GE

განათლების სფეროში არსებული 5 პოლიტიკა, რომელიც რეალურად არაეფექტურია

მცირერიცხოვანი კლასები, მაღალი სტანდარტები და მეტი ფინანსები, სასკოლო სისტემის „ავადმყოფობების“ განკურნების ეს პოპულარული „წამლები“, არც ისე ეფექტურია, როგორც ბევრს ჰგონია. ამ, ერთი შეხედვით, საკამათო დასკვნამდე განათლების მკვლევარი ჯონ ჰეტი მივიდა. კარიერის მანძილზე ჰეტიმ 1000-ზე მეტი „მეტა-ანალიზის“ ინსპექტირება მოახდინა, რომლის დროსაც შეაფასა განათლების პროცესის გაუმჯობესებისადმი მიმართული სხვადასხვა ინიციატივებს ეფექტურობა. მისმა  კვლევებმა, მსოფლიო მასშტაბით, ჯამში 250 მილიონი სტუდენტი მოიცვა.

კვლევის შედეგად ჰეტიმ გამოავლინა 5 ხშირად გამოყენებადი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლებიც მისი აზრით, კრიტიკული თვალით უნდა გადაიხედოს. ნაციონალური საზოგადოებრივი რადიო – NPR გაესაუბრა ჰეტის, რომელიც ამჟამად ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია, და სთხოვა განემარტა ხუთივე პოლიტიკა, რომელსაც იგი 2015 წლის ნაშრომში „რა არ ამართლებს განათლების სფეროში –  დისტრაქციის პოლიტიკა“ აღწერს.

1.მიღწევების შეფასების სტანდარტები. „თითქოს საფუძვლიანი მოსაზრებაა, დაისახო მინიმუმი სტანდარტები იმისა, რასაც გსურს, შენმა მოსწავლემ მიაღწიოს. ბოლოს და ბოლოს, სკოლებს ხომ იმით ვზომავთ, თუ რამდენი მოსწავლე გადის შედეგებზე. რეალურად კი, ამ მიდგომას ძალიან უსიამოვნო ეფექტი მოაქვს“ – ამბობს ჰეტი. იგი განმარტავს: „სკოლები, რომლებიც იღებენ ბავშვებს სირთულეებითა და გარემოებებით, წარუმატებლები ჩანან. მაშინ, როცა სკოლები, სადაც ისედაც პრივილეგირებული ბავშვები სწავლობენ, წარმატებულები ჩანან მაშინაც კი, თუ ბევრს არაფერს აკეთებენ ამისთვის.“ ჰეტი მიიჩნევს, რომ შეფასებაზე დაფუძნებული მიღწევების სტანდარტის არსებობა შედარებით აზრიანია საწყის საფეხურებზე, ხოლო მაღალ კლასებში  უფრო მეტი მოსწავლე აღმოჩნდება ამ ზღვარის ან ძალიან წინ, ან ძალიან უკან.

ალტერნატივაა: მეტი აქცენტირება თითოეული მოსწავლის განვითარებასა და პროგრესზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი საწყისი პოზიცია აქვს მას სხვებთან შედარებით.

2.მიღწევების შეფასების ტესტები. მაღალშედეგიანი სკოლები და ქვეყნები იმაზე მეტ სტანდარტიზებულ ტესტს არ იყენებენ (თუ არა ნაკლებს), ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებად წარმატებულები არიან.

ალტერნატივაა: შეფასების ისეთი სისტემის გამოყენება, რომელიც მასწავლებელს მომენტალურ შედეგს აჩვენებს და მისცემს ისეთ უკუკავშირს, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს.

3.სკოლის შერჩევა. განათლების სფეროში ბევრი კერძო ინსტიტუცია ამ ფაქტორს კარგად „ყიდის“, როგორც მშობელთა მეტი ჩართულობის და ერთობლივი ზემოქმედების შედეგად სკოლის ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. თუმცა, ჰეტის მიაჩნია, რომ კვლევები, რომელიც მოსწავლეების ეკონომიკურ ფაქტორსაც იღებს მხედველობაში, აჩვენებს, რომ საშუალოდ, კერძო სკოლებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი უპირატესობა საჯარო სკოლებთან შედარებით. იგივე ვრცელდება ჩარტერულ სკოლებზეც.

ჰეტის აზრით, არსებობს არჩევანი, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა მშობლისთვის – პედაგოგების არჩევის საშუალება. შეგეძლოს შენი შვილისთვის საუკეთესო მასწავლებლის შერჩევა, მშობლების ჩართულობის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჰეტი მიიჩნევს, რომ  ამ სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვა სკოლებისათვის დიდი გამოწვევა იქნება.

4.მცირე ზომის კლასი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კამპანიები, როგორიცაა მაგალითად „Class Size Matters” („კლასის ზომა მნიშვნელოვანია“), აქტიურად ლობირებენ იდეას, რომ თითო მასწავლებელზე ცოტა რაოდენობის მოსწავლეების დაშვება წარმატების რეცეპტია. ჰეტის აზრით კი, უცნაურია ამის მტკიცება, მაშინ, როცა შევხედავთ მსოფლიოში ორი მაღალშედეგიანი საგანმანათლებლო სისტემის, იაპონიისა და კორეის მაგალითებს, სადაც კლასის საშუალო სიდიდე 33 მოსწავლეა.

ჯონ ჰეტი ამბობს, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას შესაძლოა ჰქონდეს დადებითი ეფექტი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ჰქონდეს ხელშეწყობა და შესაბამისი ტრენინგი გავლილი, რათა კლასის ზომის შესაბამისად, ეფექტურად იმუშაოს მოსწავლეებთან, მეტი ინდივიდუალური უკუკავშირი დაამყაროს და შეძლოს მოსწავლის წინსვლის რეალური, დეტალური შეფასება.

5.მეტი ფინანსები. კორეა და ფინეთი დიდად უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო გამოცდის, PISA შედეგებით, რომელიც ზომავს მათემატიკის, სამეცნიერო საგნებისა და კითხვის უნარ-ჩვევებს. აღნიშნული ორი ქვეყანა თითო მოსწავლეზე, პირველი კლასიდან მოყოლებული სკოლის დასრულებამდე, 60 000 და 75 000 აშშ დოლარს ხარჯავს, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები ანალოგიურ პერიოდში — 105,000 დოლარს.

ჰეტის მიაჩნია, რომ სკოლის პერიოდისათვის, თითო მოსწავლეზე 40 000 დოლარის გამოყოფა გონივრული ბიუჯეტია. ამაზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში არ დგინდება პროპორციული კავშირი დახარჯულ ფულსა და მიღებულ შედეგებს შორის.

ჯონ ჰეტის წიგნი „Visible Learning Into Action”, გვთავაზობს ალტერნატიულ მეთოდებს, რომელიც მართებულია მსოფლიოს სხვადასხვა სკოლების მაგალითებზე დაყრდნობით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, წიგნში ჰეტი ამტკიცებს, რომ ყველაზე ეფექტური მეთოდები მასწავლებლებს აძლევს საშუალებას უფრო მჭიდროდ იმუშაონ მოსწავლეებთან და შესაბამისად, შეუწყონ ხელი მოსწავლეების მუდმივ და მდგრად განვითარებას.

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემის 7 პრინციპი

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: npr.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური