GE

„განდევნები“ – ახალი ქართული თარგმანი ეკონომიკის მიღმა დარჩენილთა შესახებ

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს პროფესორ სასკია სასენის წიგნს „განდევნები“ (Saskia Sassen – Expulsions).

პროექტი ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობას და ალტერბრიჯს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

„განდევნების“ ქართული თარგმანის გამოცემა აპრილის ბოლოს იგეგმება. წიგნი ალტერბრიჯის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭანტურიამ თარგმნა.

მთარგმნელის თქმით, წიგნი ეხება პროცესებს, რომლებმაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფების განდევნა გამოიწვია ეკონომიკის სივრციდან. წიგნის შინაარსის გააზრება და ქართულად თარგმნა კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების მაგალითების და გამოცდილების გააზრებისთვის და ჩვენს რეალობაში არსებული მრავალი პრობლემის გადაჭრის გზის გასააზრებლად.

„წიგნი, რომელიც ვთარგმნე, 2015 წელს გამოიცა. ის ეხება პროცესებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების და პირობების გამო, ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფების განდევნა გამოიწვია ეკონომიკიდან და სასიცოცხლო სივრციდანაც კი, იქნებიან ესენი ლტოლვილები, ეკომიგრანტები, ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული მიგრანტები თუ სხვა. რაც შეეხება ამ თარგმანის მნიშვნელობას, პირველ რიგში, სამყარო დღეს ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ყველა სახელმწიფო ერთმანეთზე ახდენს გავლენას – კარგსაც და ცუდსაც. შესაბამისად, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, ადრე თუ გვიან საქართველოშიც გადმოდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად პრობლემების გააზრება ვიწრო სპეციალობების ჩარჩოდან ხდება, პრობლემას კი სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ, რაც უკეთ დაგვანახებს მის არსს. მსოფლიოს გამოცდილების, ცოდნის აღება და შემდეგ მისი გათვალისწინება – ეს იყო ჩვენთვის ამ წიგნის თარგმნის მთავარი მიზეზი “, – განუმარტა EDU.ARIS.GE-ს თარგმანის ავტორმა გიორგი ჭანტურიამ.

ალტერბრიჯისა და წიგნის ავტორის, სასკია სასენის თანამშრომლობა წელიწადია გრძელდება და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შედგა ორი საინტერესო ონლაინ საუბარი სასკია სასენს, გიორგი ჭანტურიასა და გოგიტა ჭანტურიას შორის, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წელს დაგეგმილია სასკია სასენის კიდევ ერთი წიგნის თარგმნა ქართულ ენაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური