GE

განათლების სამინისტრო კომპიუტერს დამატებით 4 800 მოსწავლისთვის შეიძენს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონს ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც პირველ კლასში შესვლის ასაკის ერთი თვით გადაწევას ითვალისწინებს, 28 აპრილს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის კომიტეტზე წარმდგენმა, განათლების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ წელს განხორციელებული ცვლილებისთვის ბიუჯეტი განათლების სამინისტრომ უკვე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოიძია.

“ერთი თვით გადაწევით ჩვენ დაგვემატება 5 ათასამდე ბენეფიციარი, 4 800 მოსწავლე და ამდენი მოსწავლისთვის უნდა იყოს სისტემა მზად. აქ დათვლილია და ნანახია რეგიონები, რაიონები, მათი ჩაწერის ადგილი და შესაბამისი მზაობა სწორედ ამ მიმართულებით არის განსაზღვრული. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დეკემბრის ბოლომდე გადაწევას, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი და ამაზე ვმუშაობთ. წლევანდელი ცვლილებით საუბარია 4 800 მოსწავლეზე და შესაბამისი საბიუჯეტო თანხა ჩვენს შიდა რესურსებში არის მოძიებული და ჩვენ მზად ვართ. უფრო კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ ასევე ვაუჩერის თანხა რამდენია განსაზღვრული. რასაკვირველია, ლეპტოპები, რომელიც უნდადახვდეთ ჩვენს ბავშვებს ესეც არის ამ თანხაში – 4 მილიონ 900 ათასზეა საუბარი, რომელიც ჩვენს რესურსებში იქნა გამონახული”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია ჯამური თანხა, თუ რამდენი ლარი დაუჯდება განათლების უწყებას დამატებით 4 800 პირველკლასელის მიღება. მისგან კითხვაზე პასუხის მიღებას EDU.ARIS.GE– კომიტეტზევე შეეცადა, თუმცა, მახარაშვილმა კითხვას ვერ უპასუხა.

ამავე თემაზე:

პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური