GE

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემის 7 პრინციპი

„ან ცხოვრებისთვის ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ“.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 3 წელიწადში ერთხელ ატარებს, ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში ცოდნის ყველაზე მაღალ დონეს აჩვენებენ. გარდა ამისა, ისინი არიან პლანეტის ბავშვთა შორის ყველაზე მკითხველი ბავშვები, მათ მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მეხუთე – მათემატიკაში. პედაგოგიური საზოგადოების გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ფინეთში სასწავლო პროცესი დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.

საშუალო განათლება სკოლებში ორ ნაწილად იყოფა:

დაბალი – 1- 6 კლასები.

მაღალი – 7- 9 კლასები.

დამატებით მე-10 კლასში მოსწავლეებს თავიანთი ნიშნების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ, შემდეგ კი ისინი პროფესიულ კოლეჯში ან ლიცეუმში აგრძელებენ სწავლას.

ფინური განათლების 7 პრინციპი:

თანასწორობა

სკოლა.

არ არსებობენ ელიტური და სუსტი მოსწავლეები. ყველაზე მრავალრიცხოვან სკოლაში 960 მოსწავლე სწავლობს. ყველას ერთნაირი სასკოლო აღჭურვილობა და დაფინანსება აქვს. თითქმის ყველა სკოლა არის სახელმწიფოს კუთვნილება. მხოლოდ ათამდე ნახევრადკერძო სკოლაა, სადაც მშობლები იხდიან თანხას შვილების მაღალი საჭიროებებისათვის, როგორიცაა „პედაგოგიური“ ლაბორატორიები. კერძო სკოლებს მიეკუთვნება ის დაწესებულებები, სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, ფინეთში სრულყოფილი განათლების მიღება შესაძლებელია შვედურ ენაზეც.

ადრე, ფინეთში სკოლის არჩევა აკრძალული იყო. ამჟამად ეს აკრძალვა მოხსნილია, მაგრამ მშობლები უპირატესობას ანიჭებენ ახლომდებარე სკოლებს, რადგან ყველა საშუალო სასწავლებელი ერთნაირია.
ფინურ სკოლებში არ არსებობს უპირატესი საგნები. არ ითვლება, რომ ვთქვათ, მათემატიკა მნიშვნელოვანია ხელოვნებაზე. პირიქით, გამონაკლისი, რის გამოც ნიჭიერი ბავშვებისთვის იქმნება კლასები, სწორედ ხატვა, მუსიკა ან სპორტია.

მშობლები.

მასწავლებელს , მოსწავლის მშობლის პროფესიის გაგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია. როგორც წესი, ეს ინფორმაცია დახურულია.

ფინეთში მოსწავლეებს არ ყოფენ უნარების ან კარიერული შესაძლებლობების მიხედვით. არ არიან „ცუდი“ და „კარგი“ მოსწავლეები, რადგან ბავშვების შედარება აკრძალულია. როგორც გენიალური, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ეტლით მოსარგებლე ბავშვები ,ერთნაირად ითვლებიან „განსაკუთრებულად“ და სწავლობენ ერთად. ფინელები ცდილობენ საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრირება მოახდინონ, მათთვის ,ვისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება სჭირდება.

რაც შეეხებათ მასწავლებლებს, ისინი არ ავლენენ განსაკუთრებულ სიყვარულს ან უარყოფით დამოკიდებულებას რომელიმე მოსწავლისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კონტრაქტი წყდება. ფინელი მასწავლებლები ერთნაირად ასრულებენ მენტორის მითითებებს. შრომით კოლექტივში ყველა საგნის პედაგოგი თანაბრად მნიშვნელოვანია.

ფინური პრინციპით, მოსწავლეებისადმი პატივისცემა აუცილებელია. პატარებს პირველი კლასიდანვე ეცნობათ თავიანთი უფლებები, ასევე სოციალურ შრომაში ჩართვის გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მშობლებს აჩვენებს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისი შეურაცხყოფა დაუშვებელია. მასწავლებლის მიერ მოსწავლის დამცირება ფინური შრომითი კანონმდებლობითაც რეგულირდება, რადგან პედაგოგს მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი უფორმდება (გაგრძელების შესაძლებლობით). ხელფასი მაღალია და 2 500-იდან 5 000 ევრომდე აღწევს.

ინვესტორი სახელმწიფო

სწავლის გარდა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება:

კვება;

ექსკურსიები, მუზეუმები და კლასგარეშე საქმიანობები;

ტრანსპორტი, რომელიც ემსახურება ბავშვს, თუ ახლომდებარე სკოლა ერთ კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული საცხოვრებლიდან;

სახელმძღვანელოები, ყველა საკანცელარიო ნივთი, ნოუთბუქები;

ნებისმიერ საკითხში აკრძალულია მშობლის ფინანსური ჩარევა.

ინდივიდუალურობა

ყველა ბავშვისთვის განათლების და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი. ეს ეხება სახელმძღვანელოებს, დავალებებს, დროს, ასევე სასწავლო მასალას. გაკვეთილზე ერთსა და იმავე კლასში, ბავშვები სხვადასხვა სირთულის დავალებებს ასრულებენ და მათი შეფასებაც პერსონალურ დონეზე ხდება. ვინც საშუალო დონის დავალებას მაღალ დონეზე შეასრულებს, შემდეგ დღეს უფრო რთულ დავალებას მისცემენ, ხოლო თუ ვერ გაუმკლავდება, კვლავ მსუბუქი დატვირთვით იმუშავებს მომდევნო დღეს.

ფინურ სკოლებში, ტიპიურ სწავლებასთან ერთად, არსებობს ორი უნიკალური საგანმანათლებლო პროცესი:

1.ხელშემწყობი სწავლება „სუსტი“ მოსწავეებისთვის: რაც ჩვენთან რეპეტიტორებს აკისრიათ, ფინელი მასწავლებლები ნებაყოფლობით ასრულებენ გაკვეთილებს შორის ან მათ შემდეგ.
2.კორექციული სწავლება: მასალის დაუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, მაგალითად, როცა მოსწავლე არ ფლობს ფინურ ენას; აქვს მახსოვრობასთან ან მათემატიკასთან დაკავშირებული პრობლემები ,ტარდება კორექციული სწავლება,რაც მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში ან ინდივიდუალურად.

პრაქტიკულობა

ფინელები ამბობენ „ან ცხოვრებისთვის ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის.

ჩვენ პირველს ვირჩევთ“. ამიტომაც, ფინური სკოლებში გამოცდები არ ტარდება. არსებობს მხოლოდ აუცილებელი ტესტი საშუალო სკოლის დამთავრებისას. სკოლაში მხოლოდ იმას სთავაზობენ, რაც ცხოვრებაში გამოსადეგია. სამაგიეროდ, ბავშვებმა პატარაობიდანვე იციან, რას ნიშნავს პორტფოლიო, კონტრაქტი, საბანკო ბარათი. იციან პროცენტის გამოთვლა, სავიზიტო საიტის შექმნა ინტერნეტში და ა.შ.

ნდობა
სკოლაში მომუშავეთათვის არ არსებობს შემოწმებები, მეთოდისტები. განათლების სისტემა ქვეყანაში ერთიანია, მაგრამ მხოლოდ საერთო რეკომენდაციებს მოიცავს და ყოველი პედაგოგი სწავლების იმ მეთოდს იყენებს, რომელსაც შესაფერისად თვლის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისადმი ნდობა. მაგალითად, თუკი ლიტერატურის გაკვეთილზე ჩართულია შემეცნებითი ფილმი, მაგრამ მოსწავლეს არ აინტერესებს, შეუძლია იკითხოს წიგნი.

ნებაყოფლობითობა
სწავლობს ის, ვისაც უნდა სწავლა. პედაგოგები ცდილობენ მოსწავლის ყურადღება მიიპყრონ, მაგრამ თუ მას ინტერესი და სწავლის სურვილი არ გააჩნია, მოსწავლის ორიენტირება პრაქტიკულ მომავალზე უნდა მოხდეს. ყველას არ შეუძლია ააწყოს თვითმფრინავი, ვიღაცამ ავტობუსი უნდა მართოს.

ფინელები საშუალო სკოლის ამოცანას იმაშიც ხედავენ, აქვს თუ არა აზრი სწავლის გაგრძელებას მაღალ საფეხურზე, თუ სჯობს პროფესიულ სასწავლებელში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ორივე გზა ერთნაირად დაფასებულია.

თითოეული ბავშვის მიდრეკილებების გამოვლენაზე, საუბრისა და ტესტების გზით, მუშაობს სპეციალისტი, რომელსაც „მომავლის მასწავლებელი“ ეწოდება.

საერთო ჯამში, ფინური სწავლების მეთოდი, სკოლებში რბილი და დელიკატურია, მაგრამ სასკოლო რეჟიმის კონტროლი აუცილებელია. გაკვეთილის გაცდენის გამო, შესაძლებელია, მეექვსე კლასის მოსწავლე მეორე კლასის გაკვეთილზე დასვან, მისთვის მოსაწყენ გარემოში, სადაც პატარებისთვის ხელის შეშლა ეკრძალება. დავალებების შეუსრულებლობის და მასწავლებლის შეურაცხყოფისთვის მშობელს არავინ დაიბარებს და არც მოსწავლეს შეურაცხყოფენ. კლასში ჩატოვება კი ფინურ სკოლებში სირცხვილად არ ითვლება, განსაკუთრებით მეცხრე კლასის შემდეგ. ცხოვრებისთვის მომზადება საჭიროა სერიოზულად, ამისთვის არსებობს დამატებითი (არასავალდებულო) მეათე კლასი.

დამოუკიდებლობა
ფინელების რჩევით, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს მთავარი – დამოუკიდებელი, წარმატებული ცხოვრება მომავალში. ამიტომ, ისინი ფიქრს და თვითშემეცნებას ასწავლიან. მთავარია არა დაზეპირებული ფორმულები, არამედ სახელმძღვანელოს, ინტერნეტის და სხვა საჭირო რესურსების გამოყენება მომავალი პრობლემების გადასაჭრელად. ფინელი პედაგოგები
არც მოსწავლეთა კონფლიქტებში ერევიან და აძლევენ მათ შესაძლებლობას, ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის მოემზადონ, დადგნენ საკთარ თავზე მაღლა.

როდის ვსწავლობთ?
სასწავლო წელი ფინეთში აგვისტოში იწყება და მაისის ბოლოს მთავრდება. მის პირველ ნახევარში არსებობს 3-4 დღიანი საშემოდგომო და 2-კვირიანი საშობაო არდადეგები. მეორე ნახევარში კი – ე.წ. სათხილამურო და სააღდგომო არდადეგები. სწავლება ხუთდღიანია, მხოლოდ დღის ცვლაში. პარასკევი“მოკლე დღეა“.

რას ვსწავლობთ?
1-2 კლასი
ისწავლება ფინური ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, რელიგია (რწმენის მიხედვით) ან ცხოვრებისეული კონცეფცია (არარელიგიურთათვის), მუსიკა, ხატვა, შრომა და ფიზკულტურა. რამდენიმე დისციპლინის სწავლა ერთ გაკვეთილზეა შესაძლებელი.

3-6 კლასი
იწყება ინგლისური ენის შესაწავლა. მეოთხე კლასიდან კი, დამატებითი არჩევანია: ფრანგული, შვედური, გერმანური ან რუსული. ასევე არის არჩევითი საგნები, რომლებიც ყველა სკოლას თავისი აქვს. ეს შეიძლება იყოს სწრაფი ბეჭდვა კლავიატურაზე, სიმღერა და ა.შ. თითქმის ყველა სკოლაში ისწავლება სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

მეხუთე კლასიდან ემატება ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ისტორია. 1-6 კლასებში ყველა საგანს ერთი პედაგოგი ასწავლის. ფიზკულტურის გაკვეთილების შემდეგ, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობებს მოიცავს, აუცილებელია შხაპის მიღება. ლიტერატურის სწავლება არ მიმდინარეობს, მას კითხვის ხასიათი აქვს.

7-9 კლასი
ისწავლება ფინური ენა და ლიტერატურა, შვედური, ინგლისური, მათემატიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ჯანმრთელობის საფუძვლები, რელიგია, მუსიკა, ხატვა, ფიზკულტურა, არჩევით საგნები, შრომა (ბიჭებისა და გოგონებისთვის ცალ-ცალკე გამოყოფილი არაა). მეცხრე კლასში ,2 კვირა ეთმობა შრომითი ცხოვრების გაცნობას, სადაც ბავშვები მათთვის საინტერესო სამუშაო ადგილებზე მიდიან.

ვის სჭირდება ნიშნები?
ქვეყანაში მიღებულია ათბალიანი სისტემა, მეშვიდე კლასამდე კი სიტყვიერი შეფასება გამოიყენება: საშუალო, დამაკმაყოფილებელი, კარგი და ძალიან კარგი.

ყველა სკოლა ჩართულია სახელმწიფო ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ელექტრონული სასკოლო დღიურივითაა. მშობლები სარგებლობენ პირადი კოდით, რომლითაც მასწავლებლის, ფსიქოლოგის და სკოლის სხვა თანამშრომლების მიერ დაწერილ შეფასებებს ეცნობიან. ნიშნებს ფინურ სკოლებში დამსჯელი ფუნქცია არ გააჩნია და თავად მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად გამოიყენება. ეს არანაირად არ აისახება მასწავლებლის და სკოლის რეპუტაციაზე.

სასკოლო ცხოვრების წვრილმანები :
სკოლის ტერიტორია შემოღობილი არ არის და შესასვლელში დაცვა არ დგას; სკოლების უმეტესობას, ავტომატური კარი აქვს და შესვლა შესაძლებელია მხოლოდ გრაფიკის მიხედვით;

მოსწავლეებს, მერხებთან ჯდომის გარდა, შეუძლიათ ხალიჩაზე დასხდომა, ზოგიერთ სკოლაში არის დივნები და სავარძლებიც;

არ არსებობს სასკოლო ფორმები და არანაირი მოთხოვნა სამოსთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, მოითხოვება ფეხსაცმლის გამოცვლა;

თბილ ამინდში ,გაკვეთილები ხშირად სუფთა ჰაერზე, პირდაპირ ბალახზე ან ამფითეატრის მსგავს გარემოში. გარდა ამისა, ყოველი შესვენების დროს, უმცროსკლასელები აუცილებლად გაჰყავთ გარეთ 5-10 წუთით;

საშინაო დავალებებს იშვიათად აძლევენ. ბავშვმა უნდა დაისვენოს და არც მშობელია ვალდებული, მოამზადებინოს მას გაკვეთილები. ამის ნაცვლად, პედაგოგები ოჯახებს მუზეუმში, ტყესა ან აუზზე წასვლის რეკომენდაციას უწევენ;

ბავშვებს დაფასთან გასვლა და ტექსტების დაზეპირება არ მოეთხოვებათ. მასწავლებელი მოკლედ იძლევა გაკვეთილის ზოგად ტონს და შემდეგ ეხმარება მოსწავლეებს დავალების შესრულებაში. ამას აკეთებენ ასევე დამხმარე მასწავლებლებიც, რომლებიც ფინურ სკოლებში მუშაობენ;

მოსწავლეები რვეულში ფანქრით წერენ და წაშლა არაერთხელ შეუძლიათ. გარდა ამისა, ფანქრით ასწორებს დავალებებს პედაგოგიც.

ასე გამოიყურება ფინური საშუალო განათლება. შესაძლოა, ვინმეს ის არასწორი ეგონოს. ფინელებიც არ გამორიცხავენ, რომ ყველაფერ კარგში შესაძლებელია მინუსების პოვნა. ისინი მუდმივად იკვლევენ, რამდენად შეესაბამება სასკოლო სისტემა საზოგადოებრივ ცვლილებებს.

ფინური სკოლა მთავარს ნამდვილად აკეთებს – მათ ბავშვებს არ აწუხებთ ნერვული დაძაბულობა ღამით, არ ოცნებობენ სწრაფად გაზრდაზე, არ სძულთ სკოლა, არ ტანჯავენ საკუთარ თავსა და ოჯახს მორიგი გამოცდისთვის მზადებისას. მშვიდად, გააზრებულად და ბედნიერად კითხულობენ წიგნებს, უყურებენ ფილმებს ფინური თარგმანის გარეშე, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, დადიან ველოსიპედით, უსმენენ მუსიკას, მღერიან და ხარობენ სიცოცხლით. ამ ყველაფერთან ერთად, ასწრებენ სწავლას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური