GE

„განათლების სამინისტრომ პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან 428 მლნ ლარი გახარჯა“ – გიორგი კაკაურიძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რომელიც მან 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, განათლების სამინისტრომ 2021 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან 428 მილიონი ლარი გახარჯა.

„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამურად წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 4 მილიარდ 302 მილიონი ლარის ათვისება, თუმცა ფაქტიური ხარჯი შეადგენს 3 მილიარდ 929 მილიონ ლარს. უწყებების მიხედვით შესრულების მაჩვენებელი რა თქმა უნდა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა საბოლოო ჯამში 90 პროცენტზეა ათვისების მაჩვენებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხით 428 მილიონი ლარია გაწეული ხარჯი და 94 პროცენტია შესრულების მაჩვენებელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში განიხილავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური