GE

„განათლების სამინისტროს პატრონი არ ჰყავს“ – მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია ხაშურში

ხაშურში სოფელ ვაყის მოსახლეობის ნაწილმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს, 12 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლებმა შვილები მეზობელი სოფლის, გომის სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად აღარ გაუშვეს და საკუთარი სოფლის სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია სკოლის ეზოში გამართულ აქციაზე მოითხოვეს.

მათი თქმით, პროსტესტის ასეთ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებისგან ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყება ვაყის სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია და როდის შეძლებენ ადგილობრივი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში სიარულს.

„განათლების სამინისტროს პატრონი არ ჰყავს, თორემ ჩვენი მოსწავლეები გომის სკოლაში არ ივლიდნენ. ამხელა სოფელს სკოლა არ უნდა ჰქონდეს?! ბავშვებს სხვა სკოლაში აღარ გავუშვებთ, ვიდრე ამ სკოლის შენობის განახლების სამუშაოები არ დაიწყება“, – თქვეს სოფელში გამართულ აქციაზე.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს სკოლის ადმინისტრაცია, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-ს რეგიონის ჟურნალისტმა გაარკვია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოლოდინშია, რის შემდეგაც გადაწყდება, ვაყის სკოლის ამორტიზებული შენობას დაანგრევენ, თუ მის ნაცვლად სხვა აშენდება.

ცნობისთვის, ვაყის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე ორი წელია შეწყვეტილია და ადგილობრივებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რა ბედი ელის ავარიულ შენობას. შექმნილი ვითარების გამო, მეორე წელია, რაც 200-მდე ბავშვი განათლებას მეზობელი სოფლის სკოლაში იღებს და აღსანიშნავია ისიც, რომ გომის სკოლაც არანაკლებ ავარიულია. იქაური მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის სოფელ გომის სკოლის შენობაში სიარული საფრთხეს წარმოადგენს.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური