GE

განათლების სფეროს შემოსავალმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი შეადგინა

საგანმანათლებლო სისტემის კვლევაში, რომელიც GALT&TAGGART-ის მიერ ჩატარდა, ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი (მშპ-ის 4.1%) შეადგინა საიდანაც კერძო სექტორის წილი 0.5 მლრდ ლარია.

კვლევის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე 2010-19 წლებში მშპ-ის 3.6%-მდე გასამმაგდა, ეს ინდიკატორი დაბალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც განათლების ხარჯები მშპ-ის 5%-ზე მეტია.

კვლევაში გამოყოფილია განათლების სფეროს სექტორებიც, რომლის თანახმადაც ზოგადი განათლება ყველაზე დიდი ქვე-სექტორია ჯამური ჩარიცხვების 78%-ით (გარდა სკოლამდელი) და შემოსავლების 46%-ით. მოსწავლეების უმრავლესობა საჯარო სკოლებშია კონცენტრირებული. ამავდროულად, კერძო სკოლებში იზრდება, როგორც მოსწავლეების, ისე სწავლის საფასურის მოცულობა, რაც მომხმარებლის აღქმით კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება.

„კერძო სკოლების საშუალო შემოსავალმა 2019 წელს ერთ მოსწავლეზე 3,700 ლარი შეადგინა ასევე კერძო სკოლების წმინდა მოგების მარჟა 2018 წელს 19.7%-ს შეადგენდა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კვლევაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტების სტაბილური რიცხვი და დაბალი ხელმისაწვდომობა აფერხებს სექტორის ზრდას. სწავლის საფასური მძიმე ტვირთია სტუდენტებისთვის, რადგან ისინი ფინანსურად ძირითადად ოჯახებზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება და საკუთარი შემოსავალი მცირეა.

„უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს უმნიშვნელოდ ზრდის და სახელფასო დანამატს მცირედით აუმჯობესებს. დაბალი უკუგების მიზეზები კომპლექსურია: უმაღლესი განათლების სისტემა ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებულებს აწვდის ეკონომიკას, სადაც მოთხოვნა მაღალია დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაბალ ანაზღაურებად პერსონალზე, სკოლისა და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები იღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებებს კარიერის დაგეგმვაში, ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება საჭირო უნარების გამომუშავება. შედეგად, ქართველ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მაღალია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა დასაქმებულების პროფესიებსა და დაკავებულ პოზიციებს შორის და მაღალია თვითდასაქმების დონე”, – ვკითხულობთ GALT&TAGGART-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, 2019 წელს განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, დაფინანსების ნახევარი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს მოხმარდა, 7.5% უმაღლესს და მხოლოდ 2.8% პროფესიულ განათლებას. დანარჩენი ხარჯები განკუთვნილი იყო სკოლამდელი განათლების (15.3%), ინფრასტრუქტურული პროექტების (14.7%), მეცნიერების ხელშეწყობისა (3.4%) და სხვა დამხმარე პროგრამებისთვის (6.5%).

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური