დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
„წინა წლისგან განსხვავებით, ჩვენ წელს უფრო მეტი გამოსაცდელი პირი გვყავს რეგისტრირებული“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში, 2026 წლის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდებისათვის რეგისტრაციის შედეგები ასეთია:
„ცენტრის მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაცია კი 29 000-ზე მეტმა პირმა გაიარა“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ წელს არსებული მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, აპლიკანტებმა თავი დაიზღვიონ და მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამა არ აირჩიონ. ამისთვის კი მათ დრო აგვისტოს შუა რიცხვებამდე ექნებათ.
„მთავარი რჩევა ცენტრის მხრიდან არის ის, რომ აბიტურიენტებმა არჩევანი არ გააკეთონ მხოლოდ ერთ პროგრამაზე. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი არჩევანს აკეთებს მხოლოდ კონკრეტულად ერთი უნივერსიტეტის ერთ პროგრამაზე და არ უთითებს ჩამონათვალში სხვა პროგრამებს. შეუძლია, პირობითად ასი პროგრამაც კი მონიშნოს, თუ ის საგნები, რომლებიც მას აქვს არჩეული იმ პროგრამებზე ჩასაბარებლად საკმარისია. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ, გამომდინარე იქიდან, რომ წელს საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი არის დარეგისტრირებული, მათ შორის ისინი, რომლებიც მოქმედი სტუდენტები არიან და ეს ასევე კონკურსს განაპირობებს. შესაბამისად, უმჯობესია, რადგან ამაში შეზღუდულები არ არიან, აბიტურიენტები მხოლოდ ერთი პროგრამით არ შემოიფარგლონ და მაქსიმალური რაოდენობა მონიშნონ როგორც საბაკალავრო პროგრამების, ასევე, შეუძლიათ დაამატონ პროფესიული პროგრამებიც, რომ რაღაცნაირად თავი გადაიზღვიონ ამ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წელს“, – განაცხადა თამარ მემანიშვილმა.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როგორ გაარჩიოს აბიტურიენტმა, ცნობარში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტის არჩევანის რიგითობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – NAEC განმარტავს რას ეფუძნება უნივერსიტეტებში ჩარიცხვა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე