GE

განათლების კოალიციის 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და 2023 წლის გეგმები

2022 წელი ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. წელი სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობის ანგარიშის გამოქვეყნებით დავიწყეთ. ანგარიშმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პოლიტიზება და მათი გამოყენება საარჩევნო/პოლიტიკურ პროცესებში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კოალიცია, შესაძლებლობის ფარგლებში, 2023 წელსაც გააგრძელებს საკითხის ადვოკატირებას პოლიტიკის დონეზე და რეგიონული ნდობის ჯგუფების გაძლიერების ხელშეწყობას.

როგორც ყოველთვის, 2022 წელიც მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის კუთხით. 24 ივნისს გამოვლინდა საუკეთესო ათეული, 5 სექტემბერს – უკრაინის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულების მიერ დასახელდნენ ფინალისტები და 5 ოქტომბერს – 2022 წლის გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, როლანდ შავაძე. 2023 წელს ჯილდოს კამპანია ტრადიციული სიახლეებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება.

2022 წელს გავაგრძელეთ თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდთან, რაც მოიცავდა საქმიანობას როგორც სკოლამდელი, ასევე, სასკოლო განათლების მიმართულებით. პირველ შემთხვევაში, დავასრულეთ მუშაობა გადაცემაზე რჩევები მშობლებს, რომელიც ტელესკოლის ეთერით 2021 წლიდან გადაიცემოდა და აერთიანებს ბავშვის განვითარების შესახებ 27 გადაცემას.

რაც შეეხება ზოგად განათლებას, პირველ რიგში, გავაგრძელეთ CK-12-ის პლატფორმის განვითარება. კონკრეტულად, გამოიცა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გზამკვლევი, მომზადდა საილუსტრაციო საგაკვეთილო სცენარები პლატფორმაზე განთავსებული ყველა საგნობრივი მიმართულებით, ასევე, ითარგმნა და ვებგვერზე განთავსდა ფიზიკის სიმულაციები. ამასთან, 2022 წელს გამოცხადდა სასკოლო კონკურსი და შეირჩა 60 სკოლა, სადაც აქტიურად ინერგება CK-12-ის რესურსები. აღნიშნული კონკურსი საფუძვლად დაედო CK12-ის სასკოლო ქსელის შექმნას, თითოეულ სკოლასთან მუშაობენ CK-12-ის კონსულტანტ მასწავლებლები, რომლებიც აღნიშნული სკოლების მასწავლებლებს უზიარებენ სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის სკოლების ქსელში 2022 წელს სულ ჩაერთო 20 კონსულტანტ-მასწავლებელი, 60 სკოლა, 327 მასწავლებელი და 9522 მოსწავლე.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, 2022 წლის დეკემბერში გამოვლინდა საგანმანათლებლო სკოლების ქსელში ჩართული კარგი პრაქტიკის მქონე 5 გამარჯვებული სკოლა:

  • სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა
  • სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა
  • სსიპ – ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლა
  • სსიპ – სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
  • სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლა

ამ მიმართულებით 2023 წელსაც ვაგრძელებთ საქმიანობას: მაისში დამატებით 5 გამარჯვებული სკოლა გამოცხადდება, ხოლო ივნისში გაიმართება CK-12-ის შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია.

გარდა აღნიშნულისა, UNICEF-თან თანამშრომლობა მოიცავდა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერას, მონაწილეობითი მიდგომების გამოყენებით. შესაბამისად, მომზადდა საქართველოში მოქმედი მასწავლებელთა პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების კატალოგი. რაც მთავარია, 2022 წლის 28 ნოემბერს ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების აქტივისტებმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“ დააფუძნეს.

საზოგადოებრივი ალიანსის მიზანია მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ტრანსფორმაციის ადვოკატირება და ამ გზით ხარისხიანი, თანასწორი და კეთილდღეობაზე მიმართული ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა.

ალიანსი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმის რეკომენდაციების მომზადებას მასწავლებელთა ჯგუფების და ზოგადი განათლების სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მობილიზების გზით. შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტს ალიანსი საზოგადოებას 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგენს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენთვის 2022 წელს იყო აქტუალური, ეს არის COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლებაზე და შესაბამისი რემედიალური პროგრამების შემუშავება. ამ მხრივ, კოალიციამ ადვოკატირებაზე მიმართული არაერთი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, თანაორგანიზება გავუწიეთ საერთაშორისო კონფერენციას ,,პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე,” რომელსაც მასპინძლობდა USAID-ის საბაზო განათლების პროგრამა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მსოფლიო ბანკთან (World Bank) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით.

გარდა ამისა, 2022 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, გავაგრძელეთ თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), „ზოგადი განათლების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების მიზნების და სახელმწიფო ინდიკატორების საკითხებზე მუშაობას. ამ მხრივ, 2022 წლის დეკემბერში თემატური შეხვედრები გავმართეთ მასწავლებელთა და ექსპერტულ ჯგუფებთან. 2023 წელს კი, ვგეგმავთ საჯარო დისკუსიებისა და თემატური აქტივობების ინიცირებას.

გარდა ამისა, არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, სკოლა ლაბის პროგრამასთან თანამშრომლობით, 2023 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება იქნება. შესაბამისად, 2023 წელს სწორედ სასკოლო კვების ადვოკატირების წლად ვაცხადებთ!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური