„როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებულ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელმაც უმაღლესი, ზოგადი, სკოლამდელი თუ პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განაპირობა, საინტერესოდ ეხმიანება თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი და ამონაშვილის აკადემიის პედაგოგი შალვა მინდაძე. იგი EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად ხსნის იმასაც, თუ რა სახის საფრთხეებს ხედავს აღნიშნული კანონის ამოქმედებაში.
რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით
მინდაძე თვლის, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ახალი რეგულაცია შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდეს:
„პირველ დეკემბერს ამოქმედდება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა, რომელიც მიზნად ისახავს „ოჯახური ღირებულებების დაცვას“ საგანმანათლებლო პროცესში. თუმცა, მისი პრაქტიკული გამოყენების დეტალები და შედეგები საკმაოდ გაურკვეველია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს გადავხედე და მისი დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებსაც გავეცანი. ახალი რეგულაციით, თუ „ობიექტური მსმენელი ან დამსწრე“ დაასკვნის, რომ პროფესორი პოპულარიზაციას უწევს ისეთს საკითხებს, რომელშიც რაიმე სახით განხილულია ოჯახური იდეის საწინააღმდეგო შემოქმედება მაგალითად, საფოს ან ლორკას შემოქმედება, ან მაგალითად რა ვიცი, იქნებ კალიგულას ეპოქა, ანდაც კარაკალასა და გეტას მოღვაწეობა რომში, ან კიდევ რა ვიცი, რას ჩათვლიან, ამ შემთხვევაში მას 1500 ლარით დააჯარიმებენ.
თუ მსგავსი „დანაშაული“ ერთი წლის განმავლობაში განმეორდება, ეს ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება, რაც ორწლიან პატიმრობასა და პროფესიული საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს.
შესაძლოა, მომავალ წელს ლექტორების, მასწავლებლებისა და პროფესორების სასამართლო პროცესებზე მოგვიწიოს დასწრება, რათა განვიხილოთ, რამდენად არღვევს კანონს საფოს ლექსების წაკითხვა სტუდენტებისთვის, ანდაც რომის იმპერიის კულტურაზე, ან რომელიმე იმპერატორზე საუბარი. ანდაც ყოველდღიურობაზე. რა ვიცი, რა მოსთვლის…
როგორც პედაგოგი, რომელიც ისტორიის სწავლებით არის დაკავებული, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ. პირველ რიგში, გაურკვეველია, როგორ უნდა განისაზღვროს „ობიექტური მსმენელი“ და რა კრიტერიუმებით გადაწყდება, რომ კონკრეტული საკითხი ეწინააღმდეგება „ოჯახურ ღირებულებებს.“ ისტორია, როგორც მეცნიერება, მრავალი რთული, ხშირად წინააღმდეგობრივი თემის განხილვას მოითხოვს. მაგალითად, თუ მოსწავლეებთან ვიმსჯელებთ რომის იმპერიის კულტურაზე, სადაც ოჯახური სტრუქტურა და როლები თანამედროვე სტანდარტებისგან საკმაოდ განსხვავებული იყო, შესაძლოა, ვინმემ ეს „დარღვევად“ მიიჩნიოს.
მეორე საფრთხე ის არის, რომ ეს კანონი ქმნის თვითცენზურის მექანიზმს. მე, როგორც მასწავლებელი არ შევეგუები, მაგრამ სხვა შესაძლოა შეუშინდეს ისეთი თემების სწავლებას, რომლებიც ცალკე, კონტექსტიდან ამოღებული, შეიძლება, “პრობლემურად” მიიჩნიონ. შედეგად, მოსწავლეებისთვის მასალის სიღრმისეულად მიწოდება იქნება შეზღუდული, რაც აზიანებს მათ განათლებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კანონის ბუნდოვანება, რაც ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აჩენს. ამან, შესაძლოა, საფუძველი მისცეს პედაგოგების დევნას, რაც უარყოფითად აისახება განათლების ხარისხზე. ვშიშობ, რომ ამან შეიძლება დასაჯოს მასწავლებელი ან ლექტორი, რომელიც უბრალოდ ასწავლის ისტორიას ისეთი, როგორიც ის არის – რთული, მრავალფეროვანი და სავსე განსხვავებული იდეებით.
და ბოლოს, მე ვხედავ თავისუფალი განათლების სისტემის ძირეულ საფრთხეს. განათლება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს, კვლევას და მსჯელობას, და არა შიშს, რომ გარკვეული თემის განხილვა კანონით დაისჯება. ამიტომ მგონია, რომ ეს კანონი საჭიროებს გადახედვას და უფრო მკაფიო, სამართლიან დოკუმენტად გადაკეთებას, რათა იგი არ გახდეს განათლების განვითარების შემაფერხებელი ბარიერი.
როგორც ჩანს, კანონის მთავარი პრობლემა არის მისი ბუნდოვანი ფორმულირება: რა იგულისხმება „ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო“ საკითხებში? ვინ განსაზღვრავს, რომელი საკითხი ემუქრება ასეთ ღირებულებებს? როგორ იმოქმედებს ეს რეგულაცია აკადემიური თავისუფლების პრინციპებზე?
ცნობისთვის: საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ განსაზღვრავს გარკვეულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომელთა დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
კანონის მე-9 მუხლი კრძალავს მაუწყებლების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიმართულია ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას ან სხვა სანქციებს.
გარდა ამისა, კანონის მე-10 მუხლი კრძალავს საჯაროდ ისეთი შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, რომელიც მიმართულია ზემოხსენებული ქმედებების პოპულარიზაციისკენ. ამ მუხლის დარღვევა ასევე იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას, საქმიანობის შეჩერებას ან პატიმრობას.
კანონის მე-8 მუხლი კრძალავს განათლების დაწესებულებებში ისეთი ინფორმაციის შეტანას საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მიმართულია ზემოხსენებული ქმედებების პოპულარიზაციისკენ. ამ მუხლის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას ან სხვა სანქციებს.
კანონის მე-6 მუხლი კრძალავს ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას. ამ მუხლის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან სხვა სანქციებს.
ამრიგად, კანონის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც დამოკიდებულია დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე. სანქციები შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას, საქმიანობის შეჩერებას ან პატიმრობას“.
ამავე თემაზე:
რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით
რა ჩაითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად – ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება