განათლება, როგორც პრივილეგია
იმ უფლებებს შორის, რომელიც თითოეულ ადამიანს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, ერთ–ერთი განათლების უფლებაა. აღნიშნულ უფლებას საქართველოს ყველა მოქალაქეს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ანიჭებს. კანონით აღიარებული ეს უფლება მოიცავს სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების უფლებას.
ბოლო წლებში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მზარდი რაოდენობა აძლიერებს აზრს, რომ საქართველოში განათლების უფლება დაცული არ არის. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს ეს უფლება სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო ეზღუდებათ, რაც ქვეყანაში განათლებას კვლავ პრივილეგიად ტოვებს.
სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ამჟამად საქართველოს დაახლოებით 35 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს. მათმა ნაწილმა უმაღლესი განათლების მიღება ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ განაგრძო. უმაღლესი განათლების გარეშე დარჩენა, სტუდენტების ნაწილისთვის, საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე უარის თქმას ნიშნავს. ეს საკითხი ერთ–ერთია, რაზეც საჯარო მსჯელობის დაწყებას, „აუდიტორია 115“-ს ის წევრები აქტიურად ცდილობენ. ამ თვალსაზრისით, მათ აქტივიზმს ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი უკვე აქვს – თსუ–ში 1 320 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გუშინ აკადემიური რეგისტრაციისა და სწავლის გაგრძელების უფლება მიეცა.
თსუ–ს გარდა, სტატუსი საქართველოში მოქმედი 74 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის ათასობით სტუდენტს აქვს შეჩერებული. სწავლის შეწყვეტის მიზეზებზე, EDU.ARIS.GE გორში მცხოვრებ სტუდენტებს ესაუბრა. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ საქართველოში განათლების მიღება იმაზე ძვირია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ვახო ჩხიტაური, 20 წლის, გორიდან:
„2014 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე. გრანტი ვერ ავიღე. ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადის დაფარვა უჭირდათ, მაგრამ მაინც მიხდიდნენ. მეორე კურსიდან, გადავწყვიტე, რომ შევშველებოდი. მუშაობა დავიწყე ერთ–ერთ კერძო კომპანიაში, მაგრამ ამა ბევრი რამ გაართულა. გორიდან დავდიოდი და ძალიან რთული იყო, ერთდროულად მუშაობაც და სწავლაც. იმდენის საშუალებაც არ გვქონდა, რომ თბილისში გადავსულიყავი საცხორებლად. ამიტომ მუშაობას თავი დავანებე. სექტემბერში კი განცხადება დავწერე და სტატუსი შევიწყვიტე, რადგან გადასახადის დაფარვას ვერ ვახერხებდით. ახლა სამსახურს ვეძებ. მინდა, რომ ფული დავაგროვო, სტატუსი აღვიდგინო და სწავლა გავაგრძელო. მინდა განათლების მიღება და მერე ჩემი პროფესიით მუშაობა. სამწუხაროდ, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც ამდენი წვალება უწევს განათლების მისაღებად.“
ანა ჭავჭავაძე, 20 წლის, გორიდან:
„2014 წელს ჩავაბარე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ფაქტობრივად, სწავლა არც კი დამცალდა. სოციალურად დაუცველი ვარ, რის გამოც, წესით სახელმწიფოს უნდა დავეფინანსებინე. განცხადება დავწერე ამის თაობაზე. ჩამოვიდა დროებითი პასუხი, სადაც ეწერა, რომ ველოდებოდი დაფინანსებას და შემეძლო გადასახადის გარეშე წლის ბოლომდე მევლო ლექციებზე, მაგრამ შუალედურებზე რომ გავედი, შუა გამოცდიდან გამომატრიეალეს და მითხრეს, რომ 1 125 ლარი უნდა შემეტანა. ვადა ორი დღე მქონდა, თუ არადა, სტატუსი მიჩერდებოდა. თანხა ვერ ვიშოვე და დავრჩი ასე, უნივერსიტეტის გარეთ, სახელმწიფომ არ დამაფინანსა. პასუხი დეკემბერში ჩამოვიდა, უარყოფითი პასუხი … მერე მუშაობა დავიწყე მაღაზიაში კონსულტანტად, მაგრამ ანაზღაურება ისეთი დაბალი იყო, რომ საკმარისი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხე. ჩემს დღეში ბევრი სტუდენტია. მომავალშიც რას ვიზამ, არ ვიცი. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. იქნებ ისეთი სამსახური ვიშოვო, რომ ფულის დაგროვება მოვახერხო.“
გივი ბოჭორაძე, 22 წლის, გორიდან:
„2012 წელს ჩავაბარე თსუ–ში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. კარგად მახსოვს ეს წელი. პირველივე დღე საპროტექსტო აქციით დაიწყო. მაშინ 20 000-ზე მეტ სტუდენტს ჰქონდა სტატუსი შეჩერებული, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. ჩვენ ამ სტუდენტებს სოლიდარობას ვუცხადებდით და ვითხოვდით, განათლება ხელმისაწდომი ყოფილიყო ყველა ახალგაზრდისთვის. მაშინ, იმ აქციაზე მდგომი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც სტატუსშეჩერებული სტუდენტი ასე ვისაუბრებდი ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ 50%-იანი გრანტი მქონდა, სწავლის საფასურის გადახდა მაინც გაგვიჭირდა. ამიტომ, დარჩენილ 1 125 ლარსაც კი ოთხ ეტაპად ვფარავდით ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ამეღო და დავიწყე არასტუდენტურ სამსახურში მუშაობა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ სწავლასაც ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. ამიტომ ვამჯობინე, რომ აკადემიური ამეღო, გარკვეული თანხა დამეგროვებინა და ასე გამეგრძელებინა სწავლა. 2016 წლის მეორე სემესტრში ავიღე აკადემიური, ისე მოხდა, რომ სამსახურიდანაც წამოვედი, ამიტომ ახალ სასწავლო წელსაც ვერ შევძელი თანხის შეტანა, უსახსრობის გამო. ჩამოვშორდი საუნივერსტიტეტო სივრცეს, თუმცა მოტივაცია არ დამიკარგავს. სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია.”
ტატო დვალიშვილი, 23 წლის, გორიდან:
„2011 წელს ჩავაბარე სეუ–ში, ფსიქოლოგიურზე. პირველ სემესტრში ნამდვილად გამორჩეული სტუდენტი ვიყავი. შემდეგ მუშაობა დავიწყე და იმდენად კარგად ვეღარ ვსწავლობდი. სწავლასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მქონდა და ყველაფრის მიუხედავად, დღემდე მაქვს – სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება მინდა. ჩემთვის განათლების მოცემა ჩემი ოჯახისთვის მარტივი არ ყოფილა. პირველი სემეტრის გადასახადი ბანკის სესხით გადავიხადეთ. მომდევნო წლებიც ასე ვიხდიდით. მერე მეც ვმუშაობდი და ვცდილობდი, ამით დავხმარებოდი ჩემებს. ზოგიერთი სამსახური ისეთი იყო, რომ სწავლისთვის დროსა და ძალას არ მიტოვებდა. მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, სტატუსი რამდენჯერმე მაინც შემიწყდა, გადასახადის დროულად ვერ დაფარვის გამო. მესამე სემესტრის დასაწყისში, გადასახადს რომ ვერ ვიხდიდით, სამუშაოდ თურქეთში წავედი. იქ ფული დავაგროვე და იმ ფულით მეოთხე სემესტრის სწავლის ფული გადავიხადე. შემდეგ კი, კვლავ უსახსრობის გამო, გორში გადმოვიტანე საბუთები. აქაც ერთი წელი ვისწავლე, თუმცა შარშან ვეღარ გადავიხადეთ გადასახადი და ისევ შემიწყდა სტატუსი და ასე ვარ დღემდე. ჩემ ჯგუფში სწავლა 48 სტუდენტმა დავიწყეთ. მხოლოთ მათ ნახევარმა შეძლო დამთავრება.”
მარიამ ცერცვაძე, 23 წლის, გორიდან:
„2010 წელს ჩავაბარე გორის უნივერსიტეტში. მინდოდა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი გავმხდარიყავი. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და 50%-იანი გრანტი ავიღე. სტუდენტობასაც პასუხიმსგებლობით მოვეკიდე. ჩემს გადასახადს ოჯახი ფარავდა, მაგრამ ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა. საბოლოოდ კი, იძულებული გავხდი პირადი განცხადების საფუძველზე, სტატუსი შემეჩერებინა. ჩემ გარშემო ბევრი ახალგაზრდა იყო, ვინც ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ იგივე პრობლემის გამო, დღეს განათლების მიღების საშუალება არ ეძლევა. მე სამსახურის შოვნაც ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვნახე ისეთი, როგორიც სტუდენტ დედას წაადგებოდა. ორი შვილი მყავს. ხოდა, მათი მოვლა, მუშაობა და თან სწავლა ძალიან რთულია. არადა, ერთი წელიღა მაქვს დარჩენილი. ერთი პატარა ახლა ბაღში შევიყვანე და იმედი მაქვს, აწი სადმე ვიშოვი სამსახურს და ფულს მოვაგროვებ. არ მინდა, განათლების გარეშე დავრჩე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის სასურველი და სანატრელი პროფესიით ვერასოდეს ვიმუშავებ. ამის წარმოდგენაც არ მინდა.’’
ნუგო დონგუზაშვილი, 20 წლის, გორიდან:
“’2014-ში დავიწყე სწავლა ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ჩემი ოჯახის ფინანსურ ესაძლებლობებს კარგად ვხედავდი. ამიტომ, სტუდენტობის თბილისში გატარებაზე უარი ვთქვი და გორის უნივერსიტეტში ჩავაბარე. უმაღლესი განათლების მიღება მინდოდა, რადგან ვიცი, რომ ამის გარეშე ჩვენს ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ახლა მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. მე სამსახურის შოვნა ვცადე, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვნახე, სწავლის გადასახადს რომ გაწვდება. ჩემს ოჯახსაც აღარ აქვს ამისთვის საჭირო ფინანსები. ამიტომაც, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ სტუდენტის სტატუსი შეჩერებული მაქვს. ჩემი და კიდევ მრავალი ჩემნაირი სტუდენტის არსებობა კარგად აჩვენებს, თუ სად აქვს მთავარი ჩავარდნები სახელმწიფოს.’’
სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილს საკუთარი ისტორიის მოყოლა არ სურს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სახელმწიფო მათ მიმართ იმდენად გულგრილია, რომ საუბრით ვერაფერს შეცვლიან. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი ისტორიის დამალვით, სოციალური ნიშნით ჩაგვრისაგან თავის დაცვას ცდილობს. ჩვენთან საუბარში რამდენიმე სტუდენტმა ისიც აღნიშნა, რომ აქ სწავლის გაგრძელებას აღარ ცდილობს, რადგან უცხო ენას სწავლობს და ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
ასეთია რეალობა იმ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საკანონმდებლო დოკუმენტის ფონზე, რომლებიც განათლების უფლებას ადამიანის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებად აღიარებენ.
ცნობისთვის, ორგანიზაციის “ახალგაზრდა ადვოკატები” ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს 35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს. ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს საქართველოში რეგისტრირებულ იყო 28 055 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, 2014 წელს კი – 33,575. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლება წლიდან–წლამდე უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ხელმიუწვდოელი.
გვანცა დოლუაშვილი – გორი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება