განათლება მილიარდერებისთვის – რა აჩვენა კვლევამ
რომელი ადამიანები ხდებიან მილიარდერები? ისინი, ვინც სწავლას თავი დაანება და საკუთარი ბიზნესით დაკავდა? თუ ის, ვინც უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა? ყველაზე მდიდარი მილიარდერების ბიოგრაფიების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ადამიანებს, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, საშუალოდ მეტი საუნივერსიტეტო დიპლომი აქვთ. უფრო მეტიც, ბევრ მათგანს მაგისტრის ან მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს. ეს მონაცემები ეწინააღმდეგება ძველ მითს იმაზე, რომ მილიარდერებმა ყველაფერი თვითონ ისწავლეს და მათ მხოლოდ თავიანთი ინტელექტისა და ინტუიციის იმედი ქონდათ.
სადაზღვევო კომპანიამ GoCompare შეისწავლა ინფორმაცია, თუ რა განათლება მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც ჟურნალ Forbes-ის მიერ, ბოლო 20 წლის მანძილზე შედგენილი 100 მთავარი მილიარდერის სიაში არიან. გაირკვა, რომ უნივერსიტეტი მილიარდერების 76%-მა დაამთავრა. მათგან 47%-მა ბაკალავრის, 23%-მა მაგისტრის და 6%-მა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. ადამიანების ამ ჯგუფში ყველაზე დიდი პოპულარობით ეკონომიკასა და საინჟინრო საქმესთან დაკავშირებული კურსები სარგებლობდა. მათ მეოთხედს უმაღლეს სასწავლებელში ან საერთოდ არ ჩაუბარებია, ან სწავლა არ დაუსრულებია.
მილიარდერებში ყველაზე დიდი პოპულარობით ჰარვარდის უნივერსიტეტი, განსაკუთრებით კი მისი ეკონომიკის სკოლა სარგებლობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანს – ბილ გეიტსს ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ დაუმთავრებია.
მილიარდერებში დიდი პოპულარობით ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სარგებლობს. ბრიტანული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან ლონდონის ეკონომიკის სკოლა და კემბრიჯის უნივერსიტეტი გამოირჩევა. რუპერტ მერდოკმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლა. საფრანგეთში ყველაზე მეტი მილიარდერი პარიზის პოლიტექნიკურმა სკოლამ გამოუშვა.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წამყვანი ადგილი რვა კერძო უნივერსიტეტსა და რამდენიმე ძვირადღირებულ კოლეჯს უჭირავს. ბევრ ქვეყანაში უმაღლესი განათლების ღირებულებასთან დაკავშირებით ცხარე დებატები მიმდინარეობს. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ არსებული საუნივერსიტეტო სისტემა სოციალურ ფენებს შორის არსებულ სხვაობას კიდევ უფრო ამყარებს და მის მობილობას ხელს არ უწყობს. GoCompare-ის ანალიზი ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და სუპერ მდიდარ ადამიანებს შორის არსებულ კავშირზე მიუთითებს.
კვლევაში არ არის აღნიშნული, თუ რამდენი ადამიანი იყო ამ სუპერ მილიარდერებიდან ღარიბი, მაგრამ ნიჭიერი სტუდენტი, რომელსაც საუნივერსიტეტო განათლება წინსვლაში დაეხმარა. ასევე უცნობია, თუ რამდენი მათგანია ჩვეულებრივი მილიონერის შვილი. თუმცა კვლევაში ნათქვამია, რომ მილიარდერების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობისა და ნიჭის დახმარებით გამდიდრდნენ უფრო და უფრო მცირდება. იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ქონება მემკვიდრეობით არ ერგო და თვითონ გამოიმუშავა, ფინანსური კრიზისის შემდეგ მკვეთრად დაეცა და ახლა ეს მაჩვენებელი 58%-ს შეადგენს.
ლონდონის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარებული კვლევა ასევე მიუთითებს ბრიტანელი სტუდენტის მიერ მიღებული სასწავლო ხარისხსა და მის მომავალ შემოსავალს შორის არსებულ კავშირზე. გაირკვა, რომ მათ ვინც უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, თავის ყოფილ კლასელებზე უკეთესი შემოსავალი აქვთ. კვლევის ავტორებს არ უკვირთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმრავლესობა სასწავლო ხარისხს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში იცავდა. მათი თქმით, ადამიანები, რომლებმაც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მიიღეს, ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 200 ათასი ფუნტი სტერლინგით მეტს გამოიმუშავებენ. კვლევის ავტორების თქმით, მატერიალური სარგებელ, რომელიც უმაღლეს განათლებას მოაქვს, ხელმისაწვდომი ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის უნდა გახდეს.
წყარო: BBC
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება