GE

განათლების სამინისტრომ 1-6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ “სტუდია მონიტორის” ფილმში არსებული ფაქტების შესწავლის მოტივით, 1-6 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. დოკუმენტური ფილმი გრიფირების პროცესის გაჭიანურებასა და სახელმძღვანელოების შესაძლო ლობირების ფაქტს მიეძღვნა.

როგორც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფილმში ხსენებული, გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ წარმოდგენილი 20–წუთიანი ვიდეო სამხარაულის ექსპერტიზის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

მისივე თქმით, პროცესის დასრულებამდე გრიფირებასთან დაკავშირებული აპელაციების საბოლოო პასუხები არ გამოქვეყნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 1-6კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი ისევ გადავადდება.

“ექსპერტიზას ფილმი არაუგვიანეს 4 ივლისისა გადაეგზავნება გამოსაკვლევად, ასევე ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ უნდა წარვადგინოთ საბოლოო შეფასებები განათლების მინისტრთან აპელაციის სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გრიფირების ბრძანებას ჩვენ ველოდებოდით, რომ მიმდინარე კვირას დასრულდებოდა, რადგან აპელაციის პროცესი დასრულებული იყო ამ განაცხადის  შემოსვლის ეტაპზე და ჩვენ დროებით შევაჩერეთ საბოლოო სააპელაციო შეფასებების გამოქვეყნება, რადგან არსებითად ჩავერთოთ ამ საკითხის განხილვაში“,-განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე საბოლოოდ როდის იქნება ცნობილი გამარჯვებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, მურღულია პასუხობს:

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ბეჭდვის ტენდერი. ამისთვის გამოვიყენეთ რიგი მეთოდები, რომ არ გადავკვეთოდით გრიფირების პროცესს და ეს შესაძლებელია. ტენდერი ლეგიტიმურად არის გამოცხადებული ყველა პრეისკურატის მოდელით, ეს ერთ-ერთი სატენდერო მოდელია, ამიტომ ბეჭდვის მიმართულებით ჩვენ პრობლემებს არ ველით.

„რაც შეეხება გრიფირებას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აპელაციის პროცესი იყო ძალიან ინტენსიური. ზოგადად გრიფირების პროცესი იყო ძალიან რთული ზუსტად იმის გამოც, რომ ამ პროცესში არ არსებობდა მითითება პედაგოგებზე, არ არსებობდა წინასწარ განსაზღვრული გამარჯვებული, ამიტომ ჩვენ გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში გადიან. იყო კითხვები პედაგოგების მხრიდან, იყო პრობლემები, ასევე წიგნების გამოსწორებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები და ვადის გადაწევები, მათ შორის გამომცემლებმა ითხოვეს საკმაოდ დიდი დრო, ამიტომ ჩვენ როდესაც ორიენტირებულნი ვართ შედეგზე, მიგვაჩნია რომ 1-2 კვირის ზედმეტად დახარჯვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლაში უხარისხო წიგნების შეტანა“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ “სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული ფილმი გიორგი მგელაძის ავტორობით:

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური