განათლების ფსიქოლოგი: როგორ შევუნარჩუნოთ სწავლის მოტივაცია და მოვამზადოთ მოსწავლე ახალი სასწავლო წლისთვის
უკვე ორი თვეა სწავლების პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, სკოლაში სიარულისა და სახლიდან სწავლის რუტინა განსხვავდება. შექმნილი ვითარება ბავშვებს ვალდებულებების განცდას ნაკლებად, მშობლებს კი, უფრო მეტ თავსატეხს უჩენს. განათლების ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე EDU.ARIS.GE-ს უზიარებს რჩევებს თუ როგორ შევუნარჩუნოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებს დისტანციური სწავლების რეჟიმში და ასევე მოვამზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის იძულებითი 6-თვიანი არდადეგების პირობებში:
“ბავშვს შექმნილი მოცემულობის ობიექტურად აღქმაში მშობელი უნდა დაეხმაროს. თანამედროვე სამყაროში მრავალი ოჯახი გადის სხვადასხვა სახის ცვლილებებს. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის და სკოლის შეცვლა, ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან სიკვდილი, მშობლების განქორწინება, პანდემია და სხვა. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში, ოჯახის სქემა გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, ამიტომ ჩვენი შვილები ახალი გარემოებების გავლენის გამო, სიძნელეებს აწყდებიან.
ბავშვის თავისებურებებიდან და ასაკიდან გამომდინარე, ცვლილებებმა შეიძლება განსხვავებული გავლენა მოახდინოს მასზე. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. პირველ რიგში, თქვენ, როგორც მშობლებმა, უნდა აჩვენოთ ბავშვს ემოციური სტაბილურობა, რომელიც უნდა გამოხატოთ თქვენს ქცევებში. პატარა ბავშვი ამას გრძნობს არაცნობიერ დონეზე. მაშინ, როდესაც თქვენ მას იცავთ და აკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს, ის ბედნიერია. ანალოგიურად, უფროსმა ბავშვმა შეიძლება დამოუკიდებლად გადალახოს ემოციური სტრესი, თუ იგი გრძნობს მშობლების მხარდაჭერას და იცის, რომ ისინი მშვიდად არიან. უფროსების განწყობა და შფოთვა ბავშვებს პირდაპირი გზით გადაეცემა.
ბავშვები უფრო მარტივად ახერხებენ მოერგონ და ადაპტირდნენ დროებით ცვლილებებთან თუ მშობლები დაძაბულობას არ ამჟღავნებენ. ეჭვგარეშეა, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარი ცვლილებები – ამ შემთხვევაში პანდემია, მაგრამ თქვენი შვილისთვის გაცილებით ადვილი იქნება გაუმკლავდეს სიტუაციას, თუ მან იცის, რომ მას აქვს საიმედო საყრდენი – მოსიყვარულე მშობლები. ასევე შეეცადეთ, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ მოამზადოთ და განაწყოთ ბავშვი მის ცხოვრებაში სხვა მომავალი, გარდაუვალი ცვლილებებისთვის”, – აცხადებს ნინუ კიკნაველიძე.
რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვებთან ვერბალური და ფიზიკური კომუნიკაცია მშობლებს ახლა უფრო მეტად აქვთ ვიდრე მანამდე, გთავაზობთ განათლების ფსიქოლოგის ნინუ კიკნაველიძის მიერ მომზადებულ რამდენიმე კონკრეტულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ბავშვებს შეინარჩუნონ აკადემიური ჩართულობა დისტანციური სწავლების დროს და განუმტკიცებს მათ სასწავლო განწყობასა და მოტივაციას ახალი სასწავლო წლისთვის:
1. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც მშობლის მიდგომა და აღქმა დისტანციური სწავლების მიმართ. ბავშვის თანდასწრებით არასოდეს მოიხსენიოთ ნეგატიურ კონტექსტში სწავლების ეს ფორმა და პირიქით, შეგიძლიათ ის წაახალისოთ. თქვენი ნეგატიური მიდგომა შესაძლოა ბავშვმა უკან დაგიბრუნოთ არასასურველი ფორმით;
2. პირველ რიგში, მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ დისტანციური სწავლება სკოლაში სიარულის ანალოგია და არის კლასიდან კლასში გადასვლის სტანდარტული წინაპირობა;
3. ბავშვებს ავუხსნათ, რომ ეს მოცემულობა ეხება ყველას და ის არ არის გამონაკლისი;
4. აუცილებელია ბავშვს მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად შეუქმნათ სასწავლო გარემო, კუთხე, სახლის პირობებში;
5. მიუთითეთ იმ პირობებზე და საშუალებებზე, რომელიც მათ აქვთ თქვენი და სკოლის მხარდაჭერით (რესურსები, რომელიც ხელს უწყობს მას ონლაინ სწავლებაში);
6. მოცემული სიტუაცია კარგი საშუალებაა ბავშვებს განვუმტკიცოთ პოზიტიური მიდგომები. ამისთვის შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტს, რომ ეს სიტუაცია აძლევს მას ახალ საშუალებებს განავითაროს საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები;
7. ბავშვი აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ, რომ თუნდაც დისტანციურ სწავლებას სჭირდება წესრიგი, თანმიმდევრული გარემო და რუტინა (გაკვეთილების ფიქსირებული დრო, საშინაო დავალებები, პროექტებზე მუშაობა და ა.შ.);
8. დამატებით საჭიროებებზე აუცილებელია ბავშვისგან მივიღოთ უკუკავშირი. ჰკითხეთ მას, თუ რა არის ის, რაც გააუმჯობესებს და წაახალისებს მის განწყობას და მოტივაციას დისტანციური სწავლისთვის; მაქსიმალურად გაითვალისწინეთ ბავშვისგან მიღებული უკუკავშირი და იყავით ყურადღებით მათი ინიციატივების მიმართ;
9. ხელი შეუწყვეთ თქვენი შვილის ონლაინ ურთიერთობას კლასელებთან. სკოლის ჩვეულ რეჟიმში მათ ამის საშუალება ქონდათ და მისი შენარჩუნება სოციალური ურთიერთობების გასამყარებლად ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიეცით მათ საშუალება გაუზიარონ საკუთარი შფოთვები და განცდები თანატოლებს მოცემულ ვითარებასთან მიმართებაში. სასურველია ეს მოხდეს თქვენი ზომიერი, ლიმიტირებული ზედამხედველობით, ბულინგის, განსაკუთრებით კიბერ-ბულინგის პრევენციის მიზნით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირადი სივრცე მათთვისაც, ისევე როგორც თქვენთვის, არის უმნიშვნელოვანესი;
10. ხშირად გაუსვით ხაზი, რომ დისტანციური სწავლება არის მხოლოდ დროებითი მოვლენა და ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან ჩვეულ სასწავლო რუტინას. მოერიდეთ კონკრეტული თარიღების დასახელებას, არასწორი მოლოდინების თავიდან აცილების მიზნით.
მოამზადა ნუკი წიწილაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება