განათლების სამინისტრო იკვლევს, რატომ არ ინტერესდებიან პედაგოგები „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტით
არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართული განათლების სისტემა და ხარისხი თანამედროვე გამოწვევებს არ შეესაბამება, ქვეყანაში დღემდე კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემაა. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არაფორმალური სასკოლო განათლება, რომელმაც მოზარდებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასთან ერთად დამატებითი ცოდნა უნდა მიაწოდოს.
განათლების სამინისტრო არაფორმალური განათლების ერთ-ერთ ხელშემწყობად თავისუფალი გაკვთილების პროექტს ასახელებს. პროექტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უწყებაში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას იდეა სკოლებმა დიდი ენთუზიაზმით არ მიიღეს. თუმცა ამაზე პედაგოგებს თავიანთი პოზიცია აქვთ და აცხადებენ, რომ თავისუფალი გაკვეთილისთვის მიღებული 8 ლარი მასწავლებელს ენთუზიაზმს არ აუმაღლებს. თავისუფალი გაკვეთილების პროექტის გარკეულ ხარვეზებზე საუბრობენ განთლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებშიც. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ აქვს რეკომენდაცია, რომ მომავალში პროექტის ფარგლებში პედაგოგთა ანაზღაურების გაზრდა მოხდეს.
სწორედ არაფორმალური განათლების საკითხებს ეძღვნებოდა ზემოთხსენებული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელიც 1 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. სპეციალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ორგანიზაცია, რომლებიც მოზარდთა არაფორმალურ განათლებაში არიან ჩართულები. მაგალითად იქ ნახავდით თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში არსებული სოციალური საწარმოების ნამუშევრებს, რომლებიც ბავშვების მიერ იყო დამზადებული. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებოს უამრავი სახელმწიფო თუ არასამთავრობო პროექტი, რომელიც მოზარდებს სხვადასხვა ხელობის თუ უნარის შესწავლას სთავაზობს, თუმცა მოსწავლეების დიდ ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მაგალითად, მესტიის სოფელ ფარში საჯარო სკოლის პედაგოგმა ეკა წულუკიძემ, დააარსა საწარმო „მზეკო“, სადაც მოზრდილების გარდა, ხელსაქმეს სოფლის სკოლის თერთმეტივე გოგონა სწავლობს. საჭირო დაფინანსება მან სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში მიიღო.
„ჩვენი პროქტი ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმებას და არაფომალური განათლების ხელშეწყობას. საწარმოს ბიზნესი ძირითადად აგებულია საოჯახო ტექსტილის შექმნაზე. ჩვენ ვკერავთ მაღალი ხარისხის თეთრეულს. პარალელურად ახალგაზრდებს საშუალება აქვთ შეისწავლონ მატყლის დამუშავებისა და სვანური ქუდების დამზადების ტექნოლოგია, დაეუფლონ ქსოვას, ქარგვას, თექაზე მუშაობის ტექნოლოგიას. ჩვენ ვქმნით 18 დასახელების პროდუქციას, სამკაულებს, აქსესუარებს და სუვენირებს. ბავშები აქტიურად მონაწილეობენ და მიღებული შემოსავლებიდან ანაზღურებასაც იღებენ“, – ამბობს ეკა წულუკიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ერთ-ერთი უცხოური დონორი ორგანიზაციისგან მოიპოვა დაფინანსება, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ, რომელმაც საკუთარ სკოლაში პროექტი „ეთნო რძლები და ჩვენი სოფელი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, სოფელ ჩიბათში შეკრიბეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 19 რძალი. თავისუფალ დროს მოსწავლეები მათ ოჯახებში სტუმობდნენ, ეცნობოდნენ და სწავლობდნენ მათ კულტურას, კულინარიას და ტრადიციებს. დასკვნით ეტაპზე მოეწყო შეხვედრა, სადაც უკრაინული, აზერბიჯანული, სომხური და სხვა ქვეყნების კულინარია იყო წარმოდგნილი, ყველაფერი ბავშვების მონაწილეობით მომზადდა.
დონორის თანხების გარეშე შეძლო ლიტერატურული წრის შექმნა, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა ნათია ფურცელაძემ. მან პირველ ეტაპზე პირადი ბიბლიოთეკა გამოიყენა, მოგვიანებით კი ეს აქტივობა წარმატებულ პროექტად იქცა. „ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ცარიელი ხელებით და ენთუზიაზმით რამის გაკეთება არ შეიძლება, მთავარია მონდომება და მოსწავლეები დიდი სიხარულით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში”, – აღნიშნავს ნათია ფურცელაძე.
არაფორმალური განათლებისადმი მიძღვნილი ღონიძიების მეორე ნაწილში მსმენელების წინაშე განათლების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები წარსდგნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, მათ შორის თავისუფალ გაკვეთილებზე ისაუბრეს.
განათლების სამინისტროს თავისუფალი გაკვეთილების პროექტის კოორდინატორის ეკატერინე მებადურის განცხადებით, პროექტში საჯარო სკოლების თითქმის ნახევარი იყო ჩართული, თუმცა გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
„არაფორმალურმა განათლებამ მსფლიოში მთლიანად შეცვალა განთლების სფეროსადმი დამოკიდებულება. ამას ვერც საქართველო ვერ გაექცევა და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან სკოლას სრულყოფილი განათლების მიცემა შეუძლია. ეროვნული სასაწავლო გეგმა და სკოლა შეიძლება რჩება ძირითად საბაზო განათლების წყაროდ, თუმცა ის ვერ დაიტევს ყველა იმ გამოწვევებს, რასაც 21-ე საუკუნის ეკონომიკა აყენებს. ჩვენ ვამბობთ,რომ სასკოლო ცხოვრება გახდა ერთფეროვანი და მნიშვნელოვანია მისი გამდიდრება. ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა დავიწყეთ სხვადახვა აქტივობების ორგანიზება, მათ შორისაა თავისუფალი გაკვეთილები. თუმცა პროექტი აღმოჩნდა უფრო მეტად ჩვენ მიერ დაგეგმილი, ვიდრე გვსურდა. სკოლებში პროექტების წერის კულტურა ძალზედ არასახარბიელოა. შეიძლება ითქვას რომ კარნახით დაიწერა განაცხადების 60 %-ზე მეტი, რადგან იყო ტექნიკურად გაუმართავი. მიუხედვად ამისა, თითქმის არავინ გაგვიცხრილია, ვინც კი სურვილი გამოთქვა, ყველა დავაფინანსეთ,“ – განმარტავს პროექტის კოორდინატორი.
ეკატერინე მებადურის თქმით, თავისუფალ გაკეთილებთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოტივაციის ნაკლებობა და სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგს შორის კომუნიკაციის ხარვეზები. განათლების სამინისტრო პროექტთან დაკავშირებით კლევას აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგაც 2018 წლის პრიორიტეტები უნდა ჩამოყალიბდეს.
„ჯამში 1150 სკოლის 2929 პროექტი დავაფინანსეთ და მათში 52 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც დიდი ასევე მცირეკონტინგენტიანი სკოლები. მოგეხსენებათ, თავისუფალი გაკვეთილების პროექტს აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება. ვფიქრობდით, პრიორიტეტი გამოიკვეთებოდა რომელიმე სფეროში და 2018 წელს იქ უფრო მეტ თანხას ჩავდებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. რიგ შემთხვევაში გვიწევდა დაძლება, რომ სკოლებს პროექტები წარმოედგინათ. მასწავლებლისთვის კრედიტიც იყო გათვალისწინებული და ფინანსური ანაზღურებაც, იმაზე მეტი ვიდრე ვაუჩერით იღებენ, თუმცა მაინც ენთუზიაზმის ნაკლებობა შეინიშნებოდა.
„ამჟამად ვატარებთ კვლევას პედაგოგებში – თუ რამ გამოიწვია ინტერესის ნაკლებობა. კიდევ ერთი არასახარბიელო ტენდენცია გამოიკვეთა: ჩვენ მიერ არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ ინიციატივა უნდა წამოსულიყო ბავშვისგან და თავისუფალი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო დაგეგმილი ახლებური მიდგომებით. რიგ შეთხვევებში მოხდა კურიკულუმის გადმომღერება. შევამჩნიეთ, რომ პედაგოგთა ნაწილი რასაც აკეთებდა ჩვეულებრივ გაკვეთილზე, იგივეს წერდა პროექტში, რომ აეღო დამატებითი ანაზღაურება. კიდევ ერთი პრობლემა აღმოჩნდა კომუნიკაციის სისუსტე. სამინისტროსგან გასული რეკომენდაციები საერთოდ არ მიდის მასწავლებლებთან, ან მიდის ყურმოკვრით. თავისუფალ გაკვეთილებთან დაკავშირებით ველოდებით კვლევის შედეგებს, რაც გამოიკვეთება, იმის საფუძველზე 2018 წლიდან შევცვლით მიდგომებს“, – განმარტავს ეკატერინე მებადური.
პროექტის კოორდინატორს შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პედაგოგმა ჰკითხა – რამდენად საკმარისად მიაჩნდა თავისუფალი გაკვეთილის ჩატარებისთვს პედაგოგისთვის გამოყოფილი 8 ლარი: „ჩემი გათვლით, სადღაც 50 თეთრად აფასებს სამინისტრო ერთ ბავშვს, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს დაფინანსება და 8–ლარიანი ხელფასი მასწავლებლისთვის?”
სამინისტროს წარმომადგენელმა მასწავლებელს უპასუხა, რომ განათლების სამინისტრო ბავშვებს არ ითვლის და მსგავს აქტივობებს ბევრი პედაგოგი უსასყიდლოდაც ატარებს.
ამავე თემაზე:
„თავისუფალი გაკვეთილების“ 3000-მდე პროექტის დაფინანსებაზე სამინისტრომ 1 900 000 ლარი დახარჯა
მოტყუებული პედაგოგები თუ არასწორი კალკულაცია – თავისუფალი გაკვეთილები 10 ლარად
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება