GE

„განათლების სისტემა იმაზე მეტად, ვიდრე კორონავირუსამდე იყო, ვეღარ დაზიანდება“ – გიორგი გახელაძე

კორონავირუსმა განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები ცხადი გახადა და ნაკლოვანებები ზედაპირზე ამოატივტივა. ყველასთვის ცალსახაა, რომ სისტემა, რომელიც მსგავსი სიტუაციისთვის მზად საერთოდ არ იყო, ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში მოხერხდება ქვეყანაში სწავლის აღდგენა და ჩვეულ რიტმში დაბრუნება, შესაბამისად უცნობია ის ზიანიც, რაც განათლების სფეროსა თუ ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს მიადგებათ. უცნობია რამდენად ჩამოშლილი სისტემა შეგვრჩება ხელთ მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მეთაურიც კი ღიად ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მარტივად რომ ვთქვათ, განათლებისთვის არავის „სცხელა“.

ამ ყველაფერზე განათლების სფეროს სპეციალისტთან, გიორგი გახელაძესთან ვისაუბრეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ თუკი შევძელით და კორონავირუსისაგან მიღებული გაკვეთილით ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ, მაშინ შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ვირუსმა, ამ მხრივ, დადებითი როლი ითამაშა.

გიორგი გახელაძე: კორონავირუსმა, საქართველოსა და არა მხოლოდ საქართველოში, აჩვენა ის სისუსტე, რაზე მსჯელობაც მსოფლიოში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და რისი სასწრაფოდ კეთების აუცილებლობის წინაშეც დავდექით – დისტანციური სწავლება. თანამედროვე ციფრულ სამყაროში დისტანციური სწავლისა და შესაბამისად, თვითრეგულირებადი სასწავლო გარემოს ხელშეწყობის საკითხს, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, დღემდე, ნაკლებად სერიოზულად უყურებდნენ. მიიჩნევდნენ, რომ დისტანციური სწავლა რეალური სწავლა არაა. ეს მიდგომა მსოფლიოს დიდმა ნაწილმა აჩვენა, თუმცა, ახლა, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამას მეტი სერიოზულობით ეკიდებიან, საკითხს უფრო სწრაფად წყვეტენ. ჩვენ კი, დისტანცური განათლების კომპონენტის ამუშავებისთვის ნაკლები მზადყოფნა გამოვავლინეთ.

ეს, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პრობლემას უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ განათლებისათვის, არამედ ეკონომიკისთვის, საჯარო სერვისებისა და ბევრი სხვა რამისთვისაა ძალიან კარგი. ჩვენ აქაც მაჩანჩალები აღმოვჩნდით. ეს განათლების სისტემასაც დაეტყო და ამიტომაც თქვა პრემიერმა, რომ ჩვენი ოჯახების დიდ ნაწილს ინტერნეტხელმისაწვდომობა არ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა მხოლოდ ერთი – ინფრასტრუქტურული პრობლემა, რამაც განათლების სისტემა, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში და არა მხოლოდ ექსტრემალურ ვითარებაში, კრიზისის პირას აღმოაჩინა.

მეორე ისაა, რომ ინფრასტრუქტურა რომც გვქონდეს, იმ ადამიანური რესურსის კომპეტენცია და კვალიფიკაცია, რომელსაც შეუძლია იგი გამოიყენოს და მართოს (აქ ძირითადად პედაგოგები იგულისხმებიან,) დაბალია. ეს აქამდეც ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადამიანებს, იქაც კი, სადაც ინტერნეტ ინფრასტუქტურა არის, ეს საქმე უჭირთ. ეს ასეა განათლების ყველა საფეხურზე, ამას ხაზგასმით ვამბობ და ეს უმაღლესებსაც ეხებათ.

მესამე და ყველაზე მთავარი – განათლების სისტემის მოუქნელობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ ჰიპერ ცენტრალიზებული განათლების სისტემა გვაქვს, რომელიც ასეთ კრიზისულ ვითარებებზე მოქნილად ვერ რეაგირებს. გარემოებებების ცვლილებებთან ერთად გადაწყობა ძალიან ძნელად ხდება. სხვათა შორის, ეს პრობლემა ასახულია თუნდაც კორონავირუსის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ნაწილშიც: ჩვენ ვხედავთ, რომ დიაგნოსტიკა სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებული და მონოპოლიზირებულია და შესაბამისად, ადამიანების, ბევრ ადგილას, ერთდროულად ტესტირება ვერ ხდება, რადგან სხვა ლაბორატორიებს, გარდა სახელმწიფოს დაქვემდებარებული ლაბორატორიებისა, ეს შეზღუდული აქვთ.

ანალოგიური მოუქნელობა სჭირს ჩვენს ცენტრალიზებულ განათლების სისტემასაც. დისტანციური სწავლების ორგანიზების მთელი ტვირთი დაწოლილია ემის-ზე (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა). ამ ცენტრალიზაციამ ხელი შეუშალა უმაღლეს განათლებასა და უნივერსიტეტებს იმ ნაწილში, რომ დისტანციური ონლაინ განათლება სრულად აღიარებული არ არის. რამაც ჩვენს უნივერსიტეტებში შეაფერხა ონლაინ, სინქრონული თუ ასინქრონული ელექტრონული სწავლების გამოცდილების დანერგვა და დღეს უნივერსიტეტები თავად სწავლობენ როგორ ასწავლონ ასე. არადა, უმაღლეს განათლებაში ეს უკვე დანერგილი რომ გვქონოდა, უნივერსიტეტები, ემის-თან ერთად, სკოლების დამატებითი დამხმარეები გახდებოდნენ.

მოკლედ, სისუსტე ვაჩვენეთ ინფრასტრუქტურული პრობლემის გამოც, ადამიანური რესურსის კომპეტენციის მხრივაც როგორც სასკოლო, ისე უმაღლეს განათლებაში და რაც მთავარია, ჰიპერ ცენტრალიზებული, მოძველებული, ხრონგი განათლების მართვის სისტემის გამო, რომელმაც შეაფერხა უნივერსიტეტებისა და სკოლების განვითარება, რათა მათ სწრაფად მოეხდინათ რეაგირება ცვალებად გარემოზე.

-როგორ ფიქრობთ, ყველაფრის დასრულების შემდეგ რამდენად ჩამოშლილი სისტემა შეგვრჩება ხელთ, რა დონის ზიანი შეიძლება მიადგეს მას, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციას ასეთი მოუმზადებელი დახვდა? საიდან იქნება საჭირო სამუშაოს დაწყება, რისი გაკეთება მოუწევს ხელისუფლებას პირველ რიგში?

-განათლების სისტემაში დღეს რა ვითარებაც გვაქვს, უფრო სწორად რა განუვითარებლობა და ჩამოშლაც გვაქვს საქართველოში, მასზე კორონავირუსის ეფექტი და ზეგავლენა მინიმალურია. ანუ, იმაზე მეტად არ დაზიანდება, ვიდრე კორონავირუსამდე იყო. უფრო სწორედ – ვეღარ, ამაზე მეტად განათლების სისტემა ვეღარ დაზიანდება. შესაბამისად, კორონავირუსის ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული ზეგავლენა ჩვენი განათლების ხარისხზე მინიმალური იქნება. დადებითი გავლენაც კი ექნება, რადგან ექსტრემალური ვითარების გამო, გაჩნდება კუნძულები და გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებთან დამოუკიდებლად, თვითრეგულირებად სასწავლო გარემოში, დისტანციურ განათლებას, საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დაეუფლებიან. კორონავირუსის ჭირი ამ ხეირად გვექცევა – ადამიანები დისტანციურ განათლებაში მეტად გაიწაფებიან და გამოცდილება შედარებით მოკლე დროში დაგროვდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება გასაკეთებელი ამ სიტუაციის გადავლის შემდეგ, იქნება ის, რასაც მანამდეც ვამბობდით მეც და ჩემი კოლეგებიც – პირველ რიგში განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც გნებავთ პირისპირ სწავლებისათვის, გნებავთ დისტანციური სწავლებისათის, ზოგადად, სწავლების ხარისხისათვის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის, აუცილებელი პირობაა. განათლების არც ერთი ცენტრალიზებული სისტემა არ მოქმედებს ეფექტურად. ამით თუ არ დავიწყეთ, მცირე ტაქტიკური ცვლილებები შედეგს არ მოიტანს. თუ ჩვენი საზოგადოება ამ ვირუსიდან ასეთ გაკვეთილს გამოიტანს, კარგი იქნება.

-და როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ამას, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვითარებაში განათლება პრიორიტეტულ სფეროებში პრემიერის მხრიდანაც კი არ დასახელდა?

-ის, რომ ამ სიტუაციაში განათლება პრიორიტეტულად არ დასახელდა, გასაკვირი არ არის. განათლება როგორც მთავრობის, ისე საზოგადოებისთვის პრიორიტეტული არც აქამდე იყო. ამაზე ნათლად მეტყველებს ის გამოკითხვები, რომლებიც ხშირად ტარდება და განათლება პრიორიტეტების პირველ ხუთეულში ვერა და ვერ აღმოჩნდა. ეს ღარიბი ქვეყნის პრობლემაა.

-ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს განათლების სისტემას კორონავირუსის გამო, როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ამ სისტემით მოსარგებლე ადამიანებს – სტუდენტებს, მოსწავლეებს? 

-თუ ამ ყველაფრის გადავლის მერე, სემესტრის დასასრულისათვის ჩვენმა სუპერ-ბუპერ-ჰიპერ ცენტრალიზებულმა სისტემამ თქვა, რომ გამოცდები კვლავ ივლისში იქნება, რა თქმა უნდა, აბიტურიენტები კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ და ა.შ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლებები, ბოლო ოცი წელია, განათლების სისტემას უყურებენ როგორც ელექტორალურ სისტემას. წლევანდელ საარჩევნო წელს მთავრობა თავის სადავეებში არსებულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, ადამიანების ასაჯანყებლად და უკმაყოფილების დასათესად არ გამოიყენებს. მოიფიქრებენ რაღაცას – გადადებას, გადავადებას, შეღავათებს და ა.შ. ესაა და ეს.

ასე რომ, აბიტურიენტები აღმოჩნდებიან კრიტიკულ სიტუაციაში, ისინი არიან მოწყვლადი ჯგუფი, თორემ დანარჩენების თავს არც არაფერი იქნება ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. ნაწილს ეშველება იმით, რომ თუ გაუმართლათ და შეხვდათ ისეთი სკოლა, მასწავლებელი, უნივერსიტეტი, რომლებიც უფრო მალე გადაეწყობიან დისტანციურ სწავლა-განათლებაზე და ამას აითვისებენ, შეიძენენ გამოცდილებას, რაც ძალიან კარგია, რადგან ადამიანები ამის გემოს რომ გაიგებენ, მერე მოთხოვნაც გაჩნდება.

ესაუბრა თაკო მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური