„განათლების მთელი სამინისტრო გასაცხრილია, ყველგან ყალბია სწავლა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი განათლების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრის პოსტიდან გადაყენება არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი იყო.
დადებითად აფასებს ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურას და აცხადებს, რომ მას არაჩვეულებრივი “ბექგრაუნდი” აქვს და ახლა მთავარი ისაა თუ რამდენად გამოიჩენს იგი პრინციპულობასა და სითამამეს ხისტი რეფორმების გასატარებლად.
იმ ფაქტს, რომ განათლების მინისტრები ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით იცვლებიან, ბერძენიშვილი ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ სხვაგვარად შეუძლებელიც კია, რადგან ცუდი მინისტრების უფრო დიდი ხნით გაჩერება არაფრით შეიძლება.
ლევან ბერძენიშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ ვიპოვნეთ ისეთი მინისტრი, რომელიც წელიწადნახევარში გასაშვები არ იქნებოდა. განათლების მინისტრამდე სახელმწიფომ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება – განათლება პრიორიტეტულია თუ არა. კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ განათლება პრიორიტეტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ასეა ვერც ფინანსურად, ვერც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ვერც დანიშვნებით.
განათლება პრიორიტეტი არ იყო შევარდნაძის დროს, არ იყო სააკაშვილის დროს და არ არის არც ამ მთავრობაში. შესაბამისად, მამა ღმერთი რომ დავნიშნოთ მინისტრად, თუკი იმ პირობებში იქნება, რა პირობებიც ახლაა, ვერავინ ვერაფერს შეცვლის. ყოფილი მინისტრებიც შეიძლება ნორმალურ ვითარებაში კარგები ყოფილიყვნენ, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა გეუბნებიან ამ თანხითა და მენეჯმენტით რაიმე უკეთესობისაკენ შეცვალეო, ამას ვერავინ გააკეთებს და ამიტომაც ყველა მინისტრი ხელმოცარული იყო.
ბოლო მინისტრი კი კატასტროფა გახლდათ. დღევანდელი მინისტრი პერსონალურად ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ როგორი მინისტრი იქნება, ამას ვერ გეტყვით. თუ ქვეყნის ხედვაში ფუნდამენტური ცვლილება არ არის, ვერც ეს მინისტრი იზამს ვერაფერს, სამწუხაროდ.
–ანუ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ახალი მინისტრიც კრახისთვისაა განწირული?
–ლ.ბ: დღევანდელი პირობები თუ არ შეიცვლება, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას ვერც ახალი მინისტრი შეძლებს. ცვლილებები კი განსახორციელებელია სკოლაშიც და უმაღლეს სკოლაშიც.
ის არაჩვეულებრივი მეცნიერი და ბრწყინვალე პროფესიონალია. სხვათაშორის, ამას ყველა წინამორბედ მინისტრზე ვერ ვიტყვით. ეს თავის დარგში ნამდვილად ხუთოსანია. კვალიფიკაცია პრობლემა არაა და ამ მხრივ ის გამოირჩევა ბოლო მინისტრებისაგან, ერთი-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.
თუ ჩხენკელი წარმოადგენს ახალ პროგრამას, დაგვარწმუნებს, რომ განათლების დაფინანსება სამჯერ და ოთხჯერ გაიზრდება, შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
–თქვით, რომ თავისი ხედვა უნდა წარმოადგენოს. ბოლო მინსიტრებსაც ჰქონდათ საკმაოდ მასშტაბური, რამდენიმე წელზე და ათწლეულზე გაწერილი გეგმები, რაც ლოგიკურია, რადგან განათლების სფეროში სწრაფი შედეგის მიღება შეუძლებელია, მაგრამ თუკი მინისტრები ასეთი ტემპებით შეიცვლებიან, როგორ უნდა განახორციელონ ეს გეგმები? შესაბამისად, როგორ უნდა დავრწმუნდეთ იგი ეფექტური იყო თუ არა და ასეთ პირობებში საერთოდ რაღა აზრი აქვს ხედვის წარმოდგენას?
–ლ.ბ: არა, ჯეჯელავასთვის არ უნდა მიეცათ დრო. არათუ წელიწადი, არც ერთი დღე არ უნდა მიეცათ. თუ კაცი ასეთ სულელურ გეგმას წარმოადგენს, რომ მხატვრულ ლიტერატურას თავს უნდა დაესხა და განათლების სისტემიდან უნდა გააძევო, ასეთი იდიოტი პირველივე დღეს უნდა მოეხსნათ და არა ამდენი ხნის შემდეგ.
თუ ახალი მინისტრი დამაჯერებელ პროგრამას წარმოადგენს, საზოგადოების მხარდაჭერაც ექნება და მთავრობისაც. თუ ვერ წარმოიდგენს, შეუერთდება იმათ რიცხვს, ვინც კარგი მეცნიერია, მაგრამ ცუდი მინისტრი. ბევრ მინისტრზე ამასაც ვერ ვიტყვით. მაგალითად ჯეჯელავაზე ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ რამეში კარგი იყო. ადამიანი, რომელიც მშობლიურ ლიტერატურას, ფოლკლორს ასეთი ბეცი აგრესიითა და თვითკმაყოფილებით დაეტაკება და ქვეყანას გააცინებს, რა თქმა უნდა, მინისტრად არ გამოდგება.
–მოგეხსენებათ, წარმატებული რეფორმები ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს, რომელთაც შესაძლოა საზოგადოების პროტესტი გამოიწვიონ. როგორ ფიქრობთ, ახალ მინისტრს ეყოფა გამბედაობა თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად?
–ლ.ბ: თუ წარმატება უნდა, დიახ, არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ საზოგადოებას რაღაცებს აუხსნი, მიხვდება, რომ უნდა ჩაისუნთქოს და მერე ამოისუნთქოს. თუ პირდაპირ ეცემა და ეტყვის მე ყველაფერი როგორც მინდა ისე უნდა გავაკეთო, თქვენი აზრი არ მაინტერესებსო, მოიქცევა ისე, როგორც ეს მთავრობა იქცევა მთაწმინდაზე ვინმეს დაკრძალვის დროს – რომ დაკრძალავენ და მერე გვეკითხებიან – როგორ ვქენითო?
საზოგადოებას თუ არ კითხავ და რეფორმებს ისე დაიწყებ, ყველა ჩავარდება. რეფორმების ძირითადი ნაწილი საზოგადოების ინფორმირებაა. იმის ახსნა, რომ ეს სწორია და კარგია. ჩვენი შვილებისათვის თუ კარგია, მშობლები რამენაირად გავერკვევით და მასწავლებლებიც გაერკვევიან იმაში, რაც სკოლისთვისაა კარგი.
როცა მინისტრი დაგცინის იმის გამო, რომ თავად წერა-კითხვის უცოდინარია, რა თქმა უნდა, პრობლემები ექნება. ახალ მინისტრს, რამდენადაც მე ვიცნობ, ვაჟკაცობა, გამოცდილება და სითამამე არ აკლია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით საით წავა მისი აზრები, მიმართავს თუ არა სკოლას, რეფორმის ძირითადი საფუძველი იქნება თუ არა საბაზო განათლება. თუ ისევ უმაღლეს განათლებაზე იქნება ორიენტირებული.
ჩვენ გვინდა ისეთი მინისტრი, რომელსაც სიტყვა განათლების მნიშვნელობა ესმის და იცის, რომ განათლება ბავშვის სკოლაში მისვლიდან იწყება. თუ ესმის, რომ იმ ფინანსებით, რაც ახლაა, ვერავინ ვერაფერს იზამს და ბევრად მეტია საჭირო. თუ წარმატებები ექნება, პოპულარულიც გახდება, ეს პრობლემა არაა. მტკივნეული რეფორმები სხვა ქვეყნებში გატარებულა და ჩვენთანაც გატარდება.
–მიგაჩნიათ თუ არა ჯეჯელავას მინისტრობისას წამოწყებული რომელიმე საქმის გაგრძელება საჭიროდ?
–ლ.ბ: არა, ჯეჯელავას არც ერთი წამოწყება არ ვიცი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჯეჯელავასგან მხოლოდ ის ვიცით, რომ სკოლაში შეიტანა ვაშლი, აკრძალა ლიმონათი და რომ ქართული ხალხური ზღაპრები სისულელეა. ამასთანავე, კონკია ქართული ზღაპარი ჰგონია. ასე რომ, ჯეჯელევას არც ერთი წამოწყებული საქმე არაა გასაგრძელებელი. მათ შორის არც ისინი, რომლებიც პროგრამებს ეხება – სკოლის პროგრმებში ხელების ფათური, სისულელეების შეტანა და სიბრძნეების გამოტანა. განათლების სამინისტროში მხოლოდ ჯეჯელავა არ იყო პრობლემა, მთელი სამინისტრო გასაცხრილია.
ახალ მინისტრს ისეთი ბიოგრაფია აქვს, რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ გააკეთებს თუ არა და მოახერხებს თუ არა, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ წარმატება ვუსურვოთ, მას ამის შანსი აქვს. რაკი ამ შემოთავაზებას დათანხმდა, ალბათ იცის რა უნდა გააკეთოს. თუ მკითხავთ არის თუ არა ის განათლებული, გეტყვით, რომ დიახ, არის განათლებული, ჩამოყალიბებული და ზრდილი, რაც ჩვენი მინისტრებისათვის დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რადგან ელემენტარული ზრდილობით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. ერთმა მინისტრმა ისიც კი ამიხსნა, რომ დოსტოევსკი ცუდი მწერალია და ეს ისეთი ფორმებით მითხრა, რომ მისი ჭკუით, დოსტოევსკის კი არა, მე უნდა მწყენოდა.
ასე რომ, ახალი მინისტრი ამ მხრივ დადებითი პიროვნებაა და თუ ბედის ვარსკვლავზეა დაბადებული, იქნებ ამ საქმესაც მიხედოს.
–თქვენი აზრით, საიდან უნდა დაიწყოს პირველ რიგში რეფორმების გატარება?
–ლ.ბ: სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ეს მე მგონი ყველამ იცის. ის სისტემა, რომელიც შექმნილია, მათ შორის მასწავლებლების სერტიფიცირების, კოშმარულია და საერთოდ არაფერ შუაში არაა განათლებასთან. მასწავლებელი გამოცდას რომ ჩააბარებს და ბავშვს ხელს დაარტყამს, ის სისტემა გვაქვს ჩამოყალიბებული. რა ეშმაკად გვინდა ცოდნა, რომელიც არაფერს იძლევა?
ჩვენ სისტემაში თითქოს მასწავლებლებს მოეთხოვებათ რომ ბავშვის ფსიქოლოგია იცოდნენ, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ ვიდეოებს, თუ როგორ ექცევიან ისინი ბავშვებს. სულ სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან ბავშვებს სახაზავებით რომ დასდევენ.
ვინც სკოლა იმდენად დააკნინა რომ სკოლის ნიშანს კი არა, სკოლის დამთავრებასაც არ აქვს აზრი, იმან მოსპო განათლების სისტემა. პირველ კურსზე თუ მოვა ადამიანი, რომელიც ძ-ს და ხ-ს ერთმანეთში ურევს, იმისაგან არასოდეს არაფერი დადგება თუნდაც ქართულში აკაკი შანიძე დავახვედროთ და მათემატიკაში მუსხელიშვილი. სკოლის წლებს ვერავინ აანაზღაურებს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, სტუდენტები მყავს და ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30 % უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი იმ საბუთით, რომ ვეღარსად ვერასოდეს ვერ მოხვდნენ. საინტერესოა როგორ გახდნენ ისინი სტუდენტები, რა სისტემაა ჩამოყალიბებული. თუ ეს მინისტრი ვერ მოერევა განათლების იმ სისტემას, რომელიც სტუდენტად ხდის ყველას, ვისაც არ ეზარება, თუ ვერ შეცვლის მაია მიმინოშვილის აშენებულ კონგლომერატს, რომელიც თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ამ შედეგამდე მიგვიყვანა, წარმატების არაფერი შანსი არ ექნება.
მას სტრუქტურული მტრები ჰყავს – შეფასების სისტემა. მიმინოშვილის სამსახური გარდაქმნის ობიექტია. იქ ყველაფერი უნდა გამოიცვალოს. ასევე მთლიანად შესაცვლელია მასწავლებლთა შეფასების სისტემა და ის ცირკი, რასაც საქართველოში 200 უმაღლესი სასწავლებლის არსებობა ჰქვია. რომელთაც არ აქვთ სკამი, მერხი, კალამი ცარცი და დაფა, მაგრამ აქვთ ავტორიზაცია და აკრედიტაცია. ყველგან ყალბია სწავლა, დიდი სამუშაოა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია.
ამავე თემაზე:
ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია
განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება
„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება