განათლების მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა – როგორ გამოიყო საქართველოს ისტორია ცალკე საგნად
X-XII კლასებში საქართველოს ისტორიას ცალკე საგნად ისწავლიან – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალ ბრძანებაში წერია, რომელსაც მინისტრმა 7 მარტს მოაწერა ხელი.
“ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნების სია, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
აღნიშნულ საგნობრივ ჯგუფში შედის:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო საგნების სიის განახლებას მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს მოაწერა ხელი, სადაც ისტორიის სწავლების საკითხი ასე იყო ფორმულირებული:
„ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში)“ – სწორედ ეს ჩანაწერი შეიცვალა ახალი ბრძანებით.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხზე პარლამენტის განათლების კომიტეტმაც უნდა იმსჯელოს, რადგან, როგორც საკანონმდებლო ორგანოში შესული წერილით ირკვევა, საქართველოს ისტორია ჯეროვნად არ ისწავლება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხს შეისწავლის.
აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, თებერვლის დასაწყისში EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა, რომ კომიტეტში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, საქართველოს ისტორია ცალკე საგნად აღარ ისწავლება და ის მსოფლიო ისტორიის ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. ამილახვარი ირწმუნებოდა, რომ კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ჩაუღრმავდებოდა, შეისწავლიდა და თუ დაინახავდნენ, რომ საქართველოს ისტორია არ არის ისე წარმოჩენილი სასწავლო გეგმაში, როგორც ამას თავად ეს საგანი და ჩვენი ისტორია იმსახურებს, მაშინვე შესაბამის კონსულტაციებს და რეკომენდაციებს გასწევდა სამინისტროსთან. არის თუ არა ახალი ბრძანება ამ ყოველივეს პასუხი და კომიტეტის ჩარევამდე მოგვარებული საკითხი, მომავალი გვიჩვენებს.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება