებმა ზუსტად იციან, რისთვის სჭირდებათ კომპიუტერი – საყვარელი კომპიუტერული თამაშებისთვის, სოციალურ ქსელებში გასართობად, ვირტუალური ცხოველებისა და მცენარეების მოსავლელად… მათი მიხვედრილობა და გონებამახვილობა ამ კუთხით მართლაც გასაოცარია. ისინი მყისიერად უღებენ ალღოს ნებისმიერ თამაშს, არასოდეს სჯერდებიან მიღწეულს, ეძებენ სიახლეებს, ირჩევენ რთულ გზებს. მათთვის თამაში მით უფრო მიმზიდველია, რაც უფრო მეტად მოითხოვს ფიქრს, განსჯას, შემოქმედებით მიდგომას. განსაკუთრებით თანატოლებისთვის აზრის გაზიარება, მათთან თანამშრომლობა მოსწონთ.
თითქმის საპირისპირო ვითარებაა წიგნთან ურთიერთობისას – მოსწავლეებს ის მაინცდამაინც არც თავიდან იზიდავს, სირთულეების წარმოშობისას კი ყველასათვის ნაცნობი “ბატალიები” იწყება.
როგორც განათლების უცხოელი მკვლევრები ამტკიცებენ, ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში და სკოლის მიღმა ძალზე არათანაბარია როგორც დათმობილი დროის, ისე შესრულებულ აქტივობათა მრავალფეროვნების მიხედვითაც და ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩვენთანაც ანალოგიური მდგომარეობაა.
სტატიის დასკვნით ნაწილში ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილ ერთ საინტერესო, თამამ და ინოვაციურ პროექტზე მოგითხრობთ, რომელსაც ავტორებმა “Bring Your Own Technology” (BYIOT) უწოდეს. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: “მოიტანე საკუთარი ტექნოლოგია”.
მეთოდი მოსწავლეთა საკუთრებაში არსებული ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს. მისი ავტორების მოსაზრებით, სკოლების უმეტესობას არ აქვს საკმარისი რაოდენობის კომპიუტერი და რაც აქვთ, მათი მოზრდილი ნაწილიც მოძველებულია; დიდია განსხვავება სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის მხრივ. BYOT ინიციატივა იძლევა საშუალებას, ჩაირთოს სასწავლო პროცესში სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლებსაც მოსწავლეები ფლობენ და ამ გზით შეივსოს არსებული ხარვეზები. ამ მოულოდნელ ინიციატივას მაშინვე გამოუჩნდნენ პრინციპული მოწინააღმდეგეები. ბევრ ცნობილ ექსპერტს მიაჩნია, რომ სკოლაში BYOT-ის ადგილი არ არის და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ორი ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ: პირველი – ირღვევა სამართლიანობის პრინციპი (ყველა მოსწავლე ვერ სარგებლობს ძვირად ღირებული ტექნოლოგიებით); მეორე – საჭირო ტექნოლოგიებით სკოლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უშუალო მოვალეობაა. პროექტის ავტორები ამ არგუმენტებს არ უარყოფენ, მაგრამ, მათი აზრით, არც ის არის სადავო, რომ მასწავლებლების მოვალეობაა, ყველაფერი იღონონ მოსწავლეთა საუკეთესო აკადემიური შედეგების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მათ ინოვაციური და ორიგინალური მეთოდებიც გამოადგებათ, თუ სიახლეები მეთოდურად იქნა გამართული. მათი მტკიცებით, სასწავლო აქტივობათა მართებულად დაგეგმვისა და ტექნოლოგიების კომპეტენტურად გამოყენების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, მოსწავლეთა კუთვნილი მოწყობილობების გამოყენებამ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა გააადვილოს.
BYIOT-ი მილფორდის ჰაი-სქულში რამდენიმე თანამოაზრემ შექმნა. პროგრამა თავდაპირველად პილოტირების სახით აამოქმედეს რამდენიმე კლასში. პროექტის დასაწყისშივე გამართლდა მთავარი მოლოდინი – მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ მნიშვნელოვან სასკოლო ცვლილებას. ინიციატივის ავტორებს დიდი მეთოდოლოგიური სამუშაოს ჩატარება მოუხდათ. პროგრამაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული, სახელდობრ რომელი კომპიუტერული საშუალებების მიტანის უფლება ჰქონდათ მოსწავლეებს. სკოლას შინაგანაწესის იმ მუხლის შესწორებაც მოუხდა, რომელიც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების, აიპადებისა და ამგვარი ტექნიკის გამოყენებას კრძალავდა. მოწყობილობებში ჩატვირთეს სპეციალური პროგრამები. პროექტის ავტორები არ უარყოფენ, რომ მათი ინიციატივა უთანასწორობის ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ის რეალური სასწავლო ღირებულებაა, რომელიც აქვს მათ მეთოდს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ქვემოთ სწორედ პროექტის ავტორთა არგუმენტებს წარმოგიდგენთ:
● მეთოდი სავსებით ცვლის მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ მოწყობილობებზე. ბავშვები აცნობიერებენ, რომ ისინი მხოლოდ გასართობი კი არა, არამედ სასწავლო ხელსაწყოებიცაა და ამ მიმართულებით მათი ღირებულება მუდმივად გაიზრდება.
● BYIOT-ის სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი ზუსტად ეთანადება კონკრეტულ სასწავლო აქტივობას და მოსალოდნელი შედეგიც კარგადაა გამოკვეთილი.
● BYIOT-ის ინიციატივას რეალურად შეუძლია სრულყოს სკოლის ტექნოლოგიური ბაზა და გაზარდოს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. კლასში ხშირად არ არის ხოლმე საკმარისი კომპიუტერები. ამ დროს BYIOT-ის დახმარებით შესაძლებელია დამატებით რამდენიმე მოსწავლის აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში.
● ბევრი მოსწავლე ამ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს სკოლის გარეთ, უმეტესად – არასასწავლო მიზნით. პროექტის ავტორებს მართებულად მიაჩნიათ მათი სასწავლო მიზნებზე მორგება და საგანმანათლებლო პროცესში გამოყენება.
დასასრულ, დავასახელებთ რამდენიმე პრობლემურ გარემოებას, რომლებზეც მკვლევრები ამახვილებენ ყურადღებას – მასწავლებლების მომზადება, სპეციალური ლიტერატურით მათი მომარაგება, მოსწავლეების შესაძლო სურვილი, თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ საკუთარი ტექნოლოგიები. ისინი მზად არიან, გაიზიარონ კომპეტენტური რჩევები და შენიშვნები BYIOT-ის დასახვეწად, მაგრამ პრინციპულად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მეთოდი სასკოლო ცხოვრებაში ზედმეტი ან გამოუსადეგარია, ანდა სოციალური სამართლიანობის პრინციპის გამო მიუღებელი.
წყარო: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი