GE

„ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული“ – რას ამბობდა ვაჟა-ფშაველა დედის როლზე

3 მარტი დედის დღეა. ვაჟა-ფშაველა დედის როლზე წერდა:

ქალთა შესახებ

(1914 წელი)

(პასუხი „სახალხო გაზეთის“ ანკეტისა“)

დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვადასხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება, ცალი ადამიანი; რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნი, იმდენადვე ამაღლებულია

ოჯახი, ოჯახს გარეშე – ერი, ერს გარეშე – კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღვიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი. დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში დიდზე და პატარაზე; შვილების პირველდაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელშია; დედაა გადამწყვეტელი შვილების

ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი მაგრამ ღრმა აღმბეჭდი გული და გონება…

ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიაღ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარედ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდგან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.

როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესაც უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს, დიდს ამაგს დასდებს თავის ქვეყანას. ვინც ამ მოვალეობიდან განთავისუფლებული იქნება, იმას არას გზით არ აეკრძალების არავითარი კულტურული საქმე.

ვაჟა-ფშაველა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური