„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტი მთავარი პრიორიტეტია“ – რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი სტუდენტური ცხოვრებისა და სერვისების შესახებ
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება. სტუდენტური კლუბი და ორგანიზაციები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილი EDU.ARIS.GE – სთან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ცხოვრების დეტალებს გვიმხელს და გვიხსნის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტი სწორედ სტუდენტია, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნება კი ახალგაზრდების სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს.
– ბატონო ალექსანდრე, როგორია სტუდენტური ცხოვრება გორის უნივერსიტეტში?
– გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შიდა ქართლში ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია. მისი სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანია და გამოირჩევა როგორც სასწავლო, ასევე არასასწავლო აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სტუდენტების აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას.
სტუდენტური ცხოვრება დატვირთულია უამრავი სოციალური და კულტურული აქტივობით. უნივერსიტეტში არსებობს მრავალი სტუდენტური კლუბი და ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს საერთო ინტერესების გარშემო, იქნება ეს მუსიკა, თეატრი, სპორტი, ლიტერატურა თუ საზოგადოებრივი აქტივობები. ეს კლუბები ხელს უწყობენ სტუდენტებს თავისუფალი დროის ეფექტურად და სასიამოვნოდ გატარებაში, ასევე საშუალებას აძლევენ მათ, დაინახონ და განავითარონ თავიანთი ინტერესები სხვა მიმართულებებითაც, რაც მათ პიროვნულ ზრდას და სოციალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ამ მიმართულებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების ეგიდით განხორციელებული პროექტები. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სტუდენტური საზოგადოება მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობის გაზრდას აკადემიურ, კულტურულ და სოციალურ აქტივობებში. საზოგადოება ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და უნარების განვითარებას.
– კონკრეტულად რა პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებს უნივერსიტეტი სტუდენტების პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის?
სტუდენტების პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის გორის უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის პროექტები და ღონისძიებები, მათ შორის:
საზაფხულო სკოლები: საზოგადოება ყოველწლიურად აწყობს საზაფხულო სკოლებს, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. საზაფხულო სკოლების პროგრამა მოიცავს ლექციებს, სემინარებს, ექსკურსიებს და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს სტუდენტების ინტერკულტურული გამოცდილების გამდიდრებას.
ლექციები და სემინარები: საზოგადოება რეგულარულად აწყობს ლექციებსა და სემინარებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემებს, მათ შორის გამოჩენილი ქართველების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
კულტურული ღონისძიებები: საზოგადოება ორგანიზებას უწევს კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები, რაც ეხმარება მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას.
სოციალური პროექტები: საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს სოციალურ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების დახმარებას და სტუდენტების სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სტუდენტური საზოგადოების პროექტები მნიშვნელოვნად ამდიდრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებას და ზრდის სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში განხორციელდა 25-მდე პროექტი.
– რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესი და რა კონკრეტულ აქტივობებსა და პროგრამებს ახორციელებთ ამ მიმართულებით?
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის მხრივ, რაც აისახა სამ ძირითად მიმართულებაში:
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციური განვითარების პროექტებში მონაწილეობა;
- მობილობის პროგრამების განხორციელება ერასმუს+-სა და ბილატერული შეთანხმებების ჩარჩოებში
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში მონაწილეობა.
2024 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორ ინსტიტუციური განვითარების პროექტში: RiHEI: „პასუხისმგებლობიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“ და RE-DIRECTION-ს პროექტი.
RIHEI-ს პროექტს, სამი ძირითადი მიზანი აქვს: საქართველოს უმაღლესი განათლების მოდერნიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა მომავალი თაობის შრომის ბაზრის აქტორებისთვის; საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევების მოგვარება, რათა ისინი გახდნენ ზრდის, მდგრადი და პასუხისმგებლობიანი (ეკოლოგიურად, სოციალურად) ძალაუფლების მამოძრავებელი ძალა; გაიზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების, პერსონალის გაცვლის, მრავალ ეკოსისტემური ქსელის განვითარებით და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოტივირებით. ამ მიზნების მისაღწევად დასახულია კონკრეტული ამოცანები:
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მმართველობის რეფორმა და მოდერნიზება; სტუდენტური სერვისების და მწვანე კამპუსების გაძლიერება, უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ერთეულების და პროცესების/სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის დაგეგმვისა და შეფასების ერთეულების შესაძლებლობებს, ეფექტიანობას და უზრუნველყოფს უკეთეს მხარდაჭერას რისკის ქვეშ მყოფი სოციალური ჯგუფებისთვის; ამ მიმართულებით ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მაღალი სიმძლავრის ციფრული პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსდება პროექტის აქტივობებით მიღწეული შედეგები.
RE-DIRECTION-ს პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით:
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას;
- მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
პროექტში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია, მათ შორის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
რაც შეეხება, ინტერნაციონალიზაციის მეორე ძირითად მიმართულებას, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა ერასმუს +-ს 4 ახალი შეთანხმება გააფორმა ანჟეს უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), ტუშას უნივერსიტეტთან (იტალია), სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტთან (პოლონეთი) და კაროლი გასპარის უნივერსიტეტთან (უნგრეთი), რის ფარგლებშიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ მობილობის პროგრამებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ფაქტი, რომ პროფ. ეკა ქარდავას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჟან მონეს კათედრის პროექტი „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (101172755 — EU-SJ) წარსდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. იგი შეფასდა დადებითად და მოიპოვა ევროკავშირის (ევროკომისიის) ფინანსური მხარდაჭერა. ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებული იქნება სწავლებასა და კვლევაზე (ევროკავშირის მოქალაქეობა, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ორგანიზაციული ქცევა და ბიზნესის მართვა, ლიდერობა, სამოხელეო სამართალი, განათლების მენეჯმენტი, ახალგაზრდობა და სხვა ასპექტები).
– რა ნაბიჯებს დგამს უნივერსიტეტი იმისათვის, რომ წარმატებული იყოს სამეცნიერო მიმართულებით?
– გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს, რომ სამეცნიერო მიმართულებითაც აქტიურად იყოს წარმოდგენილი.
ამ მხრივ, უნივერსიტეტმა სამი მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოქმედებს აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული სქემა, რაც მიზნად ისახავს, უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის წახალისებას.
- უნივერსიტეტში დაფუძნებულია 3 საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი, აქედან, 2 ჟურნალი, „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ და „ფილოლოგიური კვლევები“, ინდექსირებულია მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის ERIHPLUS-ში;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ფინანსდება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ინსტიტუციური სამეცნიერო ცხოვრების განვითარებას.
– რაც შეეხება სხვა სერვისებს, აკადემიური სწავლების გარდა, რა სერვისებს სთავაზობს უნივერსიტეტი ახალგაზრდებს და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი თითოეული სტუდენტისათვის?
– სტუდენტური სერვისები და საჭიროებები ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. სტუდენტი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების, კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახური. ასე, რომ თითოეულ სტუდენტს, გარდა სხვა სტრუქტურული რგოლებისა, საჭირო ინფორმაციის მიღებისა და კარიერულ დაგეგმარებაში ეს სამსახურიც ეხმარება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკადემიური განათლების პარალელურად, სტუდენტებს ხელს უწყობს სპორტული და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინებაში. ამისთვის სხვადასხვა მიმართულებებით ვმუშაობთ. სტუდენტებისთვის სრულიად უფასოდ ფუნქციონირებს ლიტერატურული კაფე, ქორეოგრაფიული დასი და ჯაზბენდი, საესტრადო სიმღერა.
სპორტი გორში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული თემაა, ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში და გვაქვს სერიოზული წარმატებები, როგორც უნივერსიადებში, ასევე საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ჩვენი საამაყო ოლიმპიელები: გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. სტუდენტებისთვის ასევე უფასოდ ფუნქციონირებს: კალათბურთის, კრივის, მკლავჭიდის და ფუტსალის კლუბები.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუტენდებს შეხვდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი